
ევროკავშირში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, აგენტურას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით ყველა შემთხვევაში განწირულია.
„„ნაცმოძრაობას“ და მის ფილიალებს არჩევნებში არანაირი შანსი არ აქვთ და ეს კარგად იციან. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, მათ ერთიანი აზრი არასოდეს აქვთ და ეს გამოჩნდა კიდეც. ზოგი ამბობს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთო, ზოგმა – არაო, მაგრამ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, უგულავამ თქვა, რასაც უცხოეთი გვეტყვის, ისე უნდა მოვიქცეთო. ეს რეზოლუცია მამტკიცებელია, მათი პატრონები რას ეტყვიან. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ „ნაცმოძრაობის“ ფილიალებმა და მათმა პატრონებმა, „ნაცმოძრაობა“ ყველა შემთხვევაში თავისი ფილიალებით განწირულია – მიიღებენ მონაწილეობას, დამარცხდებიან, არ მიიღებენ და პოლიტიკურად გაქრებიან. როგორც ჩანს, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა მიხვდა, რომ ვერაფერი მოახერხეს რევოლუციური გზით და ახლა გადაწყვიტეს, რომ აგენტურას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდონ. „ნაცმოძრაობას“ ვერაფერი უშველის. ვერც ის პატრონები უშველიან, რომლებიც თითქოს მოუწოდებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.