ბენზინისა და დიზელის ღირებულება დაახლოებით დღევანდელ დიაპაზონში იქნება
გვანცა წულაია
11.06.2025

მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე ბოლო პერიოდის მდგომარეობა სტაბილურია და რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეინიშნება, არც მკვეთრი სხვაობაა მოსალოდნელი დღევანდელ ფასებთან შედარებით. ასეთივე სტაბილური მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით და ზაფხულის პერიოდში, ლარის მოსალოდნელი სიმყარის გათვალისწინებით, შეიძლება საწვავი ცოტათი გაიაფდეს კიდეც. 

დღეისათვის, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ბრენტის ტიპის საწვავის ღირებულება 67 დოლარს შეადგენს. ასევე 67 დოლარის ფარგლებშია რუსული ურალსის ფასი. ორივე მიმართულებით არსებული მოცემულობა ბოლო დროის სტაბილურ მდგომარეობს აჩვენებს. თუ უკანასკნელ პერიოდს დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ 1 ბარელი შავი ოქრო 63-67 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 

საქართველოსთვის, როგორც იმპორტდამოკიდებული სახელმწიფოსთვის, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაცია მნიშვნელოვანია, რადგან გლობალურად მიმდინარე მოვლენები ქვეყანის შიდა ბაზარზე ახდენს გავლენას. პარალელურად მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის ნიშნული და აქაც, თუ ბოლო დროის ტენდენცია დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ეროვნული ვალუტა ნელ-ნელა მყარდება და ყოველ ჯერზე სტაბილურობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ, ამ მიმართულებითაც მთელი ზაფხულის განმავლობაში დადებითი მოლოდინია შექმნილი. 

ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც გლობალურად, ისე საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული მდგომარეობა გამორჩეულად სტაბილურია.

"საერთოდ, ჩვენს შიდა ბაზარზე ძალიან კარგი და მდგრადი სიტუაციაა. მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის დამოკიდებულია სხვა ქვეყანაზე. რადგან არ გვაქვს ჩვენი პროდუქტი, ამიტომ ვყიდულობთ სანავთობო სახელმწიფოებიდან საწვავს და ამ გზით ვამარაგებთ ჩვენი ქვეყნის შიდა ბაზარს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ამჟამად არსებული მდგომარეობა ჩვენთვის კარგია და გულს უხარია, რომ მომწოდებელ ქვეყნებში კარგი ვითარებაა. 

გარდა ამისა, ქართული ლარის და დოლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ დამაიმედებელია. სახეზეა თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ეტაპობრივი გამყარების პროცესი. ჩვენთან ფულის ერთეული სტაბილურია და იმპორტირებული ნავთობპროდქტების ფასებსაც ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება.

მწარმოებელ ქვეყნებში კარგი მოცემულობაა, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ დიდმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სტაბილურობისკენ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას და ყველა იმ ქვეყანას, ვინც ომში სხვადასხვა ფორმით არის ჩართული. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მოაქვს ეკონომიკური სტაბილურობა და თითქმის ყველა ბაზრებზე დადებითი მოლოდინი. 

რაც შეეხება რუსეთს, დღეისათვის მოწოდების ძალიან კარგი ბალანსია ამ ქვეყნიდან. აუცილებლად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შემოტანილი პროდუქტი ძალიან კარგია ხარისხობრივად, თუმცა არსებობს ერთი რამ, ძალიან კარგი იქნება, თუ კი იარსებებდა მოწოდების და პარტნიორობის სტაბილური ფორმა. თავად პროდუქტი კი, როგორც აღვნიშე, სრულიად შეესაბამება სტანდარტეს”, - განუცხადა "რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა. 

განსხვავებული მოსაზრება აქვთ სფეროს სპეციალისტებს. მათი მოლოდინით, უახლოეს პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაძვირდება. ეს კი გავლენას რამდენიმე მიმართულებით იქონიებს.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებული ფასი უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. 

"ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ნავთობის ფასი იქნებოდა 60-70-იან შუალდეში. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობდა, რომ შავი ოქროს ფასი 55 დოლარამდე დაეცემოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. 

უახლოეს პერიოდში, ნავთობის გაიაფებას ნამდვილად არ ველოდებით, ამერიკაში შექმნილი გარკვეული არეულობის გამო, რაც ლოს-ანჯელესში ხდება. დოლარი შესუსტებას განაგრძობს და მოსალოდნელია ეროვნული ვალუტრბის ცოტა კიდევ გამყარდება, საუბარია არა მარტო ქართულ ლარზე, არამედ სხვა ვალუტებზეც. 

სამომავლოდ კი ოქროსა და ნავთობის ფასი ცოტათი კიდევ გაიზრდება. გაძვირდება წამყვანი კრიპტოვალუტების ღირებულებაც. ნავთობი უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში 65 დოლარზე დაბლა არ ჩამოვა, პირიქით, ველოდებით 1 ბარელის 70 დოლარამდე გაძვირებას. 

ფასების ცვლილებას არ ველოდებით საქართველოსთან მიმართებაში, არც დაკლების მხრივ და არც ზრდის კუთხით. უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში შენარჩუნდება ასრებული მოცემულობა”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

ივლისის დასაწყისში "ოპეკი პლუსის" ქვენებმა ნედლი ნავთობის მოპოვება უნდა გაზარდონ. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება სანავთობო ბირჟებზე ფასთა ცვლილება დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×