
კურიერები ,,ვოლსტს" და ,,გლოვოს"კონკურენციის დარღვევაში ადადნაშაულებენ. საქმე ეხება უცხოელების დასაქმებას, რამაც ადგილობრივ მუშახელს პრობლემა შეუქმნა. ისინი დავას კვლავ განაგრძობენ და საკუთარი უფლებების დასაცავად ფინანსთა სამინისტროს მიმართეს. სპეციალისტებს აღნიშნულ საკითხთან დაგკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ დავა სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს, ნაწილი კი სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
საკუთარი უფლებების დასაცავად, თბილისში, რამდენიმე საკურიერო კომპანიაში დასაქმებული კურიერების ნაწილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს „ვოლტისა“ და „გლოვოს“ წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრით მიმართა. როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ბექა კობრიაშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კომპანიების ოფისებში შევიდეს და საქმიანობის კანონიერება გადაამოწმოს. „თუ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგა, სხვა გეგმაზე გადავალთ. ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმის დამუშავება მიმდინარეობს“, - განაცხადა კობრიაშვილმა.
საკურიერო სექტორში დასაქმებულთა უკმაყოფილება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. უცხოელი კურიერების მასობრივი დასაქმება ქართულ ბაზარზე ადგილობრივებს სამუშაოს აკარგვინებს. ამასთან, უკონტროლო დასაქმებამ ანაზღაურების ტარიფებიც მნიშვნელოვნად შეამცირა.
საინტერესოა, სამართლებრივად რა მექანიზმები არსებობს, შესაძლებელია თუ არა ლეგალურ დასაქმების მხრივ კანონმდებლობის გამკაცრება. და რამდენად შესაძლებელია, რომ არსებული პრობლემა სხვა სფეროებსაც მოედოს და უმართავი გახდეს?
პრობლემის სიმწვავეზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ უცხოელებისთვის სამუშაო კვოტები დაწესების შესახებ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება გაეგზავნა, მისი განხილვა კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაევალა.
"მრავალ ქვეყანაში დაწესებულია დასაქმებია კვოტები, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და ადგილობრივების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მოგმართავთ, რათა პარლამენტმა უახლოეს პერიოდში შეიმუშაოს კანონპროექტი შრომის ბაზარზე უცხოელებისთვის კვოტების დაწესების შესახებ”, - აღნიშნულია მიმართვაში.
ეკონომიკური სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების არსებობა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ სახელმწიფომ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი. ჩვენ არაერთხელ სარეკომენდაციო წინადადებები გავახმოვანეთ თუ რა კომპონენტებში უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ პრინციპულობა. დასანანია, რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი გააკეთა და ამ სეგმენტში დასაქმებულები იძულებული არიან პროტესტს მიმართონ.
ფაქტი ერთია, სამართლებრივი განსაზღვრებით, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ, რომ დასაქმებული იყოს და შემოსავალი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ქაოსს, ქურდობას, ძარცვებს და ა.შ. ამიტომ, თუკი ადამიანებს დასაქმების სურვილი აქვთ, მნიშვნელოვანია რეგულირების ჩარჩოები, რომ კონკურენტუნარიანობა შენარჩუნდეს. უცხოელი სტუდენტზე, რომელზეც გაიცემა სტუდენტური ვიზა, აუცილებელია გაწერილი ჰქონდეს რამდენი ხანი შეუძლია იმუშაოს. ის, რომ სტუდენტია და მუშაობა შეუძლია, არ ნიშნავს იმას, რომ ის 24/7-ზე უნდა იყოს დასაქმებული.
რაც შეეხება საჩივარს, რომელიც შეტანილია ფინანსთა სამინისტროში, საბოლოო ინსტანცია, მაინც სახელმწიფოა. რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია.
გარდა იმისა, რომ დასაქმებულებმა შემოსავლების სამსახურის მიმართეს, ასევე უნდა მიმართონ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კონკურენციის სააგენტოს. მათ ევალებთ შეისწავლონ, მოიკვლიონ ბაზარი, რომ ზუსტად ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე. ამ უწყებებმა უნდა შეისწავლონ მდგომარეობა, რომ ერთმა მოახდინოს დასაქმების ბაზრის პირობების შესწავლა, მეორემ კი იმის გადამოწმება როგორაა გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული, როგორია მისი სავიზო მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ დასკვნა გააკეთოს", - განაცხადა ჩარგეიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ თუ ამ დასაქმების ბაზარმა ქართველი რეზიდენტები მთლიანად განდევნა ბაზრიდან და მხოლოდ უკონტროლო სტუდენტები, სხვადასხვა მიზნით საქართველოში შემოსული და დარჩენილები ადამიანები იქნებიან დასაქმებული, შედეგობრივად მივიღებთ იმას, რომ სეგმენტი მთლიანად უცხოელების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.
სამართლის სფეროს სპეციალისტები არსებულ პროტესტის სამართლებრივი შესწავლისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება ბიზნესს დავუპირისპირდეთ, მიდგომები სამართლიანი უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით სანახავია დასაქმებულთა სალდო და მისაღები ისეა გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი სპეციფიკურია. თუ რომელიმე კომპანია აქცენტს მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე გააკეთებს აქცენტს, ეს იქნება დისკრიმინაცია და ამაზე შრომის ინსპექციამ უნდა მოახდინოს რეაგირება.
,,საკითხი სპეციფიკურია და სამართლებრივი პერსპექტივის კუთხით რაიმე არსებითი შედეგის მიღება შეუძლებელია. საკითხი იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დამსაქმებელი და კომპანია რატომ იღებს სამსახურში, დისკრიმინაციულია. კომპანიას, რომელიც ბაზარზე ოპერირებს, ჰყავს როგორც ადგილობრივი მუშახელი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული. ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბიზნესის გადასაწყვეტია საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა განახორციელოს ადგილობრივი კადრით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქით, რომელიც იმავდროულად საქართველოში სამართლებრივი სტატუსით იმყოფება. აქ საუბარი არაა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ და არალეგალურად დასაქმებულებზე.
თუ საუბარია იმის თაობაზე, რომ კომპანიები მიზანმიმართულად ასაქმებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმის გამო, რომ მოხდეს ადგილობრივი მუშახელის ბაზრიდან განდევნა და იაფი მუშახელის ჩანაცვლება, ეს კომპანიების პოლიტიკაა. აქ ბუნებრივია შესაძლებელია საკითხი შრომით ექსპლუატაციის კუთხით დაისვას და დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით. შესაბამისად, სანახავია სტატისტიკის მიხედვით, რომელ კომპანიას დასაქმებულ პირთა რა სალდო აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეების. სხვა შემთხვევაში ზოგადი პრეტენზია, რომ რატომ არ ასაქმებს ზოგიერთი კომპანია ეთნიკურად ქართველს ან საქართველოს მოქალაქეს უსაფუძვლოდ მიმაჩნია.
საკითხს უნდა შევხედოთ არა მხოლოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის კუთხიდან, არამედ კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. თუ ამას არღვევს კომპანია, მაშინ შეიძლება კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ", - განუცხადა ,,რეზონანსს" არჩილ კაიკაციშვილმა.