თამთა ჩაჩანიძე
04.06.2025

"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას წერილობით რეჟიმში აგრძელებს, ამჯერად ვრცელი მიმართვის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ადრესატი კი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

პაპუაშვილი იმედგაცრუებულია იმით, რომ ევროკავშირის სახელი და დაფინანსება "სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება".

პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული მიმართვის ტექსტი 30 მაისითაა დათარიღებული, სადაც აღნიშნავს, რომ ეს იყო განმეორებითი წერილი, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. მისი სიტყვებით, საქართველოში ევროკავშირის მისიას "საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ".

ანალიტიკოსთა შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშორის შორის "ეპისტოლარული ჟანრის" ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საკითხზე, არსებობს თუ არა "ქართულ ოცნებასა" და ევრობლოკს შორის სრულფასოვანი დიალოგის პერსპექტივა, ანალიტიკოსები არსებული მოცემულობით ამ საშუალებას ვერ ხედავენ.

რა ტიპის ურთიერობა ჩამოყალიბდა ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ წერილობითი ურთიერთობა ერთის მხრივ ნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ამოწურულია და მეორეს მხრივ, ეს "ოცნების" მხარდამჭერებზეა გათვლილი.

"ქართული ოცნების" ერთგვარი ტაქტიკაა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, ის ნაცისტურ-ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს, გებელსი საუბრობდა, რომ "დააბრალე შენს მტერს შენი დანაშაულიო" და აქედან გამომდინარე, მიზანია, ევროკავშირს გადააბრალონ თითქოს ექსტრემისტული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, გადატრიალების მოწყობის მცდელობა და ა.შ.

"ამ დროს, თავად "ოცნების" მხრიდანაა მხარდაჭერილი გარკვეული ექსტრემისტული რადიკალური ჯგუფები, მათ შორის ტიტუშკები, კრიმინალური ელემენტები. პაპუაშვილი 5 ივლისის ინციდენტს არც ახსენებს, არც კორცხელისა და 20 ივნისის მოვლენებს და საუბრობს თითქოს აქეთ ევროკავშირი აფინანსებდა ჯგუფებს. თითქოს თავად არიან ქვეყნის პატრიოტები და ვინც უცხო ქვეყნის სახელით და დაფინანსებითაა ყველა ქვეყნის მოღალატეა.

"წერილობითი ურთიერთობა ერთის მხრივ ნიშნავს, რომ ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლებლობები ამოწურეს და არაა გამორიცხული, რომ ევროკავშირის ელჩი და ოფიცილაური პირები მათ არ ხვდებიან.

მეორეს მხრივ, ესაა საინფორმაციო პროპაგანდის წარმოება, მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ თითქოს, ისინი არიან პატრიოტები და ევროკავშირი ჯგუფებს აფინანსებს. ეს ასევე ნეიტრალურად განწყობილ ადამიანებზეა გათვლილი, დააჯეროს და დააბნიოს ეს ნაწილი. თან, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო",-განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ წერილობითი მიმართვები უკვე ევროკავშირზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს და ხელისუფლებამ შესაძლოა კონკრეტული ნაბიჯების გადადგას.

"ეპისტოლარულმა ჟანრმა, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კოლექსტიურ დასავლეთს შორის (მათ შორის ევროკავშირთან) მიმოწერამ მემგონი უკვე აქტუალობა დაკარგა. ეს გარკვეულწილად პოზიციის დაფიქსირება-გამოხატვაა, მაგრამ ვხედავთ, რომ წერილები, მიმართვები უკვე ევროკავშირზე აღარანაირ ზეგავლენას არ ახდენს და საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი ამის მკაფიო გამოხატულებაა.

"ფაქტია, რომ ამ მიმართვების შემდაგ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არაა. ეს ბატონი პაპუაშვილის პირველი წერილი ხომ არაა? თვითონვე წერს, რომ განმეორებით მივმართეო. საქართველოს ხელისუფლება ან ასეთ სტილში გააგრძელებს ევროკავშირთან ურთიერთობას და დარწმუნდება, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, ან სიტუაციიდან გამომდინარე, რაღაც კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას შეეცდება",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს ურთიერთობა წერილებით და არა პირისპირ შეხვედრებით, ანალიტიკოსმა გვითხრა:

"პირად შეხვედრას შესაბამისი მომზადება სჭირდება. ბოლოს და ბოლოს საქართველოს ხელისუფლებას იმის უფლებამოსილება აქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი უბრალოდ დაიბაროს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია.

