
ბოლო დღეებში უკრაინის დაზვერვამ დივერსიების ერია მოაწყო, რომელიც კრემლს დიდ მატერიალურ ზარალთან ერთად, სერიოზულ იმიჯურ დარტყმასაც აყენებს. ასეთი იყო სარკინიგზო ხიდების აფეთქება კურსკსა და ბრიანსკში შემდეგ ოპერაცია „ობობას ქსელი" და ბოლოს აფეთქება ყირიმის ხიდზე. სამხედრო ანალიტიკოსები ამგვარ გააქტიურებას სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ და „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ ვითარებამ მოსკოვი აიძულოს ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებას დათანხმდეს, ან პირიქით - თავადაც გააძლიეროს საპასუხო დარტყმები.
„უკრაინა ახერხებს ასეთ გააქტიურებას, რადგან ახდნენ ინფორმაციის დროულ მიწოდებას და ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები სამხედრო დაზვერვასა და სპეცოპერაციებში. თავის მხრივ, რუსეთის კონტრდაზვერვა დაკავებულია შიდა პრობლემებით და არ ჰყოფნით ძალა აწარმოონ შემაფერხებელი და კონტრსადაზვერვო მოქმედებები უკრაინელების წინააღმდეგ", - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი ამბობს: „არ მგონია რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ დამყოლი გახდეს. შესაძლოა რუსეთმა საპასუხო ქმედებებს კიდევ უფრო დაუნდობელს გახადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება".
3 ივნისს ყირიმის ხიდზე განახორციელებული დარტყმის დეტალებზე რუსული წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია მეტად მწირია. უკრაინული წყაროების ცნობით კი, დარტყმის შედეგად ხიდი ავარიული გახდა და მასზე საავტომობილო და სარკინიგზო გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე მესამე დარტყმაა ყირიმის ხიდზე. 2022 და 2023 წლებში განხორციელებული დივერსიების შედეგად, ხიდის ფუნქციონირება გარკვეული პერიოდის განმავლობაშ შეზღუდული იყო.
დივერსიების სერია
1-ელ ივნისს რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდები დაზიანდა, რომლებიც მნიშნელოვან როლს ასრულებენ რუსული არმიის მომარაგებაში. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მომხდარის მიზეზად აფეთქება იყო დასახელებული, თუმცა ეს ფორმულირება სწრაფადვე შეიცვალა და ოფიციალური სტრუქტურები ამ ინციდენტს „ხიდების ჩამონგრევას" უწოდებდნენ.
3 ივნისს რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა ოფიციალურად მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
„ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აფეთქება, რამაც გამოიწვია სამგზავრო, სატვირთო და სადიაგნოსტიკო მატარებლების ლიანდაგიდან გადასვლა, კლასიფიცირდება, როგორც ტერორისტული აქტები", - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფეთქების ორგანიზატორები უკრაინის ხელისუფლების მითითებით მოქმედებდნენ.
საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილები, ასევე „სხვა მატერიალური მტკიცებულებები".
საგამოძიებო კომიტეტის 3 ივნისის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 113 ადამიანი.
კურსკის ოლქის ზელეჟნოგორსკის რაიონში აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა და მის ქვეშ მდებარე სარკინიგზო ხიდს დაეცა.
ბრიანსკის ოლქში, სარკინიგზო ხაზის ვიგონიჩი-პილშინოს მონაკვეთზე კი აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ხიდზე სამგზავრო მატარებელი გადაადგილდებოდა.
რუსული მედია წერს, რომ აფეთქების ადგილზე ამერიკული ასაფეთქბელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. „ვედომოსტის" ინფორმაციით, ბრიანსკშ გამოყენებული იყო ამერიკული წარმოების დაახლოებით 10 კგ „სი-4" ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა.
კიდევ უფრო რეზონანსული იყო 1-ლ ივნისს რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ავიადრომებზე თავდასხმა. უკრაინულმა მხარემ თავიდანვე დაადასტურა ამ დივერსიებთან უკრაინული დაზვერვის პირდაპირი კავშირი და დაასახელა სპეცოპერაციის სახელწოდებაც - „ობობის ქსელი".
