„კიევის ცენტრი და მნიშვნელოვანი ქალაქები შესაძლოა უმოწყალოდ დაბომბონ“
თამთა ჩაჩანიძე
02.06.2025

უკრაინის უპრეცედენტოდ მასშტაბურ 1-ელი ივნისის სპეცოპარაციას კრემლის მაღალჩინოსნების სიტყვიერი მუქარა მოჰყვა. რა ქმედითი ნაბიჯებია მოსალოდნელი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რუსული დანაკარგი სერიოზულია, რის აღდგენის პერსპექტივა დღეს არ აქვს, ასევე რეპუტაციის თვალსაზრისით ესაა "სახეში შემოლაწუნება" პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის და მოლოდინია, რომ პასუხი შეიძლება "მტკივნეული" იყოს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ოპერაციისთვის მზადება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და უკრაინულ მხარეს ის რისკებიც ექნება გათვლილი, რაც შეიძლება ამ სპეცოპერაციას მოჰყვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 1-ელ ივნისს უკრაინის ძალები თავს დაესხნენ რუსეთის აეროდრომებს, რომელსაც უწყება "ტერორისტულ აქტს" უწოდებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მასშტაბური დარტყმა წინ უსწრებდა 2 ივნისის რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს".

ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის არ მიუწოდებია "არც ერთი დონის, თუნდაც მცირე სახის სადაზვერვო ინფორმაცია რუსულ სამხედრო ავიაბაზებზე დრონებით შეტევის მოსამზადებლად"

რა ტიპის ოპერაცია ჩაატარა უკრაინამ

გენერალი ვახტანგ კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის იერიში სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება სპეცოპერაციად ჩაითვალოს, რადგან რუსეთს დიდი სამხედრო დანაკარგი და რეპუტაციული ზიანი აქვს.

"სამხედრო თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს განხილული სპეციალური ოპერაციის რანგში. დაახლოებით იმ დონისაა, "მოსადმა", რომ "ჰეზბოლას" პეიჯერები აუფეთქა, თუმცა, ეს გაცილებით მასშტაბურია. რუსეთმა შორეული ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენები დაკარგა და დაკარგა შორეული დაზვერვისა და აღმოჩენის თვითმფრინავები, ესაა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი, რადგან ეს თვითმფრინავები იყვნენ განკუთვნილნი ბირთვული იარაღის გადასატანად და მათი აღდგენის საშუალება არ აქვს, რადგან სხვაგან იყო დამზადებული, ზოგი უკრაინაში, ზოგი სად.

"მთელს მსოფლიოს აჩვენეს რუსეთის ბირთვული ტრიადის ფუყე დაუცველობა, მასზე ალბათ დასავლეთსაც ჰქონდათ რეაქცია, რადგან დასავლეთი აცხადებდა, რომ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების გასაუვნებელყოფად, მათ არ დასჭირდებოდათ ბირთვული იარაღი და ფაქტიურად ეს გამოჩნდა ამით.

"კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ პუტინს კიდევ ერთხელ სახეში გაულაწუნეს მოლაპარაკების წინა დღეს და ის დარტყმები, რასაც რუსეთი ატარებდა უკრაინაში, ხალხის ხოცვა და ა.შ. სარკისებურად მოუტრიალეს",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა რუსეთისთვის მასშტაბური ზიანი, როგორც სამხედრო, ისე რეპუტაციული თვალსაზრისით.

"რუსეთისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური. გამოჩნდა, რომ 17.6 მლნ კვადრატულ კმ-იანი რუსეთის ტერიტორიიის არცერთი მეტრი დაცული არაა და შესაძლებელია, რომ სადაზვერვო დივერსიულმა ჯგუფებმა რუსეთის სიღრემში შეაღწიონ.

ვგულისხმობ არა მხოლოდ 1-ელი ივნისის ოპერაციას, არამედ მანამდე ვლადივასტოკსაც კი დაარტყეს, რომელიც უკიდურესი ქალაქია აღმოსავლეთში, ასევე ირკუტსკსაც მისწვდნენ და ამ მხრივ გამოჩნდა, რომ უკრაინას გააჩნია არა მარტო სამხედრო პოტენციალი, არამედ სადაზვერვოც. სამხედრო დიდი ზიანის გარდა, პოლიტიკურად და რეპუტაციულად რუსეთისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა",- განაცხადა ჩიტაძემ.

რა იქნება რუსეთის პასუხი

გენერალი ვახტანგ კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სპეცოპერაციის საპასუხოდ რუსეთისგან მტკივნეული დარტყმებია მოსალოდნელი უკრაინის დიდ ქალაქებზე, თუმცა, ბირთულ იარაღს გამორიცხავს.

"რუსეთის და პუტინის ავადმყოფური პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, პასუხი ალბათ იქნება. შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება მტკივნეული დარტყმა მიაყენონ უკრაინას, ბირთვულ იარაღს გამოვრიცხავ, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ კიევის ცენტრი და მნიშვნელოვანი ქალაქები უმოწყალოდ დაბომბონ.

"ბალისტიკური შესაძლებლობები, რომელსაც ის პერიოდულად იყენებს, ახლა შეიძლება მასიურად გამოიყენოს უკრაინული ქალაქების, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"თუმცაღა, როცა კეთდება ოპერაცია, რისკებიც განიხილება და მისი გათვალისწინება ხდება, ეს რისკი შეიძლება იყოს, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო, ეს გათვალისწინებული იქნებოდა უკრაინის მხრიდან.

ნუ გამოვრიცხავთ დასავლეთის დახმარებას ამ ოპერაციის მომზადებაში, ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო უზრუნველყოფას, აეროკოსმოსური გადაღებების სურათებს და ა.შ. ასევე იმედია, რომ დასავლეთი შეეცდება დაეხმაროს უკრაინას გაბრაზებული პუტინის პასუხის მოგერიებაში",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთისგან პასუხი მოსალოდნელია, როგორც საჰაერო იერიშის მხრივ, ისე სახმელეთო ოპერაციის.

"სარაკეტო დარტყმების მცდელობა იქნება, არაა გამორიცხული სახმელეთო ოპერაციაც, თუმცა მეორეს მხრივ აცხადებენ, რომ ეს რუსული გეგმა ჩაიშალა. მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება, მათ შორის შესაძლოა შეტევა ბელარუსიდან, რადგან იქ გარკვეულ ძალებს აგზავნის რუსეთი. რუსეთი ყოველთვიურად თავის სამხედრო შემადგენლობას 30 ათასით ზრდის და ის გამოფიტვაზე მუშაობს.

"ამასთან, რუსეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 200%-ით გაიზარდა, ეს შეადგენს დაახლოებით 45 მილიარდ დოლარს, ამ დეფიციტის შესავსებად რუსეთს ნაკლები თანხა რჩება. ვგულისხმობ, ეროვნული კეთილდღეობის ფონდს, რაშიც ომამდე რუსეთს 150 მილიარდი დოლარი ჰქინდა აკუმულირებული და დღეს იქ დარჩა დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი, ახლა რუსეთი ცდილობს სახმელეთო ოპერაციით უფრო დიდი ტერიტირია დაიკავოს, სანამ დიდი ეკონომიკური კრიზისი შეექმნება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

უკრაინის სპეცოპერაციის გეგმის დეტალები და რუსეთის მუქარა

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია "ობობას ქსელის" დროს 117 დრონი გამოიყენეს, რომლებსაც ამდენივე ოპერატორი მართავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი" რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე"-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს.

მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ.

„ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინული დრონების მიერ რუსეთზე 1-ელ ივნისს განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებს მუქარით პასუხობს.

"ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთში დასრულდება... პასუხი უბრალოდ ასიმეტრიული არ იქნება. ის გამანადგურებელი იქნება. ვიცით, სად იღებენ გადაწყვეტილებებს, სად სხედან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ ბრძოლა სხვისი ხელით შეუძლიათ. დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა. ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და ზუსტი განადგურება. დაე ილოცონ. თუმცა მათ არავინ დაეხმარება. არც ნატო, არც ეშმაკი",- აცხადებს მედვედევი.

რა დანაკარგი განიცადა რუსულმა ავიაციამ

უკრაინის უშიშროების ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაცია რუსეთის ფედერაციის ზურგში მდებარე ოთხი სამხედრო აეროდრომის ერთდროულად განადგურების მიზნით. დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგად მისი ტქმით, განადგურდა 41 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის ა-50, ტუ-95, ტუ-22 მ3 და ტუ-160.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამზადებდა სპეცოპერაცია „ობობას ქსელს".მალიუკის თქმით, სპეცოპერაცია ერთდროულად სამ სასაათო სარტყელში მიმდინარეობდა და ლოჯისტიკური თვალსაზრისით უკიდურესად რთული იყო.

„თავდაპირველად, უშიშროების სამსახურმა რუსეთში FPV დრონები გაგზავნა, შემდეგ კი მობილური ხის სახლები. დრონების სამალავი სახლების სახურავების ქვეშ იყო, რომლებიც სატვირთო მანქანებზე იყო განთავსებული. საჭირო მომენტში, სახლების სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები კონკრეტული სამიზნეების - რუსული ბომბდამშენებზე დასატრყმელად გაფრინდნენ", - განაცხადა მალიუკმა.

მისი თქმით, უკრაინა კანონიერ სამიზნეებზე მუშაობდა - სამხედრო აეროდრომებსა და თვითმფრინავებზე, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ უკრაინაში.

„ჩვენი მხრიდან, რუსეთის ფედერაციის რეალური დემილიტარიზაცია მიმდინარეობს, ჩვენ სამხედრო სამიზნეებს ვანადგურებთ. ჩვენი დარტყმები ზუსტად იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთის ფედერაცია უკრაინელებს რაკეტებითა და "შაჰედებით" ატერორებს", - დასძინა მალიუკმა.

ამის პარალელურად, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ცხრა რეგიონში "162 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს". მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 57 დრონი კურსკის ოლქში მოიგერიეს.

ამასთან, 31 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 27 - ლიპეცკის ოლქში, 16 - ვორონეჟის ოლქში, 11-11 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკისა და რიაზანის ოლქებში, 6 - ორიოლში, ერთი ტამბოვში და ორი - დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ ოლქში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ასევე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ვორონეჟის ოლქში, დრონი ელექტროგადამცემ ხაზს დაეცა, რის შედეგადაც სადენები გაწყდა. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×