
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა. მძიმე სტატისტიკა დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეები საგზაო უსაფრთხოების წესებს არ იცავენ და შესაბამისი განათლებაც აკლიათ. დარგის სპეციალისტები კანონის გამკაცრებას ითხოვენ. მართალია ფეხით მოსიარულეთათვის კანონდარღვევის შემთხვევაში გარკვეული სანქციები გათვალისწინებულია, მაგრამ აღსრულების კუთხით პრობლემაა. საბოლოოდ კი ადამიანები იღუპებიან, რისი მიზეზიც უამრავ შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე მოქალაქეების დაუდევარი გადაადგილებაა.
2025 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 112 ადამიანი, დაშავდა - 1760, ხოლო რაც შეეხება ავარიებს, ამ პერიოდში 1360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია, დაშავებულთა ოდენობა კი 18%-ითაა გაზრდილი.
„აღნიშნული სტატისტიკა ყოველგვარ მოლოდინს აჭარებებს. აუცილებელია, სახელმწიფო დონეზე ზომების მიღება. რაც შეეხება ქვეითებს, პირველ კვარტალში 50 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიის დროს გარდაცვლილთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგანლია, რომ ქვეითთა კუთხითაც ბევრი რამ არის შესაცვლელი.
წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, ასევე მანევრირების დარღვევა, საპირისპირო ზოლში სიარული“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
არსებული რეალობის გათვალისწინებით ჯარიმების გამკაცრების მოსაზრებას ემხრობიან სპეციალისტები, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალი განათლების გაძლიერება და ავტოსაგზაო წესების ცოდნაა. მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე სანქციების გაზრდის მომხრეა.
,,დამრღვევი ქვეითები გზებზე ნამდვილად დიდი პრობლემაა, თუმცა მხოლოდ მათ ვერ დავადანაშაულებთ. სადაც ინფრასტრუქტურა მოწყობილია და მაინც არღვევენ წესებს, კანონდამრღვევები უნდა დაჯარიმდნენ. მაგალითისთვის, ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირებზე ინფრასტრუქტურა კარგად არის მოწყობილი, მაგრამ ფეხით მოსიარულეები მაინც თვითნებურად გადადიან, ეს ხდება იმიტომ, რომ აღსრულების კუთხით პრობლემაა. გზის არასწორად გადაკვეთის გამო, ალბათ, არავინ არ არის დაჯარიმებული ან ერთეული შემთხვევაა.
თუკი გადასასვლელი არ არის, ქვეითებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დედაქალაქის ძირითად უბნებში მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები კარგად არის მოწყობილი. ერთ-ერთი გამოსავალი ჯარიმებია, რომელიც ისედაც მოქმედებს. ესეც თუ ვერ უშველის საქმეს და მაინც არ შემცირდება ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები, ჯარიმის მოცულობა 50 ლარამდე უნდა გაიზარდოს, მერე უკვე 100 ლარამდეც, ეტაპობრივად, მაგრამ კანონის აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თორემ ვხედავთ, რომ უმძიმეს შედეგამდე მივედით", - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კანონში ახალი ჩანაწერი გაჩნდეს და ყველა შემთხვევაში, როცა ქვეითის ბრალეულობა დადასტურდება, კანონის წინაშე სწორედ მან აგოს პასუხი და არ მძღოლმა.
,,მარტო თბილისში ათეულ ათასობით ქვეითი ყოველდღიურად არასწორად გადადის გზაზე, რაც მძღოლებს დიდ პრობლემას უქმნის. ცხადია, ყველა მძღოლმა კარგად არ იცის მანქანის მართვა, ამიტომ კარგად ვერ აკონტროლებს, როგორ აიცილოს საფრთხე.
ძალიან საშიშია, როცა ფეხით მოსიარულეები გადარბიან გზებზე და დაბრკოლებებს ქმნიან მოძრავი ავტომობილებისთვის, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. შეიძლება, მძღოლი ქვეითს არა, მაგრამ სხვა მოძრავ ავტომობილს დაეჯახოს, ამ დროს ქვეითის ბრალეულობა საერთოდ არ ჩანს. აი, სწორედ ეს უნდა დაემატოს კანონში და შექმნილ შემთხვევაში არა კონკრეტული მძღოლის, არამედ ფეხით მოსიარულე პირის ბრალეულობა გამოიკვეთოს. ეს ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ გვაქვს და ყველა მძღოლისკენ იშვერს ხელს, რაც არასწორია", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი ჯაფარიძემ.
სანქციების გამკაცრების მომხრეა ,,საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი იზორია, რომლის განცხადებით, ქვეითთა გარდაცვალების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება ფეხით მოსიარულეთა პრობლემებზე გამახვილდეს, საჭიროების შემთხვევაში, კი კანონმდებლობა გაკმაცრდეს.
,,10 ლარი არის ჯარიმა გზის არასწორად გადაკვეთაზე, მაგრამ მხოლოდ ჯარიმა არაფერს ნიშნავს, მთავარია, აღსრულება ხდებოდეს ინტენსიურად, რა მხრივაც პრობლემაა. დღეს საპატრულო პოლიციას ფეხით მოსიარულეების დაჯარიმება ძალიან უჭირს იმიტომ, რომ მათ ისედაც ძალიან ბევრი რამ ევალებათ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ქვეითი პატრულის რაოდენობა გაიზარდოს, მეტი კონტროლი დაიწყოს ისეთ უბნებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებია - სკოლებთან ან უნივერსიტეტებთან გზაზე გადარბენის ფაქტები და საგზაო შემთხვევები ხშირად ხდება.
ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა დედაქალაქის მმართველობამ უნდა აიღოს და სხვადასხვა სატელევიზიო არხის საშუალებით, ეს იქნება სოციალური რგოლები, თუ სატელევიზიო გადაცემები მოსახლეობას სოციალური კამპანია შესთავაზოს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების პრობლემაზე ისეთი კამპანიებია, რომ ადამიანი ფიქრდება ამაზე. ასეთი აქტოვიბა გვაკლია და ზოგადად განათლება გვაკლია. ეს პროცესი უნდა იყოს მუდმივი განათლების სამინისტროს თუ კერძო კომპანიების მიერ, მედიაც უნდა ჩაერთოს. ეს თუ არ იქნა, რაც უნდა კარგი კანონი დაიწეროს ქაღალდზე, რაც გინდა მაღალი ჯარიმა დაწესდეს, პრობლემა ვერ მოგვარდება”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით მსოფლიოში აღინიშნა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-8 გლობალური კვირეული, რომელიც მიეძღვნა უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას და ცნობიერების ამაღლებას ქუჩებსა და გზებზე ქვეითებისთვის და ველომომხმარებლებისთვის. გლობალური კვირეულის ფუნქციაა, 2030 წლისთვის მსხვერპლი გზებზე განახევრდეს, ხოლო 2025 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების აღნიშნულ სტატისტიკას 25%-იანი შემცირება მოჰყვეს.