
რუსეთი შავ ზღვაში ახალ საყრდენ წერტილს იმყარებს - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის გეგმების შესახებ ისაუბრა. ექსპერტები საფრთხეზე საუბრობენ: კრემლი ცდილობს, რეგიონში დაკარგული გავლენა სამხედრო მექანიზმებით აღიდგინოს, ექსპერტების თქმით, აშშ შავიზღვისპირეთის ამ ნაწილს არ დათმობს.
ანალიტიკოსი მამუკა არეშეიძე აღნიშნავს, რომ ოჩამჩირის პორტი რუსეთის ფლოტის მთავარი სადგომი არ იქნება.
„ასეთი ტიპის ბაზა რომ უნდა შექმნილიყო, ამის შესახებ დიდი ხანია ისმოდა. მას მერე, რაც სევასტოპოლის ბაზა მოწყვლადი გახდა უკრაინული შეტევებისთვის, რუსები ეძებდნენ ახალ სივრცეს, სადაც შეიძლებოდა მათი ფლოტის გადაყვანა.
მეორე - ნოვოროსიისკის პორტი, რომელიც ერთადერთი ინფრასტრუქტურულად გამართული პორტია შავ და აზოვის ზღვაზე, ამ საქმისთვის მთლიანად არ გამოდგება, რადგან ფლოტს თავისი შესაბამისი სამსახურები აქვს, რომელსაც სჭირდება სხვა ტიპის სივრცე.
აი, ოჩამჩირის პორტი - მე არ მგონია, რომ რუსეთის ფლოტის სადგომად იყოს საბოლოო ჯამში, თუმცა, გარკვეული ნაწილი იქ შეიძლება განთავსდეს. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა პერიოდში ოჩამჩირეში არა, მაგრამ, მიმდებარე ტერიტორიებზე იყო საიდუმლო ბაზები. ასე რომ, ასეთი სურათი იკვეთება - რაღაც ნაწილი, მეორე ხაზის, არამთავარი ნაწილები შეიძლება განლაგდეს ოჩამჩირის პორტში."
არეშიძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში პორტის მშენებლობა რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა იყო.
„ეს რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ამასთან ერთად, ოჩამჩირის პორტი არ არის ღრმა - საჭიროა მისი გაღრმავება. 2008 წელს, როცა რუსებმა შეიყვანეს რკინიგზა პორტში, ვიდრე ომი დაიწყებოდა, ზუსტად ამისთვის იყო დაწყებული მზადება, თუმცა აღარ განვითარდა ასე. ახლა კვლავ იგივე ხდება. ასეა თუ ისეა, ეს ამბავი, როგორც ჩანს, მოხდება, თუმცა არ იქნება მთავარი ბაზა - იქნება ბაზის ნაწილი."
კითხვაზე რამდენად საფრთხის შემცველია ოჩამჩირის ბაზა რეგიონისთვის, გვპასუხობს: „რაც შეეხება ხიფათს რეგიონისთვის - რუსეთის აქ ყოფნა სამხედრო თვალსაზრისით არის ხიფათი.
სულ რომ ერთი ჯარისკაცი ჰყავდეს, მაინც - არაფერს ნიშნავს, მეტნი იქნებიან თუ ცოტანი, რადგან რუსული სახელმწიფოებრიობის იდეოლოგია დაფუძნებულია იმაზე, რომ სხვის ხარჯზე, სხვისი ტერიტორიების ხარჯზე გაიმყაროს თავისი სახელმწიფოებრივი იმიჯი. ეს უკვე თავისთავად ხიფათის შემცველია. მე არ მგონია, რომ ასე მარტივად მოხდეს ყველაფერი."
დათმობს აშშ შავი ზღვისპირეთს?
მამუკა არეშიძე საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინსიტრაციიდან წამოსულ ახალ სიგნალებზე.
„თეთრი სახლიდან წამოსული სიგნალები ძალიან მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს იმის თაობაზე, რომ თუ ყირიმი დათმო აშშ-ის ადმინისტრაციამ, დანარჩენ შავიზღვისპირეთს არ დათმობს - არავითარ შემთხვევაში. აი, ეს სიგნალები მოდის. ბრძოლა იქნება ამ სივრცისთვის - ოჩამჩირის პორტისთვის.
ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში არ დაუშვან რუსული სამხედრო სერიოზული ახალი ბაზა - თორემ გუდაუთაში უკვე არსებობს. მოკლედ, ასეთი გეოპოლიტიკური ჭიდილი იქნება კიდევ დიდხანს.
კითხვაზე რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს გვპასუხობს: „ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია - რეალურად რაც შეუძლია - ეს არის მსოფლიოს სხვადასხვა დონეზე ამ ამბის გახმოვანება და საუბარი. სხვა - საქართველოს ძალისმიერი მეთოდით ან სხვა საშუალებით ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. ფაქტია."
არეშიძე ხაზგამით ამბობს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში დაბრუნება.
„რუსეთს მობეზრდა აფხაზების პოზაში დგომა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა მექანიზმი აამუშაოს, რათა მდგომარეობის ბატონ-პატრონი გახდეს. რადგან, მისი სხვა ტერიტორიები, თუნდაც ყირიმი, არის მოწყვლადი.
ამიტომ, იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში დაბრუნდეს - ის ყარაბაღის მოვლენების მერე სერიოზულად შეავიწროეს, პირველ რიგში თურქებმა - ახლა ცდილობს სამხედრო დაბრუნებას და სჭირდება ამ ბაზების გამაგრება.
აეროპორტის აშენება, ამ ბაზის მშენებლობის დაწყება - ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ თავისი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში განამტკიცოს. ასე რომ, დიახ - ანექსიის პროცესი დაჩქარებულია."
რა თქვა გუნბამ
ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ოჩამჩირის რაიონში შესახებ განაცხადა. გუნბას თქმით, ეს არ არის სრულფასოვანი საზღვაო ბაზა, არამედ სპეციალიზებული ობიექტი, რომელიც რუსეთის ფლოტს მხარდაჭერას გაუწევს. ეს ნაბიჯი რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ეტაპი იქნება, განსაკუთრებით ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთქმედების სფეროში.
აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ოჩამჩირე დიდი ხანია რუსეთის სამხედროების ყურადღების ცენტრშია. „Naval News"-ის ცნობით, 2024 წლის ივლისში, ოჩამჩირის პორტში შავი ზღვის ფლოტის გემი შენიშნეს, რომელიც, სავარაუდოდ, იქ უკრაინული საზღვაო დრონების თავდასხმებისგან თავშესაფარს პოულობდა.
იმ დროს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი პორტს თავისი გემებისთვის პოტენციურ უსაფრთხო თავშესაფრად განიხილავდა. ოჩამჩირის პორტი, შეზღუდული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, შეიძლება მოდერნიზდეს ლოჯისტიკური ფუნქციების შესასრულებლად, რაც ადასტურებს გუნბას განცხადებას.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა აფხაზეთში შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე ხდება. კასპიის პოლიტიკის ცენტრის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში რუსეთმა აფხაზეთთან ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რამაც საქართველოს მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.
თბილისმა აფხაზეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნია და რუსეთის ქმედებებს სუვერენიტეტის დარღვევად აღიქვა. ამავდროულად, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ ბაზა ორივე მხარის თავდაცვით შესაძლებლობებს გაზრდიდა, რაც გუნბას მიერ გაჟღერებულ ამჟამინდელ გეგმებს იმეორებს.