
მაღალსართულიანი კორპუსების უკონტროლო მშენებლობის გამო თბილისი ვეღარ ნიავდება. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგაბ მტვრის ნაწილაკები უფრო აქტიურდება და გაბნევის ალბათობაც მეტია. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ერთ დღეს ეკოლოგიური კატასტროფა შესაძლოა, თბილისსაც დაემუქროს.
მიჩნეულია, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების წყარო ავტოტრანსპორტია, მაგრამ არანაკლები ზიანის მომტანია ქალაქის ურბანული სურათი და გათბობის ქვაბების გამონაბოლქვი, რომელიც მძიმე ვითარებას ქმნის.
აკადემიკოს სიმონ ბარამიძის შეფასებით, მთელი თბილისის მასშტაბით, ქარი თითქმის არ მოძრაობს, რაც დაბინძურების რისკს ზრდის. არსებული სტანდარტი კი მინიმალურ დონესაც ვერ აკმაყოფილებს.
,,ჰორიზონტალური განიავება არ ხდება. ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება და დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთხელაც თბილისში ხალხი დაიწამლოს. მერე ამაზეც იტყვიან მოულოდნელი იყოო. დიდი დიღომი ისე გააკეთეს, რომ იქიდან ქარი აღარ გამოდის, არასწორი არქიტექტურა და განაშენიანებაა, რაც გამოიწვევს მასობრივ მოწამვლას.
მტკვრის მარჯვენა მხარეს არაფერი ნიავდება ისე უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი. მტკვარი უნდა იყოს ყველაფრის გამტანი, თუმცა ასე აღარ ხდება. ადრე დიდი დიღომი ქალაქს ანიავებდა 5-6 მ/წმ სიჩქარით მაშინ, როცა ქარის სიჩქარე 13 მ/წმ იყო, ახლა ასე აღარ არის. მტკვრის მარჯვენა მხარეს აღარაფერი ნიავდება. ჰაერი აღარ შემოდის, რაც კატასტროფაა.
მთელ ქალაქში საცხოვრებელი შენობებიდან საკვამლე მილებია გამოშვერილი. მოწამლეს ჰაერი, ახალი თაობა საფრთხეშია. არანაირი მზის ენერგია არ მომატებულა. ჰაერი არ მოძრაობს, არ ნიავდება და რეალურად მოწამლული აირი ტრიალებს ქალაქში. გვგონია, რომ უჰაერობაა, სინამდვილეში ჰაერი "ჩაიკეტა" და ვიწამლებით", - განუცხადა სიმონ ბარამიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".
როგორც აღმოჩნდა, თბილისში ყველაზე დაბინძურებულ უბნებად მტკვრის მარჯვენა სანაპირო ითვლება: რუსთაველი, მთაწმინდა, საბურთალო, პეკინი და მიმდებარე ქუჩები, ასევე მარჯანიშვილიც. ხოლო სუფთა ეკოლოგიის მქონე უბნებს შორისაა: ლისის მიმდებარე ტერიტორია, კუს ტბა, დიღმის რაიონის ნაკლებად განაშენიანებული უბნები და გლდანის მიდამოები.
,,როდესაც ჰორიზონტალური განიავება არ ხდება და ზაფხულში მზისგან ასფალტი ცხელდება, დედაქალაქში მაღალ ტემპერატურას ვიღებთ. სწორედ ამიტომ არის ტემპერატურა ასე მომატებული და კიდევ უფრო გაიზრდება.
მტკვრის მარჯვენა მხარე არის განსაკუთრებით საშიში - საბურთალოს ტერიტორია, ვაკე, ყველა ცენტრალური უბანი. ცათამბჯენები შენდება, წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა.
მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს თბილისს, ელემენტარულად მშენებლობის სამინისტრო უნდა არსებობდეს, მაგრამ ესეც გაუქმდა. ამიტომ არის ამდენი პრობლემა, დაავადება. სისხლი გაუთეთრდება ხალხს. რატომ წირავენ ხალხს ასე?
თუკი გვინდა გამოსავალი მოიძებნოს, პირველ რიგში, კოლექტიური საკვამლე მილები უნდა გაკეთდეს, ეს არაჩვეულებრივი სქემაა და ზამთარში გაზის ხარჯის 30%-იან ეკონომიასაც აკეთებს. ლამაზი მოწყობილობა იქნება, არ დააუშნოვებს ფასადებს.
