
„მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ჩემი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე - მას ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი და გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას",- ასე ეხმაურება „ნაც.მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მისი მეუღლის ვიდეომიმართვას, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
„ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს სპექტაკლია და მეტი არაფერი. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ამით ცდილობენ ბოკუჩავას დაშინებას.
ბუკაჩავას თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".
„საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს, ბოდიშს იხდის მის მიერ 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო, უტა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს.
ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, თვალები აუხვიეს. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან თვალებახვეული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ, მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის, ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორწლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას ვცდილობდი, მას არ აძლევდნენ ტელეფონზე წვდომას. ყველას პირადი ცხოვრება პირადია, წერტილი. ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოუხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა, ეს არის, მხოლოდ საბაბი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმება.
ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა, ბიძინა ივანიშვილის მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთები, მათ შორის, გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან, როდესაც ამერიკაში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა, არ მეშინია! არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „რეჟიმმა ჩათვალა, რომ მას ვერ იჭერენ და გადაწყვიტეს, მასზე ოჯახით ზეწოლა განახორციელონ".
„რეჟიმმა ჩათვალა, რომ ისინი მე ვერ მიჭერენ. ამიტომ, გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია! არ გავჩუმდები და ყოველთვის, ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიცრუე, რეჟიმის სიმხდალე, რეჟიმის ბოროტება და მათი ღალატი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
პოლიტიკური შეფასებები პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლის მიზანია, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ბოკუჩავას განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„მე ვფიქრობ, უნდა დაიბარონ მისი ქმარი, კოტე. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს იქიდან, როდესაც ამბობდა, რომ იესო ქრისტეს 30 ვერცხლი ჩაუდეს ჯიბეში და ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი.
აქ არის ერთი ამოცანა - შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა.
მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" მაშინ როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში. დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის პოლიტიკურად განეიტრალებაზე იფიქროს".
„თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის პოლიტიკურად განეიტრალებაზე იფიქროს. ნამდვილად არ აქვს თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი და სჯობს, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე. მას ვურჩევ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს, რადგან კომისიის სხდომებს რაღაც მოგონილი ზღაპრებით ვერ გადაფარავენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამიას განცხადებით, ამას არავინ კადრულობს ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ხელის ბიჭების" გარდა.
„სრულიად კატასტროფული იყო ის, რაც მოვისმინეთ. აღმაფრთოვანებელი იყო თინა ბოკუჩავას გამბედაობა, ასეთ ვითარებაში და ასეთ კონტექსტში ძალიან სწორხაზოვანი და პრინციპული პოზიცია. ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, მის პოლიტიკური განეიტრალებისკენ. იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც ის წარმოადგენს.
სრულ თანადგომას ვუცხადებ თინას და კვლავ ვაფიქსირებ, რომ ამ უმძიმეს „მწვერვალებს" ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება". პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით. ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით. ვგულისხმობ, ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს.
ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ.
ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლების, უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, რომ ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს და არ აწყობს არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩვენ ამაში ღრმად დარწმუნებული ვართ",-განაცხადა გვარამიამ.