ზარალს საქართველოც მიიღებს, თუმცა განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის
ქეთო გოგოხია
16.06.2025

ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის ესკალაცია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება და გადაზიდვა გაძვირდება, რაც საქონლის ფასზეც იმოქმედებს. ნავთობმა გეზი გაძვირებისკენ აიღო, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება ოქროც, რომლის ღირებულებაც ბოლო პერიოდში რეკორდულ ნიშნულზეა. 

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, რადიაციული გაჟონვის გამო საზღვრის ჩაკეტვის ალბათობა დიდია, რაც, თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დეფიციტი არ იქნება, რადგან ბაზარი ჩანაცვლდება, მით უმეტეს, რომ ახლა ზაფხულია და აგრარული პროდუქტის მოსავლის აღების პერიოდია.

ქვეყნებს შორის დაპირისპირების გამო გარკვეული დარტყმა საერთაშორისო ბირჟებმა  იწვნიეს.  ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა. ამჟამად 1 ბარელი "ბრენტის" ფასი 73 დოლარს აღწევს, ხოლო ამერიკული "ლაითის" ფასი 72 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაძვირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან, რომელიც ნავთობით მდიდარი რეგიონია.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არ გამორიცხავს, რომ ნავთობის ფასმა კიდევ მოიმატოს. მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის გაძვირებაც, თუკი რადიაციის საფრთხის გათვალისწინებით ირანთან სავაჭრო ურთიერთობები შეიზღუდება.

,,საქართველო-ირანის სავაჭრო  ურთიერთობები საკმაოდ აქტიურია. საინტერესოა, რადიაციული გაჟონვის ფონზე როგორი იქნება ეს კავშირი  და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება. ჯერ არ არის საუბარი, რომ დაიკეტოს საზღვარი ირანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის. ეს თუ გარდაუვალი გახდება, მაშინ აგრარულ პროდუქტზე ფასები მოიმატებს. ასევე შხამ-ქიმიკატებსაც შეეხება ცვლილება და შესაბამისად, ეს სასოფლო-სამეურნეო სექტორზე აისახება. 

მთლიანობაში სახარბიელო ვითარება არ არის. სამხედრო დაპირისპირება თუ არ დარეგულირდა,  შეიძლება მიგრანტთა ნაკადი დაიძრას კავკასიისკენ და საქართველოსკენ, არც ამას გამოვრიცხავ. 

რაც შეეხება ბირჟებს,  ვხედავთ დოლარის ინდექსი შესუსტებულია, ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. თუ მდგომარეობა გართულდება, აქციებზეც იმოქმედებს. ამასთან, საზღვაო არხი თუ გადაკეტა ირანმა და იმუქრება კიდეც, მაშინ საქონლის გადაზიდვების ტარიფები შეიცვლება, რაც ზოგადად ფასებზე იმოქმედებს და ინფლაციას გამოიწვევს. როგორც ვიცით, კონტეინერები ჩვენთან თურქეთიდან შემოდის, მაგრამ იქაც პრობლემა გაჩნდება. ვიმედოვნებთ, სიტუაცია ჩაწყნარდება და დრამატულ ხასიათს არ შეიძენს", - აღნიშნა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომისტი დემურ გიორხელიძე, რომლის შეფასებითაც, რეგიონული ომი მოსალოდნელია, რაც, გარკვეულწილად, საქართველოზეც აისახება. ჯერჯერობით საქმე არ მივა იქამდე, რომ მთავარ სატრანსპორტო არტერიებზე იმოქმედოს. 

,,დაძაბულობა არ შენელდება და ურთიერთდარტყმებს ირანი და ისრაელი გააგრძელებენ. არ ვფიქრობ, რომ სხვა სახელმწიფოების ჩაერთვებიან, რადგან ეს უკვე დიდ ომში გადაიზრდება, რაც უკვე არავის აწყობს, თუმცა რეგიონული ომი იქნება. არ ველი, რომ ყურე ჩაიკეტება, მაგრამ დაძაბულობა გაგრძელდება. ნელ-ნელა ისე მიდის საქმე, რომ ალბათ მოიძებნება გზა, რათა დაპირისპირება  არ გადაიზარდოს ომში.  იმ ოპერაციას, რაც ჩაატარა ისრაელმა და პირველსავე დღეს ჰქონდა მოულოდნელობის ძალიან დიდი ეფექტი, მისი განმეორება უახლოესი 1 თვის განმავლობაში შეუძლებელია. ამას უზარმაზარი რესურსი და მომზადება სჭირდება და კიდევ ერთხელ რამდენად განხორციელდება, რთული სავარაუდოა. საჰაერო ურთიერთდარტყმები კი გაგრძელდება. 

რაც შეეხება ირანთან სავაჭრო ურთიერთობებს, ცნობილია, რომ  ამ ქვეყნიდან იმპორტი მზარდია და შესაძლოა, ამ კუთხით გარკვეული პრობლემა გაჩნდეს. რაც არ უნდა იყოს, ჩანაცვლება შესაძლებელია. 

ოქროს გაძვირება ქართულ ბაზარზე  დიდად არ იმოქმედებს, საწვავზე ისედაც ზედმეტად მაღალი ფასია და განსაკუთრებულ გაძვირებას არ ველი, თუ ნახტომისებური ცვლილება არ იქნება საერთაშორისო ბირჟებზე", - განუცხადა  ,,ბიზნეს-რეზონანსს" დემურ გიორხელიძემ.

ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და 322 მლნ დოლარი  შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა, ძირითადად, იმპორტთან არის დაკავშირებული. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი მხოლოდ 36.9 მლნ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 285.1 მლნ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველო-ისრაელის ვაჭრობის სტატისტიკა,  2024 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 61%-ით - 59.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ისრაელთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტი დომინირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×