რეზონანსი
15.06.2025

 საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს!", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე.

„მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×