რეზონანსი
09.06.2025

რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტების საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება - კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა , - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. გიგა ბოკერია გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, მისი ქმრის გატაცების თაობაზე.

მისი თქმით, საქმე გვაქვს სახიფათო მოვლენასთან.

„რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შსს სგან, ის რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა - ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ქვეყანაში იმ ხასიათის რეფორმები უნდა ჩატარდეს რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების მქონე პირთაგან ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენებას.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×