თვითმმართველობის არჩევნებამდე სავალუტო ბაზარზე სრული სტაბილურობა იქნება
გვანცა წულაია
10.06.2025

ლარის კურსი, ბოლო პერიოდში, სტაბილურობას განიცდის და არც რაიმე გაუარესებაა მოსალოდნელი ზაფხულის განმავლობაში. შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების მოდის და შესაძლოა, მცირედი გაუფასურება მივიღოთ, იქამდე კი სტაბილურობა შენარჩუნდება და კურსი მეტად გამყარდება. 

მიმდინარე წლის პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, აღმოჩნდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის კურსი 8 თეთრით არის გამყარებული. თუ კი წლის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 2.81 ლარი ღირდა, ახლა მოხემულობა შეცვლილია და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარს შეადგენს. ეს გარემოება კი იმაზე მითითითებს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა და შედეგად ლარი ეტაპობრივად მყარდება. 

მეტიც, როგორც "თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული, ლარი შემდეგომ პერიოდშიც გამყარდება.  

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკი გარკვეულწილად მომატებულია, "თიბისი კაპიტალი” ფიქრობს, რომ ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი.

"ბოლო პერიოდში ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების ზეწოლისკენ უფრო მეტად გამოიკვეთა. ამ კუთხით, წამყვან როლს საგარეო ფაქტორები ასრულებს, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება შიდა კომპონენტის მხრივაც. 

გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინება, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება”, - წერია "თიბისი კაპიტალის” კვლევაში. 

პროგნოზს იზიარებს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე და შედეგად თავადაც მიიჩნევს, რომ ზაფხულის პერიოდში ეროვნული ვალუტა გამყარდება. 

"პრინციპში "თიბისი კაპიტალის” პროგნოზს შეგვიძლია დავეთანხმოთ, რადგან ზაფხულის ტურისტული სეზონი იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება გაძლიერდება. თავისთავად ცხადია, რომ ეს დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რაც ეხება ვალუტაში გასაცემ სესხებს. ამ გზით ფაქტობრივად აიკრძალა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები, რადგან 750 ათასი უნდა იყოს სესხის მოცულობა, რომ უცხოურ ვალუტაში გაიცეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კრედიტები გაიცემა მხოლოდ ლარში, რაც ბანკებს უბიძგებს უფრო მეტად იზრუნონ ეროვნული და არა უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე. 

ვინაიდან ლარი უფრო მოთხოვნადია, ვიდრე უცხოური ვალუტა, შესაბამისად, უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდება. მაგალითად ევროში, საერთოდ არაფერს აღარ რიცხავენ, დოლარში 2.5%-ია, ამიტომ მომხმარებლები იძულებული ხდებიან დეპოზიტებიც კი გადაიყვანონ ლარში, რაც ეროვნულ ვალუტაზე გაზრდის მოთხოვნას, თუმცა ჯამში ეს არ არის ბოლომდე დადებითი მოვლენა, რადგან სესხები ძალიან გაუძვირდება მომხმარებლებს. ლარში საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. ასე რომ, ერთი მხრივ, შეიძლება გვქონდეს გამყარებული კურსი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან შეიძლება შეანელოს ეკონომიკური აქტივობა, ანუ შეამციროს მოთხოვნა სესხებზე და საბოლოო ჯამში, რაღაც პერიოდის შემდეგ მიგვიყვანს გაცვლითი კურსის პრობლემასთან”, - განუცხადა გოჩა თუთბერიძემ "რეზონანსს”. 

ცხელი სეზონის პერიოდში ლარის გამაყრებას ელიან ფინანსისტებიც. ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ სექტემბრის ჩათვლით, ლარის კურსის გამყარებას უნდა ველოდოთ.

"მე ველოდი, რომ ამ პერიოდში და ზაფხულის განმავლობაში კურსი იქნებოდა გამაყრებული. ეს თვალსაზრისი ორ ფაქტორს ეყრდნობა. პირველი ეს არის სეზონური ფაქტორი, რაც დაკავშირებული ტურუსტული ნაკადის ზრდასთან, ხოლო მეორე ფაქტორი ეს არის ეკონომიკური პარამეტრები, თუ როგორი არის ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, სავალუტო შემოდინება და ა.შ. ამ ყველაფრის დაკვირვების შედეგად გავაკეთე პროგნოზი, რომ ლარის კურსი იქნებოდა სტაბილური და გამყარებისკენ მიმართული. 

როდესაც სეზონური და ფუნდამენტური ფაქტორი პოზიტიურია, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეროვნულ ვალუტაზე, რადგან ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა შემოდის და ნეტო ბალანსი რჩება დადებითი. 

ტურისტული სეზონი პიკს მალე მიაღწევს. ცხელი სეზონიPახლა იწყება, ამიტომ ამ თვეებში, სექტემბრის ჩათვლით, ლარის გამყარებას უნდა ველოდოთ. 

რაიმე ფაქტორი, რომლიც კურსის გაუარესებას მოაიწვევს, დღესაც არის გუშინაც იყო და სამწუხაროდ, ხვალაც იქნება, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომსს. სხვა რაიმე გლობალური ფაქტორი ლარზე ნეგატიურად ვერ აისახება, თანაც ნავთობი იაფდება, არ ძვირდება.

ზაფხულის პერიოდში ყოფილა ხოლმე რყევა. აქ არ იგულისხმება მაღალი ამპლიტუდა, არამედ ლარი რამდენიმე თეთრით გაიაფებულა. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, თუ იმ პერიოდში როგორია საგარეო ვალის მომსახურების დინამიკა. ახლა, ასეთი ტენდენტიაა, რომ ლარი გამყარებისკენ უფრო წავა, ვიდრე გაუფასურებისკენ”, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×