
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრებს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ვეფხია კასრაძემ მოწმე პოლიციელს, გიორგი მაჭარაშვილს, რომელმაც მისი სახლი გაჩხრიკა, ჰკითხა, რამდენად სწორად მიაჩნია, რომ ჩხრეკა პატარა ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა.
სინდისის პატიმარმა გიორგი მაჭარაშვილს ასევე სთხოვა, აღეწერა სახლი და ეთქვა, ჩხრეკის დროს რა მდგომარეობაში იყო ბინა.
მოწმემ ვერ გაიხსენა ისეთი დეტალები, რაც კასრაძის აზრით, უნდა ხსომებოდა:
როდესაც ჩემთან იყვნენ სახლის ჩხრეკაზე, ჩემთან სახლში იმყოფებოდნენ ბავშვებიც, 7 წლის ბიჭი, პატარა ბავშვებთან ასეთი პირობებით ჩხრეკა, როდესაც ააქოთეს სახლი... რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეგ მითხარით და დაისწარით მეზობლები?,- ჰკითხა კასრაძემ მოწმეს.
პოლიციელმა საპასუხოდ თქვა, რომ ჩხრეკა მშვიდ სამუშაო ვითარებაში ჩატარდა და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სახლს, მოწმემ თქვა, რომ ზუსტად აღარ ახსოვს, თუმცა სტანდარტული საცხოვრებელი ტიპის ბინა იყო.
კასრაძემ პოლიციელს უთხრა, რომ ის "ცრუ მოწმე" იყო, რადგან შეუძლებელი იყო იმის ვერდამახსოვრება, რომ ბინის შესასვლელი ცემენტით იყო სავსე.
ბატონო მოსამართლე, როგორ შეიძლება, არ ახსოვდეს, სახლის შესასვლელი იყო სავსე ცემენტებით. ცრუ მოწმე ბრძანდებით ბატონო გიორგი, ეს მინდა გითხრათ. [...] 7 წლის ბავშვი ისე ააცალა ლეპტოპი, ვერ გაიგო, რა გინდათ თქვენ პოლიციაში საერთოდ?, - თქვა კასრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელებს ჰკითხავენ.