
პუტინის პასუხი „ობობის ქსელზე"-- კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტმა ეს პირდაპირ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში დააანონსა. უკრაინული დრონებით განხორციელებული დივერსიების ფონზე, მოსკოვში ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ და მუქარის ტონი იზრდება, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის რეაგირება სავარაუდოდ კონვენციური დარტყმებითა და საინფორმაციო ფრონტზე გააქტიურებით შემოიფარგლება, ბირთვული პასუხის ალბათობა კი ამ ეტაპზე მინიმალურია.
შეკითხვას, დონალდ ტრამპთან საუბრისას ნამდვილად თქვა თუ არა პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის" გამო პასუხს გასცემდა, კრემლის პრესპიკერმა პესკოვმა დადებითად უპასუხა.
„დიახ, ეს სიმართლეა.ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს, საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება."
ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინა „ტერორიზმით სახელმწიფო დონეზეა დაკავებული".
„პრეზიდენტმა კიევის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად დაახასიათა, რადგან სწორედ ამ რეჟიმის ხელმძღვანელობამ გასცა სამგზავრო მატარებლის აფეთქების ბრძანება. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი სახელმწიფო დონეზე", - აღნიშნა პესკოვმა.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთში სატვირთო მანქანებით შემოტანილი დრონების გამოყენებით სპეცოპერაცია „ობობის ქსელი" ჩაატარა, კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერები და ცნობილი პროპაგანდისტები სოციალურ მედიებში შურისძიების მოთხოვნით პოსტებს აქვეყნებდნენ, ზოგიერთი მათგანი კი ბირთვულ შეტევაზეც საუბრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ადრე გამოთქვეს მზადყოფნა, უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენონ, ანალიტიკოსები ომის ამ ეტაპზე ასეთი იარაღის საბრძოლო ველზე განლაგებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ.
ცნობისთვის, რუსეთის ბირთვული დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა მხოლოდ იმ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის „კრიტიკულ საფრთხეს" წარმოადგენს.
როგორი იქნება კრემლის პასუხი
დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზასთვის" პოდკასტში, ჟენევაში მოღვაწე რუსეთის ბირთვული ძალების ექსპერტმა პაველ პოდვიგმა უარყო ვარაუდები, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი დრონებით განხორციელებული თავდასხმები ბირთვული შურისძიების საფუძველი შეიძლება გახდეს. თქვა, რომ ოპერაცია არ ემუქრებოდა რუსეთის სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას და არც ძირს უთხრიდა მისი სტრატეგიული ბირთვული არსენალის საპასუხო შესაძლებლობებს.
„როგორც უკრაინის სამხედრო წარმატებებზე წარსულში რეაგირებისას , მოსკოვმა ამჯერადაც შესაძლოა სასიკვდილო ბალისტიკური რაკეტების დარტყმების ტალღა დაიწყოს - ან განათავსოს თავისი ექსპერიმენტული ორეშნიკის რაკეტა, რომელიც გასულ წელს ერთხელ მაინც გამოიყენეს," - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.
უილიამ ალბერკი, სამხედრო ექსპერტი, აღნიშნავს, რომ „ობობის ქსელის" ოპერაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა რუსეთის სტრატეგიული ავიაცია, რაც სერიოზული დარტყმაა და მისი აღდგენა წლები ან ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლო საპასუხო ქმედებები შეიძლება მოიცავდეს: საეთერო და საინფორმაციო იერიშების გამწვავებას - დეზინფორმაციის, პროპაგანდის და კიბერთავდასხმების გაძლიერებას არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ დასავლეთზე, რათა განხეთქილებია დათესონ ნატო-ს წევრებს შორის;
დასავლური იარაღის მომწოდებლების სამიზნედ გამოცხადებას - მოსკოვი შესაძლოა გაამწვავოს რიტორიკა და დაემუქროს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ახალი იარაღით ამარაგებენ, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე;
ფრონტის გაღრმავება ან ახალი დივერსიული ქმედებები - როგორც სამხედრო წერტილოვანი დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე, ისე ჰიბრიდული ოპერაციები მეზობელ ქვეყნებში;
ბირთვული რიტორიკის გაძლიერება - თუმცა ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ რეალურ ბირთვულ ნაბიჯებს, რიტორიკის დონეზე მუქარა კვლავ გამოიყენება შანტაჟის მიზნით.