
რეალითი შოუს ვარსკვლავი ქუჩაში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყოფილმა პარტნიორმა მოკლა - რუმინეთში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები
რეალითი შოუს ორსული ვარსკვლავი, თეოდორა მარკუ, რუმინეთში, ბუქარესტის გარეუბანში, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს.
23 წლის თეოდორას, რომელიც იმ დროს ორსულობის 26-ე კვირაში იყო, შაბათს საღამოს, დაახლოებით 7 საათზე, შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობისას ყოფილმა პარტნიორმა, 49 წლის რობერტ ლუპუმ ოთხჯერ ესროლა.
ლუპუ, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო, რამდენიმე საათში სხვა იარაღით თავი მოიკლა. მოწმეებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ლუპუ თვალთვალის შემდეგ მშვიდად მიუახლოვდა თეოდორას, იარაღი ამოიღო და ახლო მანძილიდან ესროლა.
თეოდორა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გოგონა ცნობილი გახდა 2022 წელს რუმინული „Love Island"-ის ვერსიაში მონაწილეობის შემდეგ. მან საჯაროდ ისაუბრა ლუპუსთან რთულ ურთიერთობაზე და 2021 წელს სასამართლოსგან დაცვის ორდერიც კი მოითხოვა.
თეოდორამ და მისმა ახალმა პარტნიორმა, ალექს მარკუმ, 2024 წლის აპრილში გამოაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამბობდნენ, ვერ დაორსულდებოდა. მას ვაჟი უნდა გაეჩინა.
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მიუახლოვდა შავებში ჩაცმული კაცი თეოდორასა და ბავშვებს. გასროლის ხმა კამერამ ვერ დააფიქსირა. ერთ-ერთმა ქალმა ბავშვები შემთხვევის ადგილიდან შორს წაიყვანა, შემდეგ კი თეოდორასთან დაბრუნდა.
გამვლელებმა პირველადი დახმარების გაწევა თავად სცადეს - იუწყება Adevarul.
თეოდორა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ბიძაშვილთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, წვეულებაზე იმყოფებოდა. ცოტა ხანში წვეულება დატოვეს და ნაყინის საყიდლად წავიდნენ, როცა მარკუსმა ქალს ოთხჯერ, გულ-მკერდისა და მუცლის არეში, ესროლა.
ლუპუ თავდასხმის შემდეგ მშვიდად წავიდა. პოლიციამ იგი ახლოს მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში მალევე იპოვა. როგორც ირკვევა, მან თავი მოიკლა.
მამაკაცი გოგონაზე 26 წლით უფროსი იყო და ისინი პირველად მაშინ შეხვდნენ, როცა თეოდორა მხოლოდ 14 წლის იყო. გოგონა ამბობდა, რომ ლუპუს მას შემდეგ დაშორდა, რაც აღმოაჩინა, რომ ყოფილ ცოლთან ბოლომდე არ ჰქონდა ურთიერთობა დამთავრებული.
მოგვიანებით ისევ შერიგდნენ და ორი წლის განმავლობაში ურთიერთობას აგრძელებდნენ, მაგრამ საბოლოოდ დაშორდნენ.
"Love Island"-ის მეექვსე სეზონზე თეოდორამ განაცხადა, რომ დაცვის ორდერი იმიტომ აიღო, რომ ყოფილი პარტნიორი დევნიდა. მას ახალი მამაკაცი, ალექსი ჰყავდა.
"მან ყველაფერი იცოდა: სად ცხოვრობდნენ, სად დადიოდა თეოდორა, რას აკეთებდა. ნაბიჯ-ნაბიჯ დასდევდა. როდესაც გაიგო, რომ გოგონა ორსულად იყო, უთქვამს, მოვდივარ და მუცელს გაგიჭრიო".
თეოდორას პარტნიორი ალექსი იმ დროს კიშინოვში იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ლუპუმ წიგნი დაწერა სახელწოდებით: „მაწანწალას ცხოვრება და მისი ანალიზები", რომელიც თეოდორაზე მის დამოკიდებულებას ასახავდა, თუმცა არ გამოქვეყნებულა. წიგნში ის ამტკიცებდა, რომ თეოდორამ ალექსთან უღალატა.