რეზონანსი
03.06.2025

რუსეთმა ამ გახანგრძლივებულ ომში მეოთხე საზაფხულო შეტევითი კამპანია წამოიწყო. რუსული შეტევების მიმართულებები ტრადიციულად მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესაჭრელად, სამხრეთის ფრონტზე ზაპოროჟიეს ოლქის ახალი მიწების დასაპყრობად და ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუპიანსკის დასაპყრობად.

ამასთან, გასული წლების საზაფხულო შეტევითი ოპერაციებისგან განსხვავებით, ამჯერად რუსეთი ხსნის ახალ, ჩრდილოეთის ფრონტსაც უკრაინული ქალაქის სუმის დასაპყრობად...

ჯერ კიდევ 1652 წელს დაარსებულ ამ ლამაზ უკრაინულ ქალაქ სუმში დღეს 268 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ უკვე დაწყებულია მათი ევაკუაცია, რადგან პუტინის აგრესორ არმიას ამჯერად ამ ქალაქის დაპყრობა ანუ მისი სრული განადგურება აქვს განზრახული...

ქალაქი სუმი წარმოადგენს სუმის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს და ის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან სულ რაღაც 30-იოდე კმ-ში მდებარეობს, რაც ზრდის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მისი დაპყრობის საშიშროებას...

2022 წლის 24 თებერვლიდან ანუ უკრაინაზე რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდანვე, სუმი აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ფაქტობრივ ალყაში, თუმცა 6 აპრილამდე პუტინის არმიამ ვერ შეძლო უკრაინული სუმის დაპყრობა და უკან დაიხია და საერთოდ დატოვა უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილი.

სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, სამი წლის შემდეგ რუსეთის გენერალიტეტი ახალ შეტევით ოპერაციას იწყებს იმავე სუმის მიმართულებით - რუსეთ-უკრაინის საზღვარი უკვე გადალახული აქვს რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფებს და დაიკავეს საზღვრისპირა რამდენიმე უკრაინული სოფელი - ქალაქ სუმამდე პირდაპირი ხაზით 25 კმ-ი დარჩა, რაც რუსეთის შორსმსროლელ არტილერიას საშუალებას აძლევს 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტები სუმის ჩრდილოეთ ნაწილის საცხოვრებელ კორპუსებამდეც მიაღწიონ...

რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი ხანია შეცვლილი აქვთ შეტევების ტაქტიკა და ჯავშანსატანკო კოლონებით ასფალტირებულ გზებზე სწრაფი სვლის ნაცვლად იყენებენ ნელი ტემპითა და მრავალრიცხოვანი მცირე მოიერიშე ჯგუფებით (რომლებიც ტანკების მხარდაჭერის გარეშე, ჩვეულებრივი ავტომობილებითა და მოტოციკლეტებით გადადიან იერიშებზე) ფართო ფრონტით შეტევის ტაქტიკას...

როგორ ალადაშვილი წერს, ასე ხდება უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე და ეტყობა ასევე გაგრძელდება ახალგახსნილ ჩრდილოეთ ფრონტზეც, მით უმეტეს, რომ სტეპებიანი დონბასიდან განსხვავებით, უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქები ხშირი ტყეებითა დაფარული და ზაფხულის გაფოთვლის შემდეგ, ტყის მასივებში რუსული ქვეითი მოიერიშე ჯგუფების ფარული წინსვლა უფრო გაადვილებული ხდება...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×