"საზოგადოებამ და "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ ურთიერთობის ფორმით კმაყოფილი არაა, მემგონი დაინახა, რომ ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ინტერესები დაიცვას. კი ბატონო, ეს მიმოწერები თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ გარკვეული ზღვარი აქვს, რომლის იქითაც, სიტუაცია სხვა ნაბიჯების გადადგმას ითხოვს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

არის თუ არა სრულფასოვანი დიალოგის პერსპექტივა

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამ მოცემულობით დიალოგის პერსპექტივა არაა.

"ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არ არის იმის პერსპექტივა, რომ ევროკავშირმა "ქართულ ოცნებასთან" სრულფასოვანი დიალოგი აღადგინოს."ოცნება" ჯერჯერობით იმით სარგებლობს, რომ ევროკავშირმა ერთიან სანქციათა პაკეტი ვერ შეიმუშავა უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციის გამო.

უნგრეთში ასე თუ ისე, მაინც ჩადიან და იმედი აქვთ, რომ ორბანი მომავალ წელს კიდევ გაიმარჯვებს, თუ არ გაიმარჯვებს, მანამდე დროს იგებენ.

"დღეს ისეთი სანქციები არაა ამოქმედებული, რომ მათ შემოსავლებზე სერიოზული გავლენა ჰქონდეს, ამიტომაც, ჯერჯერობით მდგომარეობით სარგებლობენ. საერთოდ ბოროტი ძალა მოქმედებს პრინციპით - სადამდე გაუვა. პლუს, ოპოზიციაც გარკვეულწილად მოიკოჭლებს და აუცილებელია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აუხსნან რას წარმოადგენს ევროკავშირი საქართველოსთვის და "ქართული ოცნება" დღეს რა საფრთხეა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიალოგის რეალურ პერსპექტივას დღეს ვერ ხედავს.

"იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ისევ და ისევ ევროპარლამენტის ქვეკომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს დავეყრდნობი, სადაც, სხვათა შორის, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარიც ესწრებოდა, იქ ასეთი რამაა ჩაწერილი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ევროინტეგრაციის ცენტრალური მამოძრავებელი ძალა იყოო.

"წარმოიდგინეთ როგორია ამის წაკითხვა და მოსმენა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომები მიდის და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ იმას, რაც მათი მმართველობის დროს ხდებოდა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებში არანაირად არ ჯდება.

"ამ დროს, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას უცხადებს, რომ მისი აზრით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო წამყვანი და მადლობას უძღვნის მას. დიალოგის პერსპექტივა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ამ მოცემულობის პირობებში.

სხვათა შორის, "ევრობარომეტრის" ბოლო გამოკითხვაში ძალიან სერიოზული ვარდნაა დაფიქსირებული ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის ნდობისა, ესეც გარკვეულ ტენდენციებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, დიალოგის რეალურ პერსპექტივას ამ მომენტში ვერ ვხედავ",-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

პაპუაშვილის წერილი ევროკავშირის ელჩს

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში ევროკავშირის მისიით.

„მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.

"სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.

"ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს მიიღონ.

"იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების" სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები.

"ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა.

17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების" სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორები მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების" მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.

"ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური" და „თვითგამოცხადებული" პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად" მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია.

"პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით". ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, "გაფრთხილება" ადრეც არ იქნა გათვალისწინებული და ევროპული დახმარებს "არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა".

"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება, მათ შორის, ევროპული დახმარება, არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა სირცხვილიას" კამპანიას, სახელწოდებით „მე ვისროლე", რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილის სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა.

"2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს, ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

"ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის, არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ, აგრეთვე, მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში - ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს.

"დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ", -ნათქვამია წერილში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×