
„ქართულმა ოცნება" გადაწყვიტა სოფელ ჩორჩანაში მომხდარი 6 წლის წინანდელი ამბავი გამოიძიოს. ამის საფუძველზე მაშინდელ შს მინისტრსა და ამჟამად ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას შესაძლოა ბრალი წაუყენონ. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს, სადაც გახარიას პარტიას, სხვე რეიტინგული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობა.
14 ივნისს ამ საკითხზე პროკურატურას ჩვენება მისცა მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან არ გამორიცხა, რომ მისი და ასევე სხვა ყოფილი მაღალი რანგის ძალოვნების ჩვენებათა საფუძველზე, პროკურატურამ გახარიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღოს.
„მარტო ჩემი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე - კი, ბატონო", - განაცხადა გომელაურმა.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში შსს-ის მაღალი თანამდებობის პირებიც გამოიკითხებიან.
„გამოძიების ფარგლებში ალბათ, შსს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვაც დასჭირდებათ, ასევე უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი შეიძლება დაიბარონ, ბევრი იქნება. მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო, პირველ რიგში ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე", - განაცხადა გომელაურმა.
პროკურატურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართულ ოცნებას" ეშინია გახარიასი, რადგან მან, სხვებისგან განსხვავებით, არჩევნებზე უარი არ თქვა", - ასე შეაფასა პროკურატურაშ გამოძიების დაწყება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ნაკლებად ვარაუდობს გახარიას ადგილობრივ არჩევნებამდე დაკავებას:
„მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლება გახარიას არ დააკავებს. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნას დადებს პროკურატურა თავის გამძიების შედეგად".
რა ხდებოდა ჩორჩანაში
2019 წლის აგვისტოში შსს-მ, რომელსაც მაშინ გახარია ხელმძღვანელობდა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში პოლიციის საგუშაგო გახსნა. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებს ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილად მიაჩნდათ და აქ თავად აპირებდნენ დე ფაქტო საზღვრის გავლებასა და საგუშაგოს გახსნას.
ყოველივე ამან ვითარების სერიოზული დაძაბვა გამოიწვია, თუმცა ღია კონფრონტაციემდე საქმე არ მისულა და რამდენიმე კვირაში კონფლიქტი ამოიწურა.
ანალიტიკოსთა ნაწილი და გახარიას მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მაშინდელმა შს მინისტრმა თავისი მოქმედებით ეს კონკრეტული ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ დატოვა და ოკუპანტებს მისი მავთულხლართების მიღმა მოქცევის საშუალება არ მისცა.
გახარიას ოპონენტები კი მას იმაში ადანაშაულებენ, რომ თვითნებურად მოქმედებდა, საქმის კურსში არ ჩააყენა სახელმწიფოს მეთაური და სხვა ძალოვანი სტრუქტურები და ქვეყანა ფაქტობრივად ახალი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე დააყენა. გარდა ამისა, ქართული მხარის ქმედებების საპასუხოდ, ოკუპანტებმა საკოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთებზე გახსნეს თავისი დამატებითი საგუშაგოები და ახალი ქართული ტერიტორიები მოაქციეს თავისი კონტროლის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 2019 წლის სექტემბერში, გიორგი გახარია უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩორჩანაში მომხდარ მოვლენებზე ამბობს, რომ შეუძლებელია გიორგი გახარიას საქმის კურში არ ჩაეყენებინა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ასევე თავისი მოქმედებები არ შეეთანხმებინა ბიძინა ივანიშვილთან.
„ჩორჩანაში რაც ხდებოდა, ყველაფერი „ქართული ოცნების" ნებით იყო და რაც ახლა ხდება ამორალურია. ეს არჩევნების წინ ხდება, ანუ აშკარაა, რომ „ოცნებას" ეშინია გახარიას მონაწილეობის. ამიტომ ამას ჩორჩანასთან საერთო არაფერი აქვს. ჩორჩანაში მოხდა ის, რომ ქართულმა მხარემ ჩათვალა, რომ არსებობს რაღაც საფრთხეები, ოსურ მხარეს შესაძლებელი იყო გაეფართოვებინა კონტროლის ტერიტორია ტყეში და შესაბამისად, მოვლენებს დაასწრო. ამაში განსაკუთრებული არაფერია და ამით სახელმწიფო არ დაქცეულა.
„მე, როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანი, გეტყვით, რომ ჩორჩანის ამბით საქართველომ არც არაფერი მოიგო და არც არაფერი წააგო. საბოლოო ჯამში არაფერი მომხდარა. შედეგი ისევე ნულია, რაც მანამდე იყო. აქედან გამომდინარე ამაზე არანაირი ლაპარაკი არ უნდა იყოს.
„გამორიცხულია, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს არ სცოდნოდათ, რომ გახარია ამას აპირებდა. ასევე აუცილებლად შეათანხმებდა ბიძინა ივანიშვილთან.", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს საგუშაგოს გახსნით საქართველოს რაიმე საფრთხე მიადგა, თუ პირიქით, ეს გარკვეული სარგებლის მომტანი იყო.
„მე ასე დეტალურად ამ საკითხში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთი რაც ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს ამ საგუშაგოს გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ალბათ დაადგენს, კონკრეტულად ამ საგუშაგოს გახსნით ჩვენს სახელმწიფოს ზარალი მიადგა, თუ ეს საგუშაგო რაღაცნაირად სარეგბლის მომტანი იყო", - თქვა ზაალ ანჯაფარიძემ.
