
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის იმაზე მეტად ზრდას პროგნოზირებს, ვიდრე მთავრობა და ეროვნული ბანკი. ასეთი რამ პირველად ხდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სტაბილური და ხელსაყრელი მდგომარეობაა და მოლოდინიც პოზიტიურია. სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ნალიტიკოსები და მიიჩნევენ, რომ ეკონომიკამ ყველანაირი საფრთხე უკან მოიტოვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მკვეთრად გაზარდა. მათ იმედი აქვთ, რომ ქვეყნის მშპ-ს ტემპი 7.3%-მდე დაჩქარდება.
„საქართველოს ეკონომიკა გამძლეობით გამოირჩევა. ადგილობრივი, გლობალური გამოწვევების მიუხედავად 2024 წელს მშპ-ს ზრდა 9.4%-ი იყო. რაც ძლიერი მოხმარების, ტურიზმიდან შემოსავლების, აიტი და სატრანსპორტო სექტორებში მნიშვნელოვანი წინსვლით არის გამოწვეული. წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 7.3%-ი იქნება. ეს არის ჩვენი, არსებული პროგნოზის გადახედვა და სწორედ ამიტომ გავზარდეთ 6%-იდან 7.3%-მდე. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეჰანდრო ჰაჟდენბერგმა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პროგნოზსს, 2025 წელს "ქართული ოცნების” გუნდი 6%-იანი ეკონომიკურ ზრდას ელის. თავდაპირველად, მთავრობამ ბიუჯეტში 5.5%-იანი მაჩვენებელი გაითვალისწინა, თუმცა საბოლოოდ ცოტათი შეცვალა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წელს მშპს 6%-ზე მეტად გაიზრდება.
„6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა, პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი - 9.4%. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ბევრად უფრო დაბალი და შემდეგ გეგმას ვასრულებდით გადაჭარბებით. ვფიქრობთ, წელსაც იქნება ეს შესაძლებელი. 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება. ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი რამდენიმე დღის წინ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა. აქამდე ცენტრალური ბანკი ქვეყანაში 5%-იან ტემპს ვარაუდობდა.
„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ 9.3% შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება, თუმცა ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ხუთიდან 6.7%-მდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის - 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურება”, - წერია სებ-ის განცხადებაში.
ეკონომისტები სავალუტო ფონდის პროგნოზს მიესალმებიან. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრრზიდენტმა გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა წელსაც დინამიკურად გაიზრდება.
"პირველ რიგში, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საერთაშოიროსო ორგანიზაციას აქვს უფრო უკეთესი მოლოდინი, ვიდრე მთავრობას და ეროვნული ბანკს. საერთოდ, ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური მოლოდინი და პროგნოზი მუდმივად ცვალებადია ხოლმე. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში, ზრდის მიმართულებით ხდება ხოლმე ცვლილება. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც ელოდებიან მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მაგრამ შემდეგ პროგნოზი შეიცვლება ხოლმე და მცირდება ეკონომიკა.
ეს არის იმის მანიშნებელი, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წელსაც შეუძლია ჰქონდეს მაღალი მაჩვენებელი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა გადახედავენ თავიანთ პროგნოზს და გაზრდიან მშპ-ს მონაცემებს.
ცნობილია, რომ პერიოდულად ხდება პროგნოზის გადახედვა, სავალუტო ფონდმა თავიდან დაიწყო 5.5%-იანი ნიშნულით და ახლა 7.3%-მდე ავიდა. ასევე, ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობასაც პირველ ეტაპზე უფრო მოზომილი პროგნოზი ჰქონდა და და მათი მოლოდინიც ოპტიმისტუად შეიცვალა.
თუ ჩვენ გვექნება აქტიური ტურისტული სეზონი და ქვეყნის ეკონომიკაში კვლავ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, სავალუტო ფონტმა ახლანდელი 7.3%-იანი პრიგნოზიც შეცვალოს და უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდეს საქართველოში”, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ "რეზონანსს”.
მთავრობის პროგნოზის ცვლილებას ელოდება კიდევ ერთი ეკონომისტი. როგორც გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს დღეისათვის ჰქონდეთ უფრო ზომიერი პროგნოზი.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზარდა 7.3%-მდე, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ვიცით, რომ პროგნოზი პერიოდულად გადაისინჯება ხოლმე ამა თუ იმ პოზიტიური და ნეგატიური სცენარებიდან გამომდინარე.
სავალუტო ფონდმა თავისი პოზიციით მიუთითა კიდეც, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს მდგრადი მაკროგარემო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას საკმაოდ კარგი პერსპექტივა გააჩნია, მაღალი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მომავალშიც ელოდებიან პოზიტიურ ცვლილებებს. ეს განცხადებები არის ძალიან კარგი, რადგან არ არის მხოლოდ მთავრობის ან ეროვნული ბანკის პოზიცია. როდესაც სსფ ასეთ შეფასებას აკეთებს, ის არა მხოლოდ შიდა ბაზრის კონიუნქტურას ეყრდნობა, არამედ გლობალურ ფაქტორებსაც.
არანაკლებ მნიშვნელივანია ის, რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის პროგნოზი, წინა წლებში, უფრო ოპტიმისტური იყო, ვიდრე სავალუტო ფონდის, მაგრამ, საბოლოო ჯამშინ, საქართველო უფრო მაღალი ზრდით ამთავრებდა წელს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.
არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს დღეისათვის ჰქონდეთ უფრო ზომიერი პროგნოზი. მალე ხელისუფლებაც შეცვლის თავის პოზიციას და გააუმჯობესებს მოლოდინს", - უთხრა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს”.