
სუპერმარკეტებში პროდუქციის მოსახვედრად ბევრი სხვადასხვა სახის გადასახადია დაწესებული. ეს გარემოება კი ადგილობრივი წარმოებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია. ამიტომ ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სამამულო პროდუქციისთვის საშეღავათო პირობები უნდა მოქმედებდეს.
საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, სუპერმარკეტებში თითქმის ყველგან უცხოური პროდუქცია იყიდება, ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები კი დახლებზე ნაკლებია. მარკეტების მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადი კი ადგილობრივი წარმოებას დიდად აფერხებს, რადგან ისინი რეალიზაციის დროს გადაულახავ პრობლემებს აწყდებიან. ეს ყველაზე უფრო მცირე და საშუალო ბიზნესს ზღუდავს.
ამის თაობაზე დაუფარავად საუბროებნ თავად მეწარმეები. ქართული პრემიალური ჩიფსის - `ლუდისას” კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ აღნიშნა, რომ ქსელური მარკეტების მოქმედი პოლიტიკა, პირველ რიგში, უარყოფითად ქართულ ბიზნესს შეეხო, ამიტომ სიტუაციის რეგულირება უნდა დაიწყოს.
"ეს საკითხი, ყველა მწარმოებლისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. 5 წლის წინ, ქსელში, რაც იყო ღირებულება, დანახარჯი, კერძოდ, პროდუქციის შეტანის, დარჩენის, აქციებში მონაწილეობის და ა.შ. ახლა, გადასახადი 5-ჯერ დიდია. ვთქვათ, ქსელში შედიხართ და ყიდულობთ ჩვენს პროდუქტს, აღნიშნული 1 ლარიდან, საშუალოდ, 70% ქსელში რჩება. კერძოდ, მოცემული 70% შემდეგნაირად იყოფა: შესვლის ღირებულება, რეტრობონუსი (გაყიდული პროდუქციის 1-დან 15%-მდე), ე.წ. ქეშბექი, პრომო ბიუჯეტი, ასევე დამატებითი განთავსება - პირველ თაროზე გსურთ პროდუქტის მოთავსება, თუ ცალკე პრომო თაროზე. შესაბამისად, საშუალოდ, მწარმოებელთან, დისტრიბუტორთან 30% მიდის. არადა, ზემოთ მოყვანილი 70%, 5 წლის წინ, 20-30%-ს არ აღემატებოდა.
ამ ყველაფერმა კი, პირველ რიგში, ქართული წარმოება დააზიანა. გამოსავალს რაც შეეხება, გასულ წლებში პრემიერთან არსებული კომისიაც შეიქმნა, სადაც რითეილ ბაზრის რეგულირებაზე უნდა ემსჯელათ. ახლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. მაგალითად, იმ კომპანიაზე, რომელიც წარმოებაში 80%-ზე მეტს ადგილობრივ ნედლეულს იყენებს და უცხოეთიდან იმპორტს არ ეწევა", - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან” ირაკლი ქურდაძემ და დასძინა, რომ უცხოეთიდან შემოსული პროდუქცია დიდ გადასახადებს უძლებს, რადგან გლობალური ბრენდის წარმომადგენლები არიან.
მსგავსი პოზიცია აქვს "ჩირჩხელას" აღმასრულებელ დირექტორსაც. ირმა კვაჭანტირაძის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული სახეობის თაროზე განთავსებისთვის ქსელებში 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.
გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე სათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის“ დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა და როგორც განაცხადა, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.
პრობლემის სიმწვავეზე გაამახვილეს ყურადღება ეკონომისტებმაც და მიუთითეს, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის საშეღავათო პირობების დაწესება აუცილებელია. როგორც ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, გადასახადები განსაკუთრებით პრობლემურია მცირე მეწარმეებისთვის.
"სუპერმარკეტებში დაწესებული სხვადასხვა გადასახადი ნამდვილად დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, რადგან ადრე იყო 15 ათას ლარზე საუბარი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალა და უფრო მეტიც კი არის. 15 ათასიც საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია. აქედან გამომდინარე, გადასახადები, რა თქმა უნდა, მათ განვითარებას, პროდუქციის რეალიზებას და, საბოლოო ჯამში, კომპანიის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
მცირე კომპანიების გაძლიერებისა და გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადასახადები ან შემცირდეს ანდა საერთოდ გაუქმდეს. თუ ასეთი რამ შემუშავდება ან გადასახადი მოერგება მცირე კომპანიებს და არ იქნება ყველასთვის ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.
სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის საშეღავათო პირობების დაწესებაზე შესაბამისი სახელმწიფო ნება არ არსებობს. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის განცხადებით, ყველაზე მსხვილი გადამხდელები იმპორტიორები არიან და გამოდის, რომ მთავრობას არ აწყობს მცირე ბიზნესი, ადგილობრივი მწარმოებელი, გლეხი და ფერმერი.
"ყველა დიდ ქსელურ მაღაზიებში თვალში საცემია, რომ ქართული წარმოების საქონელი არის ძალიან ცოტა, ალბათ 20%-იც არ იქნება. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მთელ ქვეყანაზე, მეწარმეებზე, მოსახლეობაზე და ა.შ, მაგრამ ეს სულაც არ მოქმედებს ცუდად მთავრობაზე, რადგან ხელისუფლება გადასახადებს იღებს კანონმდებლობისა და საგადასახადო ორგანოების საშუალებით. ამიტომ თუ სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელი ეყოლება არა 1000, არამედ 100, მაგრამ იმ 1000 ორგანიზაციის ვაჭრობის მოცულობა იქნება გამსხვილებული იმ 100-ში, მაშინ, უფრო ადვილად მოახდენს ადმინისტრირებას. უფრო ადვილია ესაუბრო 100 გადასახადის გადამხდელს, ვიდრე 1000-ს. გამოდის, რომ თავისდაუნებურად მთავრობა არის დესტრუქციული ძალა, რადგან მას ურჩევნია გადასახადის გადამხდელი ჰყავდეს ცოტა, თუმცა მხსვილი.
ხელისუფლება მუდმივად საუბრობს მცირე და საშუალო ბიზნესზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი არ განვითარდეს. ყველანაირად ხელს უწყობს მსხვილ გადამხდელებს. ეს ყველაფერი ბევრ უბედურებას წარმოშობს. ჯერ ერთი, ამის გამო მწვანე შუქი აქვთ ანთებული ქსელურ მაღაზიებს, რომ კაბალური მოთხოვნები წაუყენონ მწარმოებლებს და ადგილობრივი წარმოების საქონელი თითქმის არ მიიღონ გასაყიდად.
გამოდის, რომ მთავრობას არ აწყობს პატარა და მცირე ბიზნესი, ადგილობრივი მწარმოებელი, გლეხი, ფერმერი. ეს არ არის უბრალო საკითხი. საბანკო სისტემასაც არ უნდა მცირე მეწარმე და იქაც ურჩევნიათ საქმე ჰქონდეთ მსხვილ კომპანიებთან და იმპორტიორებთან, ვიდრე ექსპორტიორებთან, რადგან მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან ასეთი დირექტივაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მრეწველობა საერთოდ არ უნდა განვითარდეს. რაც არის, ისიც არ უნდა იყოს.
ამ ყველაფრიდან გამოდის, რომ ადგილობრივი საქონელი და მწარმოებელი ჩვენსავე ბაზარზე არის დაჩაგრული. ჩვენი სისტემა და კანონმდებლობა ჩაგრავს ადგილობრივ მწარმოებელს და უპირატესობას ანიჭებს უცხოელს”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.