რამდენად ლოგიკურია ახლა გამოძიების დაწყება
პაატა ზაქარეიშვილი გამოძიების ახლა დაწყებას ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს და ფიქრობს, რომ „ოცნებას" გახარიასი ეშინია.
„ქართულ ოცნებას" ეშინია გახარიასი, რადგან მან, სხვებისგან განსხვავებით, არჩევნებზე უარი არ თქვა. ამიტომ რაღაცებს ქექავს. ეს რომ ყოფილიყო ნებისმიერი სხვა, მაგალითად, ბახტაძე, რომელიც არავის ახსოვს და მას მოენდომებინა არჩევნებში მონაწილეობა თავისი შექმნილი პარტიით, იმასაც რაღაცას ამოუქექავდნენ.
„ამიტომ ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. გამძიების დაწყება ლოგიკურია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. იქნებ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტზე მიდიან, გონს მოეგონ და მიხვდნენ, რამდენად დიდ შანს უკარგავენ საქართველოს და რამდენად ჩუქნიან „ოცნებას" ძალაუფლებას, თანაც მრავალი წლით. ამ ფონზე ეს არის წმინდა წყლის საარჩევნო კამპანია", - თქვა ზაქარეიშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძეს კი ლოგიკურად მიაჩნია ამ საკითხის ახლა გამოძიება.
„ჩემი აზრით, რაც „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ანუ შექმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, როდესაც პირობა დადო, რომ პოლიტიკიდან მოკვეთდა „ნაცმოძრაობას" და მასთან აფილირებულ პარტიებს, ეს ამ პოლიტიკურ კარკასში ჯდება და გახარიას საქმეც ერთ-ერთი პატარა შემადგენილი ნაწილია. შესაძლოა უბრალოდ მანამდე მათ ვერ მოიცალეს ამისთვის და ახლა დაიწყეს გამოძიება.
„ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მე ერთ რამეს მივაქციე ყურადღება, რაც გომელაურმა თქვა თავის ინტერვიუში - რომ ამ საგუშაგოს გახსნის შედეგად ოსმა სეპარატისტებმა საპასუხოდ დამატებითი საგუშაგოები გახსნეს. შესაბამისად, ტერიტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ადრე შედიოდნენ იმ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, ახლა ეს ტერიტორიები მათთვის მიუწვდომელი გახდა. თუმცა, მე არ ვარ ამ სფეროს ქსპერტი, რომ უსაფრთხოების კუთხით ვისაუბრო, თუ რა სარგებელი მიიღო სახელმწიფომ საგუშაგოთ გახსნით.
„მეორე საკითხი არის ის, თუ რატომ არ მოხდა უფრო მჭიდრო კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის. თუკი, დავუშვათ, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევდა, რომ საგუშაგო არაფრის დიდებით არ უნდა გახსნილიყო, შსს კი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო, სად იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი? რატომ არ ჩაერია საკიხის განხილვაში? აქ უკვე წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მენეჯმენტთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
დაიჭერენ თუ არა გახარიას
პაატა ზაქარეიშვილი კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გიორგი გახარიას დაპატიმრება პასუხობს:
„თუ გახარია დააკავეს იმ ფონზე, რომ პარტია მაინც მონაწილეობს არჩევნებში, მაშინ ეს გახარიასთვის კარგი იქნება, რადგან უფრო მეტი ხალხი მივა და ციხეში მჯდომ გახარიას ხმას მისცემს, სოლიდარობას გამოუცხადებენ. მთავარია, როგორც „ნაცმოძრაობამ", უკან არ დაიხიოს. ყველას ხომ არ ჩასვამენ ციხეში?! „ოცნების" მიზანიც ესაა, რომ უარი თქვან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით კი, „ოცნება" ადგილობრივ არჩევნებამდე გახარიას არ დააკავებს.
„ჩემთვის რთულია თქმა, დაიჭერენ თუ არა გახარიას იქიდან გამომდინარე, თუ რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე ყოველი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას და ციხეში გაშვებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლება გახარიას არ დააკავებს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნას დადებს პროკურატურა თავის გამძიების შედეგად. თუ დასკვნაში ცალსახად გამოიკვეთა ის, რაც პროკურატურის განცხადებაში წერია, მაშინ ღიად დადგება საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებმა პასუხი უნდა აგოს კანონის შესაბამისად", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
გახარიას და ენმ-ის დაპირისპირება
ჩორჩანას მოვლენებზე გამოძიების დაწყებას პარტიის „გახარია საქართველოსთვისა" და „ნაციონალური მოძღაობის" დაპირისპირებაც მოყვა. ექსპრემიერის პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამასთან დაკავშირებით ენმ-ის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტი.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავამ განცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაურის დაბარება, გიორგი გახარიას არჩევანის წინაშე დაყენებაა ციხესა და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას შორის. ამით ბოკუჩავა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.
„გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე, ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა", - აცხადებს ბოკუჩავა.
ამასთან, „გახარია საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური „ნაცმოძრაობაზე" წერს, რომ არცერთ „ნაცს", არცერთს არ უთქვამს, ჩორჩანას თემით „ოცნება" ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრს.
„ნაცები" წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო.
„ანუ, კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს - მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო. ლოგიკა, როგორც ასეთი.
„სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, არცერთ „ნაცს", არცერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება" ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო.
„აი, ამიტომ არის 13 წელი „ნაცმო" სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი", - წერს ანა ბუჩუკური „ფეისბუქზე".