ამ დივერსიული აქტის უნიკალურიბა იმაშია, რომ საბრძოლო დრონები სატვირთო ტრაილერებში იყო დამალული და მათი ამოქმედება უშუალოდ აეროდრომებთან ამ სატვირთოების მაქსიმალურად მიახლოების დროს მოხდა.
რუსული მედიის ცნობით, ტრაილერების მძღოლები დაკითხვისას ამბობენ, რომ მათ დივერსიის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ მიიღეს შეკვეთა, რომ დანიშნულ ადგილამდე უნდა ჩაეტანათ ასაწყობი პანელური სახლის კონსტრუქციები. მარშრუტის მსვლელობისას მათ მობილურით უკავშრდებოდნენ და სხვადასხვა მითითებებს აძლევდნენ. ერთ-ერთი ასეთი ბოლო მითითება იყო ავტომაგისტრალზე კონკრეტულ წერტილშ გაჩერება, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იყო აეროდრომთან. ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ, დივერსიის ორგანიზატორებმა ტრაილერის სახურავი დისტანციურად გახსნეს და დამალული დრონები აამოქმედეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ოპერაციის დროს გამოყენებული იყო 117 და მათ ამდენივე ოპერატორი მართავდა.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი" რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე"-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ამ დარტმის შედეგად რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34% განადგურდა ან მნიშნელოვნად დაზიანდა. ზელენსკი აცხადებს, რომ ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.
3 ივნისს ოფიციალურმა კიევმა ამ დივერსიასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. უკრაინის უშიშროების ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ზურგში მდებარე ოთხი სამხედრო აეროდრომის ერთდროულად დარტყმების შედეგად სულ განადგურდა 41 რუსული თვითმფრინავი, ძირითადად რაკეტმზიდები, მათ შორის „ა-50", „ტუ-95", „ტუ-22 მ3" და „ტუ-160".
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამზადებდა სპეცოპერაცია „ობობას ქსელს". მალიუკის თქმით, სპეცოპერაცია ერთდროულად სამ საათობრივ სარტყელში მიმდინარეობდა და ლოჯისტიკური თვალსაზრისით უკიდურესად რთული იყო.
ეს დივერსიების სერია კი 3 ივნისს უკვე ყირიმის ხიდზე დარტყმით გაგრძელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადებოდა. სამშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება", - განაცხადა ვასილი მალიუკმა.
რითი აიხსნება უკრაინელების ასეთი გააქტიურება
ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, უკრაინელებს აქვთ გარკვეული უპირატესობები, რის გამოც გააქტიურდნენ. მისივე თქმით, რუსები ფრონტის ხაზზე აქტიურობენ, უკრაინელები კი -რუსეთის სიღრმეში.
„არ გამოირიცხება, რომ „ობობას ქსელის" შემადგენელი ნაწილი იყოს ყირიმში მომხდარი ამბავიც, რადგან ეს ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი შორეულ აღმოსავლეთშია გახიზნულია ოჯახთან ერთად და რასაც აჩვენებენ, ძველი კადრებია - რომ ვითომ მოსკოვშია. ეს არ ვიცი რამდენად რეალურია, თუმცა გავრცელებული კია.
„უკრაინა ახერხებს ასეთ გააქტიურებას, რადგან ახდნენ ინფორმაციის დროულ მიწოდებას და ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები სამხედრო დაზვერვასა და სპეცოპერაციებში. თავის მხრივ, რუსეთის კონტრდაზვერვა დაკავებულია შიდა პრობლემებით და არ ჰყოფნით ძალა აწარმოონ შემაფერხებელი და კონტრსადაზვერვო მოქმედებები უკრაინელების წინააღმდეგ. ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია - უკრაინელების გააქტიურება ხდება რუსების გააქტიურების პარალელურად. რუსები გააქტიურდნენ ფრონტის ხაზზე, უკრაინელები - რუსეთის სიღრმეში. ეს ზუსტად იმიტომ, რომ რუსები წინა ხაზზე აქტიურობენ", - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
ირაკლი ალადაშვილი კი კითხვაზე, რითი აიხსნება უკრაინელების ასეთი გააქტიურება პასუხობს: „ნებისმიერი ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დარტყმა და ზიანი მიაყენონ ერთმანეთს, მათ შორის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, ან მის სიღრმეში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განადგურების ჩათვლით. სწორედ ასეთად მიიჩნევა სამხედრო აეროდრომები, რომელზეც განთავსებულია ის დამრტყმელი თვითმფრინავები, ამ შემთხვევაში ბომბდამშენები, რომლებიც მოწინააღმდეგეს აყენებენ დარტყმებს. რუსეთი აცხადებს, რომ თითქოს უკრაინელებმა მოაწყვეს ტერორისტული აქტი, მაგრამ ეს ზუსტი არაა. ომის დროს ეს ფასდება, როგორც დივერსიული მოქმედება.
