
ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო თავდასხმები გრძელდება. მსხვერპლი ორივე მხრიდან დიდია - დაღუპულთა და დაზარალებულთა დაროდენობა იზრდება. ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, რომ დაპირისპირება მალე დასრულდეს, პირიქით, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, ვინაიდან ჯერჯერობით უკან არცერთი იხევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია. ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი ირანელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს, ბირთვული ენერგიით ისარგებლოს.
„ირანელმა ხალხმა ხელები უნდა ჩასჭიდოს ერთმანეთს და მტკიცედ დაუპირისპირდეს ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვისარგებლოთ ბირთვული ენერგიით და ჩავატაროთ კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების ინტერესების უკეთესად მომსახურებას და მიზნების მიღწევას", - განაცხადა პეზეშკიანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი წერს, რომ „თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, თავიანთი სახლების ევაკუაცია მოახდინონ". „თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის ფასი და მოახდინონ თავიანთი სახლების ევაკუაცია იმ ტერიტორიებიდან, სადაც საჭირო იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მცხოვრებლების დაცვას", - წერს ისრაელ კაცი.
ასევე, მისივე თქმით, „თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ სროლებს ახორციელებს, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც მის შესაძლებლობებს ანადგურებს. თეირანის მცხოვრებლები ამის ფასს გადაიხდიან და მალე".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ მდგომარეობა შეიძლება გართულდეს.
„აქ შეჩერებაზე საუბარი აღარ არის, პირიქით, კიდევ უფრო სერიოზულ მდგომარეობამდე არ მივიდნენ, ეგ არის საქმე. საფრთხეა იმის, რომ უფრო დიდ სამხედრო კონფლიქტში გადავიდეს, რომელიც შეიძლება რეგიონული ომის პრეცედენტი იყოს, სადაც ალიანსური დაჯგუფებები გამოჩნდეს - ამერიკისა და შესაძლოა თურქეთის ჩართულობით.
ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტია, სადაც ორივე მხარე საჰაერო და სარაკეტო კომპლექსების შეიარაღებას იყენებს. ფაქტობრივად, მათი შეიარაღებული ძალების გამოყენება დაახლოებით 20%-ია, ორივე მხრიდან.
ისრაელი სპეციალური დანიშნულების რაზმებს იყენებს, რომელიც დივერსიებსა და საბოტაჟს ახორციელებს. პრინციპში, ეს უახლოვდება დაბალ ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის ტიპოლოგიას. რამდენად გადავა ლოკალური ომის დონემდე, როცა მხარეებმა შეიძლება განახორციელონ სრულმასშტაბიანი სამხედრო პოტენციალის გამოყენება, არ ვიცი.
შეიძლება უკვე ჩაერთონ პროირანული, პრორუსული ძალები, რომლებაც შეიძლება სახმელეთო შეტევა განახორციელონ ისრაელის ტერიტორიაზე - ეს არის პალესტინის „ჰამასი", ერაყში არსებული „ქათაიფ ჰეზბოლა", რომელიც სხვათაშორის, ამერიკულ სამხედრო ბაზებს უკვე დაემუქრა, რომ ისინი ამ მიმართულებით დარტყმებს განახორციელებენ.
შესაბამისად, მერე ირანელებმაც შეიძლება განახორციელონ თავიანთი ისლამური გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების გადასროლა და იქ პარტიზანული მოქმედებების განვითარება, რაც ლოკალური ომის პრეცედენტი იქნება.
ლოკალურ ომში კიდევ იგულისმება ის, რომ ორივე მხარე მზად არის და იწყებენ რეგიონალურ ომში გადასვლას. ეს ალბათ სხვა მასშტაბები და სხვა ფონი იქნება. ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობის ომია, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს სრულ მასშტაბიანში.
აქ ასევე იგულისმება ეკონომიკური ომის პრეცედენტები, როდესაც მხარეები ახორციელებენ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე პირდაპირ დარტყმებს. აქ ემატება დევნილთა ნაკადის შექმნას, რომელიც ასევე ეკონომიკური სფეროს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამან შეიძლება დესტაბილიზაციის საკითხები შექმნას უკვე რეგიონულ მასშტაბში.
ასე რომ სიტუაცია არც თუ ისე იოლია. დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის საჰაერო კომპონენტების კონტექსტში თანაბარი ვითარებაა მხარეებს შორის. თუმცა, ოდნავ უპირატესობა ისრაელს გააჩნია. პირველი მოულოდნელი ეფექტი ისარელმა შექმნა, მერე ირანელები გონზე მოვიდნენ და განახორციელეს კონტრპარტიზანული ტიპის ღონისძიებები და შესაბამისად, ის შეტევები, რომელიც შიდა ტერიტორიებიდან იყო.
მათ განახორციელეს 300-ზე მეტი ბალისტიკური ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გასროლა ისრაელის მიმართულებით. ისრაელი იყნებს შემტევ დრონებსა და საბრძოლო ავიაციას. ფაქტობრივად, მათ გამოიყენეს 5+-ის თაობის ამერიკული ავიაგამანადგურებელი „ეფ-35", რომელიც ირანის საჰაერო ძალებმა შეძლეს ერთი, თუ ორი ერთეულის ჩამოგდება და თითქოს მათ ჰყავთ ტყვედ ისრაელელი პილოტი ქალი. ჯერჯერობით ეს არ დადასტურებულა. ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ იქიდან მფრინავი ჩამოდის. ასე რომ, ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".