"საქმე ისაა, რომ ქვეყანა ვერ იღებს უცხოური ინვესტიციებიდან სარგებელს, ამიტომ სახელმწიფომ საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს"
ქეთო გოგოხია
09.06.2025

საქართველოში ინვესტიციების კლების ტენდენცია გრძელდება, თუმცა ამ ფაქტორის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ძირითად ეკონომიოკურ პარამეტრებზე არ შეიმჩნევა. რაც შეეხება მიზეზს, ეს ერთი მხრივ  ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებაა. გარკვეული არასასურველი ზეგავლენა შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამაც მოახდინა. სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებამ ს ინვესტიციებზეც ადეკვატურად იმოქმედა.

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.

2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სათავეში ჩეხეთია, საიდანაც ინვესტიციების მაჩვენებელმა 43 მლნ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე, 39,6 მლნ დოლარით, აშშ-ია. მესამე ადგილს იკავებს თურქეთი, საიდანაც 28.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი)  25.4 მლნ დოლარით, მეორხე ადგილზეა, ხოლო მეხუთე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, ინვესტიციებმა ამ ქვეყნიდან 25 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, უცხოური კაპიტალის კლების რეალური მიზეზია გართულებული ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ყველაფრის მიუხედავად, ტენდენცია სიტუაციის გაუარესებას არ აჩვენებს

,,ინვესტიციების კლება ბოლო პერიოდის ამბავი არ არის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წლის წლიური მონაცემითაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ტენდენცია გრძელდება. ამ მხრივ გარკვეულწილად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გართულებულმა ურთიერთობებმა იმოქმედა. ბიზნესის ბრუნვის შემცირება რომ არ ყოფილიყო, ეკონომიური ზრდის დადებითი მაჩვენებელი უფრო მეტი გვექნებოდა. ეს ფული ეკონომიკაში დაიხარჯებოდა და მეტი დოვლათი შეიქმნებოდა. 

წლევანდელ პირველში, ევროკავშირის ქვეყნებთან 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ინვესტიციები თითქმის 2-ჯერ არის დაკლებული, მაგრამ შედარებით ნაკლებად არის შემცირებული 2024 წლიოს შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 61,5 მლნ დოლარი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 69,4 მლნ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ტენდენცია სიტუაციის გაუარესებისკენ არ იხრება. ცხადია, ინვესტიციების კლების რეალური მიზეზია გართულებული ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. ახლა ის მოცემულობაა, როცა პოლიტიკა ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს", - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

მისი შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების ერთობლიობა საბოლოოდ ინვესტიციებს ძალიან აზარალებს და მდგომარეობის დასასტაბილურებლად მთავრობას დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება.

გამოქვეყნებული სტატისტიკის საფუძველზე ეკონომისტები ინვესტიციების კუთხით არსებულ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გარკვეული არასახარბიელო გავლენა საინვესტიციო გარემოზე იგრძნობა, მაგრამ დრამატულ ვითარებას ვერ გამოიწვევს.

ანალიტიკოსმა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ინვესტიციების კლების მიზეზი განმარტა და მოსალოდნელ ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ინვესტიციებში კლება, ძირითადად, სავალო ვალდებულებების შემცირებას უკავშირდება, სააქციო კაპიტალში კლებაა, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ნეგატიური ტრენდენცია, რაც ძირითადად საბანკო კრედიტებს და სესხებს მოიცავს. საგარეო ვალი სხვა მაჩვენებელია და ამასთან კავშიურში არ არის. 

საინვესტიციო გარემოს რაც შეეხება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე პოლიტიკური არასტაბილურობა მოქმედებს. მეორეა გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც  ძალიან მაღალია", - განაცხადა ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ წლის განმავლობაში ინვესტიციების კლების ტრენდი შეიძლება შენარჩუნდეს, თუმცა ცვლილება უმნიშვნელო იქნება. 

ეკონომისტი მთავარ პრობლემად ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიიჩნევს და აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მიზერულ სარგებელს იღებს ქვეყანა, ვინაიდან ადგილი აქვს  ფულის გადინებას  ქვეყნიდან, რაც საბოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

,,რაც არ უნდა იყოს, ინვესტიციებზე იმედის დამყარება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ უნდა შევძლოთ  მაღალტექნოლოგიური მომსახურების განვითარება, რაც მსოფლიო ბაზრებზე გაიყიდება. ინვესტიციების კუთხით II კვარტალში რაიმე პოზიტიურის მოლოდინი არ უნდა  გვქონდეს. მეორე, მესამე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება. მეოთხე კვარტალი უკვე არჩევნების შემდეგი პერიოდია და იქაც უკვე ძალიან ბევრი გაურკვევლობა მოსჩანს. ამიტომ ძალიან რთული 2025 წელი გველოდება ინვესტიციების თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ საინვესტიციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ქვეყანა ვერ იღებს ინვესტიციებიდან სარგებელს, შეიძლება იმიტომაც, რომ მერე დიდი ფული უკანვე გაედინება", - აღნიშნა ჯანიაშვილმა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი - 52.3 მლნ აშშ დოლარით (29.2 პროცენტი), ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ აშშ დოლარით (15.3 პროცენტი). ხუთეულში შედის მშენებლობა - 20.5 მლნ აშშ დოლარი და ტრანსპორტი - 18. 3 მლნ აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×