„ყირიმის ხიდზე უკვე მესამე მცდელობაა. რაც დღეს დილას მოხდა, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო წყალქვეშა კამიკაძე დრონები, რომელიც ყირიმის ხიდის ერთ-ერთ ბოძთან აფეთქდა და გარკვეულწილად დააზიანა. როგორც წესი, ამ აფეთქების წერტილის შესწავლა უნდა მოხდეს, თუ რამდენად არის დაზიანებული. უკრაინელები თავის მხრივ, ცდილობენ დროდადრო ეს ხიდი მწყობრიდან გამოიყვანონ, რაც, რა თქმა უნდა, აფერხებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებას უშუალოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.
ფსიქოლოგიური ეფექტი
ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, განსაკუთრებით დამთრგუნველია ეს ყველაფერი იმ ქალაქების მოსახლეობისთვის, რომელთა მახლობლადაც ეს ოპერაცია განხორციელდა.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რუსულ საზოგადოებაზე ეფექტი აქვს. ბლოგერების პოსტებში ჩანს, ზოგი ამას „რუსეთის ჰერლ-ჰარბორს" უწოდებს, ზოგი - 2რუსეთის ავიაციის შავ დღეს" და ა.შ. აგინებენ ხელისუფლებას, სამხედრო ხელმძღვანელობას. მე ვერ გეტყვით რამდენად იმოქმედებს რომელიღაც სოფლის მოსახლეობაზე, მაგრამ ზოგადად, ძალიან დამთრგუნველია იმ ქალაქების მოსახლეობისთვის, სადაც უშუალოდ ეს ოპერაცია განხორციელდა", - თქვა კაპანაძემ.
ირაკლი ალადაშვილის თქმით, უკრაინის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნა იყო.
„არც მალავენ უკრაინელები, რომ ერთ-ერთი მიზანი ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნაა. ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ ომი ვინც წამოიწყო, იმ ქვეყანაშიც უნდა იგრძნონ, რომ ომი უკან დაუბრუნდათ. ანუ არა მარტო უკრაინის ქალაქები მცხოვრებლებმა უნდა იგრძნონ რა არის დაბომბვა და საშინელება, არამედ რუსული ქალაქების მცხოვრებლებმაც. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ასე დაუნდობლად და სისტემატიურად არ ბომბავს რუსულ ქალაქებს", - განაცხადა ალადაშვილმა.
პოლიტიკური შედეგები
ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი იძულებული გახდეს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს.
„ამ ეტაპზე არ მგონია რუსეთი უფრო დამყოლი გახდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ, მაგრამ თუ გააგრძელა უკრაინამ მსგავსი მოქმედებები, აქ არ იქნება ლაპარაკი დაყოლიებაზე, რუსეთი იძულებული იქნება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ნაკლებად, თუმცა ცეცხლის შეწყვეტაზე წამოვიდეს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
ირაკლი ალადაშვილსაც ეეჭვება, რომ რუსეთი უფრო დამყოლი გახდება, თუმცა ის ფიქრობს, რომ რუსეთი საპასუხო ქმედებებს გააძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება.
„არ მგონია რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხრივ დამყოლი გახდეს. შესაძლოა რუსეთმა საპასუხო ქმედებებს კიდევ უფრო დაუნდობელს გახადოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება. უბრალოდ, უკრაინა იყენებს იმას, რასაც ნებისმიერი ქვეყანა ასეთ ომში გააკეთებდა, როდესაც მოწინააღმდეგე მასზე ძლიერია და მეტი რესურსი გააჩნია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავთ, რომ უკრაინა მეოთხე წელია ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს აგრესორ რუსეთს", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".