მარიამ ვეკუა
03.06.2025

„ქართული ოცნება“ „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხს“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის და მათი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. მიზეზი ამ მედიასაშუალებების მიერ ისეთი შეფასებებისა და ტერმინების გამოყენებაა, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „კლანის მოსამართლე“ და სხვა. მმართველი პარტიის შეფასებით, ეს მაუწყებლობის შესახებ კანონის ახალ ნორმებს არღვევს. 

საჩივრის საფუძველს წარმოადგენს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები. აქედან საკვანძოა 54-ე მუხლი, რომელიც მაუწყებლის სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება, რომლის მიხედვითაც, „მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.“

კომისიაში ჩივილი შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ მაუწყებლობის კანონში მარტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც თავიდანვე კრიტიკულად იყო შეფასებული.

მანამდე მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას. კანონში შეტანილი ცვლილებებით კი, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ასევე აქვს სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები - გართხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში კი ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან თავად „ოცნებამ“ შექმნა ამისთვის საფუძველი.

„მოსალოდნელი იყო, რომ ასე მოხდებოდა. ამის საფუძველი შექმნეს იმ ცვლილებებით, რომლებიც კანონში შეიტანეს. ეს ეხება იმას, რომ ახალი ამბების პროგრამაში უნდა იყოს ფაქტები გადმოცემული, ჟურნალისტმა არ უნდა გააკეთოს შეფასებები. ეს ტერმინები, რომელთა გამოც უჩივიან, არის შეფასება, რომლის უფლებაც ყველას აქვს, მათ შორის ჟურნალისტებსაც, რადგან შეფასება არის გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი შესაძლებლობა, ხერხი.

„ეს აკრძალვები, რასაც ესენი უჩივიან კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, შესაძლებელია მივიჩნიოთ ცენზურადაც, რაც კონსტიტუციურად არის აკრძალული“, - განაცხადა ხმალაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე  კი მიიჩნევს, რომ სარჩელი სრულიად გამართლებულია:

„საუბარია იმაზე, თუ რა ტერმინებს იყენებენ. ყოვლად მიუღებელია, როცა უწოდებენ ეროვნულ ხელისუფლებას პრორუსულს სწორედ პრორუსული ძალები. უბინძურესია ეს ბრალდება. ეს არ არის ცენზურის დაწესება - ეს არის ბრძოლა ანტიეროვნულ ძალებთან, რომლებიც განსაკუთრებით სახიფათონი არიან, რადგან ჰყავთ დასავლეთში დამფინანსებლები, ლობისტები.“

რას ამბობს მოსარჩელე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მარეგულირებელ კომისიაში ამ სარჩელის აღძვრით კანონმდებლობის აღსრულება მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ. კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისად, ყველას, ვინც თვლის, რომ ამ კანონის ჭრილში მედიის კუთხით კონკრეტული დარღვევა იქნა ჩადენილი, აქვს უფლება სათანადო უწყებას შესაბამისი საჩივრით მიმართოს.

„რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ქვეყნის ნგრევის სურვილიდან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ.

„რეალურად ისინი მედიასაშუალებები ხომ არ არიან? ისინი არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ., არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ. ასევე იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოქმედებენ. ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია, ეს ყველაფერი დაადასტურონ“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

რას ამბობენ მოპასუხეები

„ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიის ცნობით, „ოცნება“ ითხოვს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს „ფორმულას“ და ამოქმედდეს სანქციების აღსრულების დროებითი წესი.

„საჩივარში, რომელიც ტელევიზია „ფორმულამ“ 2 ივნისს მიიღო, მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც „ქართული ოცნების“ რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

„დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა „ფორმულამ“ კანონი.

„გიზიარებთ ტერმინებს, რომელთა გამოც „ოცნება“ აღნიშნულ ტელეარხებს უჩივის: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქად“ მოხსენიება“, - წერია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ „ოცნებას“ არ სურს, კრიტიკული არხების მეშვეობით მსოფლიომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ გაიგოს.

„გასაგებია, რატომ უჩივლა ივანიშვილის „ოცნებამ“ კრიტიკულ ტელეარხებს - ტელეკომპანია „პირველს“ და „ფორმულას“. მას არ უნდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

როგორი იქნება ფინალი

კითხვაზე, რა სავარაუდო სანქციები შეიძლება აღნიშნულ ტელეარხებს დაეკისროთ, ან როგორი შეიძლება იყოს ფინალი, ვახტანგ ხმალაძე გვპასუხობს, რომ აბსოლუტურად ყველაფრის ალბათობა არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ „რა ჭკუაზე დადგება ეს კომუნიკაციების კომისია“.

„ყველაფრის ალბათობა არის... დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჭკუაზე დადგება ეს კომუნიკაციების კომისია. წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მე კარგი არაფრის მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა ხმალაძემ.

პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ თუ როგორი იქნება ფინალი, თავად ამ არხებზეა დამოკიდებული.

„დაიხურებიან თუ არა, შეუჩერდებათ თუ არა ავტორიზაცია - ეს მათზეა დამოკიდებული. აი, მაგალითი: საპარლამენტო კომისიამ მოიწვია ადამიანი, ის არ მიდის. მაშინ უნდა გადაიხადოს ჯარიმა - იმასაც არ იხდის. კანონი ითვალისწინებს დაკავებას. აქაც იგივეა: თუ კანონმორჩილად მოიქცევიან ეს ტელევიზიები, რომლებიც რეალურად ანტიეროვნული ძალების ინსტრუმენტია, არაფერი იქნება. შეიძლება ჯარიმები დაეკისროთ და ამით დასრულდეს. მაგრამ თუ მელიასავით და ჯაფარიძესავით აირჩევენ გზას - „აგერ პოლიტპატიმრები ვართ, აგერ გვჩაგრავენ“ - ეს უკვე სხვა საქმე იქნება“, - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×