
ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისევ ალაპარაკდა. მართალია, უმრავლესობა ამას არ თანხმდება, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილს ამის სურვილი ნამდვილად გააჩნია. თუკი ოდესმე გადაიდგემა ასეთი ნაბიჯი რა ეკონომიკური გავლენა ექნება საქართველოზე?
საქართველოს არჩეული გზის გამო ევროკავშირმა ქვეყნის მორიგი დასჯა გადაწყვიტა, რაც შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაში გამოიხატოს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
"ჩვენ აუცილებელი უმრავლესობის მოგროვებაზე ვმუშაობთ, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა, სხვებთან ერთად. დიახ, ეს ჩემი მიზანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, რომელსაც სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, თუმცა ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს.
ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ მე მხარს ვუჭერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს“, - თქვა ტუსკმა.
მართალია, რიგ ქვეყნებს ამის სურვილი დიდი ხანია გააჩნიათ, მაგრამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეწინააღმდეგება. ამას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ პერჩინსკიც ადასტურებს.
„უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს. ჩვენ ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაძლებლობა გავუზიარეთ. სამი წლის წინ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი შეიტანა და მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ. სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს.
წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. დისკუსიები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ფაქტს გამოეხმაურენ საქართველს მთავრობაში და როგორც პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება შანტაჟია.
"პოლონეთის პარლამენტიდან მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც ბუნებრივია არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად. იმედი მაქვს, მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ჩვენი არჩევანი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ყველამ პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, შანტაჟი შანტაჟად დარჩება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობასთან ერთად, უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას შანტაჟად აღიქვამს ანალიტიკოსთა ნაწილი. როგორც ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა, ეს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მორგი მცდელობაა.
"რაც ბოლოს პოლონეთის პრემიერმა გაანხმოვანა, ამის მიზეზი არის თითიდან გამოწოვილი. მე ევრ ვხედავ რაიმე ობიექტურ საბაბს და ეს მხოლოდ არის საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. გაგრძელება იმ პროცესის, რაც დაიწყო ჯერ კიდევ უკარინაში შეჭრიდან. გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პროცესი როგორ წარიმართა, შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა.
ხედავენ, რომ მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რესურსიც ამოიწურა და დიდი ნახია დაიწყეს საუბარი სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ის, რომ ოპოზიცია დარბის ევროინტერგაციის შესაჩერებლად, ესეც არ არის სიახლე, ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ ვითარდება. ხდება ის, რაზეც საუბრობდნენ და იმუქრებოდნენ.
რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს არის რაღაც სერიოზული ბერკეტი და უვიზო მიმოსვლის შეაჩერება მოსახლეობას ააფეთქებს, ასე არ მოხდება და ეს არის მათი ცრუ მოლოდინი. მათ მიერ მართულ ძალებს აქ რომ მხარდაჭერა ჰქონდეთ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გარეშეც შეძლებდნენ რაიმეს და პირველ რიგში, არჩევნებზე დადებდნენ შედეგს”, - განუცხადა "რეზონანსს” ამირან სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს ეკონომიკას სერიოზული პრობლემა არ ემუქრება.
"რაც შეეხება ეკონომიკაზე ზემოქმედებას, პირდაპირი გავლენა ამას არ ექნება. რა თქმა უნდა, გარკვეული ბიზნესის განწყობაზე იმოქმედებს. შესაძლოა, გავლენა მოახდიონოს ინვესტიციებზეც, მაგრამ არა მგონია სერიოზულად, რადგან ვისაც საქართველოში ჩამოსვლა და საქმის კეთება სურს, მაინც ჩამოვა. ბიზნესსა და ეკონომიკაზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებით სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ.
ჩვენ მოქალაქეებს გაურთულდებათ ევროპაში გამგზავრება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ. ძალები, რომლებიც აყენებენ ამ საკითხს, ცდილობენ მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას. ეს მეთოდი საბჭოთა კავშირში, საბჭოთა ჯარშიც კი აკრძალული იყო. თავადაც კარგად იციან, რამდენად ზღვარგადასული ქმედებაა, მაგრამ არ აქვთ მეტი რესურსი და სჯიან მოსახლეობას.
დიდი ალბათობით, ეს გეგმა ჩაუვარდებათ, მაგრამ ის, რომ ამ საკითხს აყენებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია ექნება - იმოქმედებს ევროპის საწინააღმდეგოდ. თვითონ გამოაქვეყნეს თუ რამდენად მცირდება საქართველოში პროევროპული განწყობა და ამის მიზეზიც თავად არიან, თავიანთი ქმედებებით, კიდევ გადადგამენ მსგავს ნაბიჯს და კიდევ უფრო შემცირდება ევროინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში, რადგან ამას ქართველი ხალხი აღიქვამს, როგორც მათრახს. მათრახი არ მოგვწონდა წინა იმპერიებიდან და რატომ უნდა მოგვეწონოს ევროპიდან?” - აღნიშნა სალუქვაძემ "რეზონანსთან” საუბრისას.
განსხვავებული მოსაზრება აქვს სპეციალისტთა მეორე ნაწილს. მათი მოსაზრებით, შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზი ევროპაში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალია და პოლიტიკა არაფერ შუაშია. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ევროპაში კრიმინალური ვითარება ქართველი ემიგრანტების ხარჯზეა დამძიმებული.
"ჩემი აზრით, გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის დასავლეთში, არღვევს სავიზო პირობებს, რჩება არალეგალურად და ა.შ. მეორე არის ის ძალადობა, რომელსაც ბევრი მიმართავს, მაგალითად პოლონეთში, მოხდა სასტიკი მკვლელობა და ა.შ. საქართველოდან ევროპაში ბევრი ისეთი ადამინი მიდის, ვისაც აქვს კრიმინალური განზრახვა. საქართველოში ე.წ. ქურდების მიმართს მკაცრი ზომები მოქმედებს, მათი უმრავლესობა უცხოეთში გადაბარგდა და იქ მოაწყვეს ორგანიზებული ძალდობრივი კარტელები - ეს არის ქურდობა, ნარკოტიკები და სხვა უკანონო საქმიანობა.
რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის ეს რთული მოსასმენია, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ კრიმინალური ვითარება ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე არის დამძიმებული. ხშირ შემთხვევაში ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა ზედმეტად ლოიალურია და ბევრი ამით ბოროტად სარგებლობს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ძირითადი მიზეზი საქართველოში განვითარებული პოლიტიკის პროცესებია, არა მგონია ეს თემა პირველ ადგილზე იყოს. მათთვის მნიშვნელოვანია ის საფრთხე, რომელსაც ხედავენ ამ შემთხვევაში. ახლა იმიტომ არის უვიზო მიმოვლის შეჩერებაზე საუბარი, რომ ბოლო დროს ძალიან გამწვავდა საკითხი. პოლონეთში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძარცვა და მკვლელობა. ხალხი გამწარდა და ვიღაცამ ხომ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. შეიძლება პოლიტიკურ სიტუაციასაც დავუკავშიროთ, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობენ და ალბათ, არც არის სინამდვილეში”, - უთხრა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ და დასძინა, რომ `ჩვენი სასაზღვრო სისტემა არ მუშაობს შესაბამისად, არ ემსახურება იმ ხელშეკრულებების შესრულებას, რომლებზეც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული”.