
მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ არაერთ გამოწვევას გაუძლო, გადალახა მკვეთრი გაუფასურების პერიოდიც, რამდენიმე დიდი რყევა და დღეს დაახლოებით იმ ნიშნულზეა, როცა მისი სტაბილურობის დიაპაზონი მიღწეულია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მიმდინარე პერიოდშიც მკვერი ცვლილება აღარ ფიქსირდება. მართალია, ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარია, რომ ლარმა პოლიტიკური დაძაბულობას საკმაოდ ადვილად გაუძლო.
როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, საფრთხე არც საშუალოვადიან პერიოდში იკვეთება. დიდი ალბათობით, კურსი 2,70-2,78 დიაპაზონში იმერყევებს. წინ ტურისტული სეზონია და სავალუტო შემოდინებებიც მაღალ ტემპს ინარჩუნებს, რაც გაცვლით კურსზე დადებითად აისახება.
შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას აქცენტები სწორედ საბანკო სფეროს სტაბილურობაზე კეთდება. ლარის შემოღების 30 წლის აღსანიშნად საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში გამართულ პრესკონფერენზიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი.
,,ლარის საიუბილეო წელს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი ლიდერი არა მარტო რეგიონში არამედ კონტინენტის მასშტაბით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ კი ლარის ისტორიასა და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თანამედროვე გამოწვევებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ბანკები ფასების ზრდასა და ინფლაციას ებრძვიან.
,,მზარდია გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეიარაღებული კონფლიქტები, გადავიტანეთ კოვიდპანდემია. ამას მოჰყვა გლობალური დაპირისპირება და მათ შორის რუსეთი-უკრაინის ომი. ასევე სავაჭრო დაძაბულობა დაემატა. შესაბამისად, რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით”, – აღნიშნა თურნავამ.
რაც შეეხება სექტორის შეფასებას, სპეციალისტების თქმით, ლარი არის სავალუტო ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი საქართველოში, რომელმაც გაამართლა და თავის მისიას მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებს.
30 წლის ლარს დღეს საკმაოდ კარგად უჭირავს თავი. ახლო და საშუალო პერიოდში არანაირი საფრთხე არ იკვეთება. ფინანსისტმა ლია ელიავამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ზაფხულში ლარი ტრადიციისამებრ გამყარდება ან არსებულ სტაბილურობას შეინარჩუნებს.
,,1995 წელს საერთაშორისი სავალუტო ფონდის მითითებით და მისი უშუალო ძალისხმევით შემოღებული ლარი საკმაოდ წარმატებული პროექტად იქცა. გარკვეული ჩავარდნების მიუხედავად, ლარი სრულიად ასრულებს ეროვნული ვალუტის ფუნქციას, თუ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ, რომ ლარი საქართველოში რაოდენობრივად უფრო ნაკლებია, ვიდრე მიმოქცევაში არსებული უცხოური ვალუტა. ეროვნული ვალუტა არის ყველა ქვეყნის დამოუკიდებელი სტატუსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ატრიბუტი და ეს ფორმალური მხარე ლარმა საკმაოდ წარმატებით შეასრულა. ლარის ფუნქციები, როგორც ფულისა, ბოლომდე რეალიზებული არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი როლი მას საქართველოში გააჩნია.
გარდა ამისა, ლარის მიმოქცევის ადმინისტრირებაც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ისეთ მძიმე პერიოდში, როცა ქვეყანაში ჰიპერინფლაცია იყო, დადებითად აისახა ჩვენს ეკონომიკურ წინსვლაზე.
არსებული ვითარება 30 წლის წინანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ, ცასა და დედამიწასავით განსხვავებულია. დღეს ეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია და ლარის კურსს ამ კუთხით არაფერი ემუქრება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა სრულად შენარჩუნდება, მთლად ასე დაიმედებულიც ვერ ვიქნებით, რადგან პოლიტიკური დაძაბულობა გამოწვევად რჩება. ზაფხულში კურსი ცოტათი გამყარდება და ეს გამოწვეული იქნება ტურისტული სეზონით, რაც ეროვნულ ვალუტაზე დადებითად აისახება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.
ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკოსი საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიც-პრეზიდენტი ნიკა შენგელია, რომლის შეფასებითაც, ლარი ქვეყნის დიდი მონაპოვარია, მაგრამ აღსანიშნავია მისი სუსტი მხარეც, რაც დრო და დრო მის მკვეთრ რყევას უკავშირდება.
,,არსებობის 30 წლის განმავლობაში ლარის კურსმა არაერთ გამოწვევას გაუძლო. ვნახეთ როგორც საგრძნობი გამყარება, ასევე დიდი გაუფასურებაც. ბოლო წლებში ასე თუ ისე მყარ პოზიციაზეა, მაგრამ ეს განპირობებულია არა ეკონომიკაში მიღწეული წარმატებით, არამედ საქართველოში შემოსული ფულადი ნაკადების გავლენით, რის გამოც ლარზე მოთხოვნა გაზრდილია. რაც არ უნდა იყოს, ლარი არ არის მყარი ვალუტა, მცირე პოლიტიკური არასტაბილურობაც საკმარისია, რომ კვლავ განიცადოს გაუფასურება.
მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ლარი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეი მონაპოვარია, რომელმაც თავისი ისტორია დაწერა და დღესაც მეტ-ნაკლებად კარგად უჭირავს თავი", - განუცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს" და გაცვლითი კურსის პროგნოზიც გააკეთა.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში კურსს არაფერი ემუქრება, თუკი არსებული ეკონომიკური პარამეტრები მწყობრში დარჩება და პოლიტიკური დაძაბულობაც აღარ გამწვავდება.
,,კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. მართალია, ეროვნული ვალუტა გამყარების გზას ჯერჯერობით არ ადგას, თუმცა არც გაუფასურების საფრთხის წინაშეა. ჩემი აზრით, ლარი საშუალოვადიან პერიოდში 2,70-2,78-ს შორის იმერყევებს, რა თქმა უნდა, თუკი პოლიტიკური ვითარება არ გამწვავდა ქვეყანაში. ტურისტული სეზონის გამო მკვეთრ გამყარებას არ ველოდები. ეროვნული ბანკი ინტენსიურად ყიდულობს დოლარს ავსებს რეზერვს.
როცა გამყარების ტენდენციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე თვითონ დოლარი დასუსტებულია და ლარის გაძლიერებაც, გარკვეულწილად, ამ გარემოებითაც არის განპირობებული, შიდა ეკონომიკურ ფაქტორებს ამ შემთხვევაში ლარი ნაკლებად ემორჩილება", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.
საქართველოში გადახდის ოფიციალური საშუალებად ლარი 1995 წელს გამოცხადდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 5.7%-ს შეადგენდა, რაც შეეხება გაცვლით კურსს, აშშ დოლართან ლარის შემოღების დროს საწყისი კურსი 1.30-ს შეადგენდა და ის 1.3-1.4-ის ნიშნულებში 1998 წლამდე ნარჩუნდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი ლარისთვის 2020 წლის გაზაფხული იყო, პანდემიის გამო ერთი დოლარის ღირებულება 3.40 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის გაზაფხულზე კი 3.45-საც მიაღწია. კურსის დასტაბილურება ქვეყნის ეკონომიკის თანდათანობით გახსნას დაემთხვა.
2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების დროს არსებობდა მოლოდინი, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდებოდა, ეკონომიკას კი რეცესიაში შევიდოდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო სცენარი ვიხილეთ მიგრაციის პროცესის გააქტიურების გამო.
2025 წლის დასაწყისიდან კი დოლარმ დაიწყო გაუფასურება, რაც დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებას მოჰყვა. შედეგად ამჟამად 1 დოლარის ღორებულება კურსი 2.73 ლარს შეადგენს.