საბჭოთა კავშირის დროს დასახლებულ ზონას ერთი ძირითადი საქვაბე ჰქონდა. ამაზე დროულად უნდა მივიღოთ ზომები, რა ნაბიჯის გაცილებით ადრე სხვა სახელმწიფოებმა გადადგეს და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვეს. ეს გზა გაიარეს ჩინეთმა და ევროპის სახელმწიფოებმა. უნდა გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი ან ერთი დიდი ქვაბი, ამის კარგი ანალოგია შვედეთში, ფინეთსა და რამდენიმე ქვეყანაში. აქაც შეიძლება დაინერგოს. როგორმე უნდა მივიდეს ეს ხმა მთავრობამდე. დიდი ხარჯი არ არის, მშენებელს უნდა დაეკისროს ვალდებულებად. ხალხი იწამლება, ზომები უნდა მივიღოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ.
მის მოსაზრებას იზიარებს ეკონომისტი, გაზის მეურნეობის სპეციალისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის შეფასებითაც, არასწორი განაშენიანების შედეგად ქალაქში ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ცხოვრება უჭირს, რასაც ემატება ღია ცის ქვეშ მუშაობა - სამშენებლო მოედნები და მტვერი, რომელიც ძალზე მოჭარბებულია თბილისში.
,,ქალაქში ჰაერის ნაკადის მოძრაობა არის შემცირებული, რაც არასწორი განაშენიანების შედეგია. აუცილებელია მშენებარე ობიექტების შეფუთვა, ამით პრობლემა ვერ მოგვარდება, მაგრამ შესაძლებელია მტვრის დონე შემცირდეს. იმისთვის, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ყურადღება უნდა მიექცეს განიავებას, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს რეკრეაციული ზონები, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ იკაფებოდა მწვანე ზოლი, რის ხარჯზეც მიმდინარეობდა მშენებლობა. ამან ქალაქს მძიმე კვალი დაატყო.
აქამდე კანონიც არ არსებობდა, ბოლო წლებში საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგდა, მაგრამ საკმარისი არ არის, მონიტორინგის სისტემაა გასაძლიერებელი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოსო სიმონიშვილმა.
ჰაერის დაბინძურებაში ასევე ნეგატიური როლი შეასრულა კლიმატის ცვლილებამ, რაც გლობალური მასშტაბის პრობლემაა. სიტუაციის გამოსწორება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული,
,,კლიმატის გლობალური ცვლილება ინტენსიურია, რასაც სერიოზული პრობლემა ახლავს, კორექტირება შეაქვს ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეში, სათბური გაზების, ნახშირორჟანგის და აზოტნაერთების ემისია იზრდება, რაც, ძირითადად, საწვავთან არის დაკავშირებული. ერთადერთი გამოსავალია გამწვანებული ზონების გაზრდა, უფრო მეტი ჩრდილის მომტანი ხეები უნდა დაირგოს, რაც აორთქლების მოცულობას შეამცირებს.
საკმაოდ მასშტაბური პრობლემაა, რომლის აღმოფხვრა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მუშაობა ეტაპობრივად, თუმცა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თბილისის განაშენიანებამ სახიფათო ზღვარს მიაღწია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად მოხდეს.
თბილისი, პრაქტიკულად, „ვეღარ სუნთქავს", როგორც კი ტემპერატურა მოიმატებს, ამას უფრო მეტად ვიგრძნობთ, ზაფხულში ქალაქში დარჩენა შეუძლებელი გახდება. ამაში მაღალსართულიანი შენობების გავლენაც დიდია, გამონაბოლქვთან ერთად", - განუცხადა სიმონიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".
სპეციალისტთა შეფასებით, უამრავი მაღალსართულიანი შენობის გამო, თბილისი ბუნებრივად ვეღარ ნიავდება. გაუნიავებელი ქალაქი კი დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის არის საშიში. ამიტომ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სისტემის სრულყოფა და ინფრასტრუქტურის დახვეაა, ყურადღება უნდა მიექცეს განიავებას და რეკრეაციული ზონების მაქსიმალურად შენარჩუნებას.