
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით ბოლო პერიოდში გამოვლენილია ნარკოდანაშაულის - 2370 ფაქტი, პასუხისგებაში მიცემულია - 1712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია - 157 პირი.
ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეა დაკავებული.
ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა.
ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე კანაფი“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.