
მოცვი საქართველოში სტრატეგიული მიმართულება გახდა. კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა კარგად განვითარდა და უკვე გლობალურ ბაზრებზეც ხარისხის მაღალი ნიშით გამოირჩევა. მოცვის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერმა პროექტებმა, განსაკუთრებით აღსანიშნავია "შეღავათიანი აგროკრედიტი" და "დანერგე მომავალი", რამაც მეწარმე-ფერმერებს განვითარების დიდი შესაძლებლობა მისცა.
დაწყებული პროექტები გრძელდება, რაშიც დარგს სახელმწიფოსგან დიდი მხარდაჭერა აქვს. სწორედ ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. დავით სონღულაშვილი მოცვის წარმოებაში ჩართულ ფერმერებსაც შეხვდა და მათგან მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (5 ათასი ტონა) ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღმატება 2023 წლის მაჩვენებელს. ექსპორტის ამ მონაცემების წინაპირობა ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოყვანილი პროდუქციის წარმოებაა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზე 39,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, იმერეთის რეგიონში 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე - 6,2 მლნ ლარით.
მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე ფანჯავიძემ ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეს მაჩვენებელი 5 000 ჰექტრამდე გაიზარდოს და პარალელურად მოცვის გადამმუშავებელი მრეწველობაც განვითარდეს.
"წელს ცივი გაზაფხული იყო, ვიდრე ველოდით. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, არა მარტო საქართველო, ჩრდილოეთ ნახევარსფერო და ასევე ევროპის ქვეყნები დაზარალდნენ, თუმცა მოცვის წარმოება საქართველოში მაინც ვითარდება და მასშტაბური გეგმები გვაქვს ექსპორტთან დაკავშირებითაც, გლობალურ ბაზრებზე ქართული მოცვი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია, ამ ნიშას ბოლომდე შევინარჩუნებთ და უფრო მეტად გავაძლიერებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყინვამ პირველი მოსავალი გააფუჭა, დანაკარგი ახალი ბაღებიდან მიღებული მოსავლით დაბალანსდა. ძალიან პერსპექტიული კულტურაა და რეალურად შესაძლებელია, რომ დასავლეთ საქართველოში გაშენებული ფართობების რაოდენობა 5000 ჰექტარს მიუახლოვდეს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარგს დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენი მიზანია, გაიხსნას მოცვის გადამამუშავებელი საწარმო. მოსავლის ის ნაწილი, რომელიც ხარისხს ვერ დააკმაყოფილებს, გადამუშავდება და მზა პროდუქციის სახით გავა ექსპორტზე, რაც ეკონომიკას საკმაო სარგებელს მოუტანს და მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება", - აღნიშნა თორნიკე ფანჯავიძემ.
დარგის მხარდაჭერაზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" კომპანია ,,აგროლეინის" დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, აქტიური მუშაობა მიდის, რომ ქართული მოცვის საექსპორტო არეალი გაიზარდოს ევროპულ ბაზრებზე, ამის მთავარი პირობაა მოსავლის ხარისხი შენარჩუნდეს.
"ამინდი თუ მოგვცემს საშუალებას, ექსპორტს ევროპის ქვეყნებში გავააქტიურებთ. ამ ეტაპზე ჩვენი მნიშვნელოვანი ბაზარია გალფის ქვეყნები - საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი და სხვა. ვიმედოვნებთ, ევროპასთან დაკავშირებით გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი საწარმო, როგორც კოოპერატივი ისე მუშაობს. რამდენიმე კომპანიის მოცვს ვიღებთ, ვაფასოებთ და 80% გაგვაქვს ექსპორტზე. საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარი გვაქვს. ამაში თავის დროზე სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა, წლიდან წლამდე იზრდება წარმოება“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
კომპანია „აგროლეინში“ ჯამურად, 3,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 420 000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო დაახლოებით 800 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მწარმოებლებს კი დახმარება აღუთქვა.
,,ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. მოცვი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენი მიზანია, მოცვი, თხილისა და სხვა კულტურების მსგავსად, განვითარდეს. ერთად განვიხილეთ, რა დახმარება სჭირდება სექტორს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა პროექტის სახით, რათა წარმოება უფრო მეტად გაძლიერდეს.
სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტის დიდი შესაძლებლობაა, ამით არის მოცვი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო მიმართულება. მწარმოებლებთან შეხვედრაზე მოვისმინეთ გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა გრძელდება.
მხოლოდ ჩვენი უწყებების, მათ შორის რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებით - პროფესიონალი კადრებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და აღჭურვით არის შესაძლებელი ჩვენი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა იმერეთში ვიზიტისას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 197 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა 87 მლნ ლარია.