
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უმძიმესი დანაშაული გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი ბავშვობის მეგობარმა, 46 წლის გიორგი ტერაშვილმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
მომხდარზე ინფორმაცია შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადგილობრივების თქმით, ორივე მამაკაცი დევნილია და ისინი წლებია მეჯვრისხევში ცხოვრობენ.
"მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ტერაშვილია. მან სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თავისი თანაკლასელი და მეგობარი, 46 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი. ორივე დევნილები არიან ლიახვის ხეობიდან. ვიცნობ წლებია. 2008 წელს გიორგი ტერაშვილმა ჩვენს სოფელში, მეჯვრისხევში სახელმწიფო პროგრამით იყიდა კერძო სახლი. დევნილებს რომ აძლევენ ფულს ამ გზით იყიდა და დასახლდა. მერე მეზობლად თავის მეგობარს, ვიტალი ჯოჯიშვილსაც აყიდინა სახლი. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და მეგობრობდნენ.
რა მოხდა წუხელ მათ შორის და რატომ გაიმეტა მოსაკლავად მეგობარი, ვერ გეტყვით. დიდი ხნის კონფლიქტი მათ შორის არ იქნებოდა, რადგან სულ ერთად იყვნენ ხოლმე. როგორც ვიცი, მეგობრები და კლასელები არიან. აქაც სოფელში ახლო ახლოს ცხოვრობდნენ. გუშინ ღამე მომხდარა კონფლიქტი მათ შორის. სუფრასთან ერთად ისხდნენ სხვის სახლში, მეზობელთან ქეიფობდნენ და იქ წაკამათებულან. როგორც გავიგე, რაღაც ჩხუბი მოსვლიათ სამი თვის წინ ერთმანეთში, მერე ისევ შერიგდნენო, მაგრამ ახლა ეტყობა გაუხსენეს ერთმანეთს ძველი წყენა.
სანადირო თოფიდან გასროლით ჰყავს მოკლული. დაჭრილი ვიტალი სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ვუთანაგრძნობ მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახს. ვიტალის მეუღლე მეჯვრისხეველია. ორივე დაოჯახებულია. გიორგი ტერაშვილს ორი გოგონა ჰყავს, მისი მეუღლე წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ.
ამ შემზარავ მკვლელობას შეესწრო ის ადამიანები, ვინც სუფრასთან ისხდნენ. კონფლიქტის მერე როგორც ჩანს წავიდა იარაღის მოსატანად, მოვიდა და ესროლა მეგობარს, მკვლელობა უბანში მოხდა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მერის წარმომადგენელი სოფელ მეჯვრისხევში ბერდია ფიცხელაურმა.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მეზობლების თქმით, მას ჭრილობა აქვს ყელის არეში მიყენებული.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე