თამთა ჩაჩანიძე
17.06.2025

2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მთავრობა მიმართავს, რომლის ხედვით, საბჭოს ლიკვიდაციის შემდეგ, „საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამსად", მის უფლებამოსილებას მთავრობა განახორციელებს. რამდენად გამართლებულია ამ ორგანოს გაუქმება და როგორ აისახება ეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე?

ოპოზიცია „ოცნებას" ისევ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. საპასუხოდ კი მმართველ პარტიაში ამბიბენ, რომ არაფერი არ უქმდება, „უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ".

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ისედაც პრაქტიკულად უმოქმედო იყო. წესით, საბჭოს სხდომა 3 თვეში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, თუმცა ბოლო სხდომა 2023 წლის 28 თებერვალს, მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით გაიმართა.

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საბჭოს გაუქმება გაუმართლებელია ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს. ნაწილი კი აცხადებს, რომ სტრუქტურის ეფექტიანობა დამოკიდებული არაა იმაზე, თუ რას დავარქმევთ, ან ვის დაქვემდებარებაში გადავა.

რას აცხადებს „ოცნება" და ოპოზიცია

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს.

„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო.

„რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას - არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ. ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს. ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია დანერგილი ეს პრაქტიკა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული", - განაცხადა მაჭავარიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს,რომ უსაფრთხოების დოკუმეტში საქართველოსთვის მთავარი საფრთხე იყო რუსეთი, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება კი „რუსული დავალების შესრულება".

„უსაფრთხოების დოკუმენტში საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ყოველთვის იყო რუსეთი. აი, ეს არის რეალობა, რატომაც ხდება. ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება. იმიტომ, რომ უსაფრთხოების საბჭო ფორმალობებს მოიცავს, დოკუმენტები საჯაროა ჩვენთვისაც, ჩვენც ვხედავთ, რა არის იქ საფრთხედ შეფასებული. თქვენ ნახავთ, რომ საფრთხედ რუსეთი საერთოდ აღარ იქნება შეფასებული კობახიძის მიერ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შემადგენლობა და ფუნქციები

საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. კანონმდებლობის თანახმად, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები ასევე არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, თავდაცვის ძალების მეთაური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.

საბჭოს სხდომა, იგივე კანონმდებლობით, 3 თვეში ერთხელ იმართება. მას იწვევს და უძღვება პრემიერი საკუთარი ინიციატივთ, ან საბჭოს მუდმივი წევრების მოთხოვნით. ხსდომები დახურულია, თუმცა, შეიძლება ღიადაც გამოცხადდეს. საბჭო უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას, მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებას, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და კოორდინაციას.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას, მისი ლიკვიდაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

„ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონში შევა.

„ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამართლებულია თუ არა საბჭოს გაუქმება

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არასწორია საბჭოს გაუქმება, მთ უმეტეს იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება სამხედრო კონფლიქტების თვსლაზრისით. მისი შეფასებით, რეგიონის უსაფრთხოების რისკები ყოველდღიურად იზრდება და ჩვენ კრიზისების მართვის არავითარი ორგანო არ გვაქს.

„ზოგადად ძალიან ბევრი და მათ შორის მეც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ჩვენი რეგიონის გარშეო ხდება. უსაფრთხოების რისკები იზრდება ჩვენს გარშემო, იგივე ისრაელ-ირანის კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის ომი, ყარაბაღის კონფლიქტიც ჯერ ბოლომდე გადაჭრილი არაა - ეს რისკები ყოველდღიურად იზრდება და ამ დროს ჩვენ არ გვაქვს კრიზისების მართვის არავითარი ორგანო.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლის გვაქვს და არ განახლებულა. ანუ სახელმწიფოს არ აქვს ფუძემდებლური დოკუმენტები და ახლა ამას დაემატა კიდევ ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გაუქმდა და მთავრობას შეუერთდა.

„ეს იწვევს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სუპერცენტრალიზებული ხდება და ეს უკვე რისკებს წარმოშობს არა იმ თვალსაზრისით, რომ ავტორიტარიზმი იზრდება, რასაც ისედაც ვხედავთ; გარდა ამისა, ვინაიდან საკონსულტაციო ორგანოები უკვე მას არ აქვს და ამას ვერ ეყრდნობა, იზრდება რისკი, რომ ან არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ან არადროული, ან ადმინისტრაცია ვერ გასწვდეს კრიზისის მართვას ჩვენს გარშემო არსებული სიტუაციის ფონზე", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეფექტიანობა იმაზე არაა დამოკიდებული, თუ რომელ სტრუქტურას რას დავარქმევთ.

„ფაქტია, ეფექტიანობა იმაზე არაა დამოკიდებული, რომელ სტრუქტურას რას დავარქმევთ. მოწმე ვარ, რომ შევარდნაძის დროს, წლების განმავლობაში, საბჭო ეფექტიანად მუშაობდა. მდივანი ნუგზარ საჯაია იყო, უაღრესად გამოცდილი მოღვაწე. მზადდებოდა და იხილებოდა საკითხები, მართლაც ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდა. 9 წლის განმავლობაში არცერთი სხდომა არ გამიცდენია, ბევრი რამ გავიგე. მაშინ სულ სხვა რეჟიმი იყო - მთავრობის სხდომა ღიაა და ეს ყოველთვის დახურული იყო. გარდა ამისა, მოწვეული იყო სულ სხვა შემადგენლობა, ვიდრე მთავრობის სხდომაზე არიან. იყვნენ ძალოვნები, იხილებოდა დაზვერვის მონაცემები და ა.შ.

„სააკაშვილის დროს ეს იყო ფიქცია, რომელიც სააკაშვილს თავის გაპიარებისთვის ხანდახან სჭირდებოდა - რომ აი, პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩაატარა და ა.შ. სხვა არაფერი გაუკეთებია, ერთპიროვნული მმართველობა იყო, რასაც ძალოვნებს დაავალებდა, იმას აკეთებდნენ, როგორი სისულელე და შეცდომაც არუნდა ყოფილიყო, არადა საბჭო ქაღალდზე არსებობდა.

„ახლა კი მთავარია, რომ მთლიანად მთავრობის მუშაობა აეწყოს და მათ შორის იმ ექსპერტებისა და ძალოვნების წარმომადგენლებისა, ვისზეც დამოკიდებულია უსაფრთხოება და ამან იმუშაოს, თორემ რას დაარქმევენ, ან საერთოდ არ დაარქმევენ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა", - განაცხადა მამრაძემ.

კითხვაზე, მათ შორის მნიშვნელობა აქვს თუ არა მთავრობის დაქვემდებარებაში საბჭოს გადასვლა, მამრაძემ გვითხრა:

„კონსტიტუციამ სრულიად ეკლექტური ჩანაწერები დატოვა - სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს უზენაესი მთავარსარდალი. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკებშია, პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი და უზენაესი არბიტრაჟის ფუნქცია აქვს, მეტი არაფერი. ის კი არა, საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის თანხმობით და გადაწყვეტილებით შეეძლო პრეზიდენტს წარედგინა საქართველო, რასაც ეს ქალბატონი ფეხქვეშ თელავდა, მაგრამ შავით თეთრზე ეწერა და ახლაც წერია - „უზენაესი თავარსარდალი". ახლა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს იოტისოდენა ზიანს არ მიაყენებს, პირიქით, ჩვენი კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ამჟამად ალბათ (უზენაესი მთავარსარდალი) პრემიერი იქნება", - განაცხადა მამრაძემ.

საბჭოს გაუქმება და ქვეყნის უსაფრთხოება

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ჩართული, მით უფრო იზრდება არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი.

„ზოგადად ასეთი ორგანოების მნიშვნელობა სწორედ ისაა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ იქნას მიღებული. იმიტომაცაა საჭირო ასეთი საკონსულტაციო ორგანოები, რომ რისკები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეფასდეს, ასევე გარკვეული სცენარები მომზადდეს - რა და როგორ შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი და სტრუქტურაა ჩართული, ნაკლებია რისკი იმისა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს ხელისუფლებამ და რაც უფრო ნაკლები სტრუქტურა და ადამიანი იღებს ამაში მონაწილოებას, ბუნებრივია, არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი იზრდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური კრიზისი ჯერ კიდევ არის.

„პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას ავტორიტარიზმს რომ ედავებიან, ეს შემთხვევით არაა - ის იღებს გადაწყვეტილებას ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, ექსპერტები იქნება ეს, სპეციალისტები, თუ საზოგადოება. საერთოდ ჩამოშორებული ჰყავს მედია, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალო მოქალაქეები. რასაც უნდა იმას აკეთებენ და რაც მთავარია, ამას გააკეთებენ სახელმწიფოს სახელით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მმართველი პარტია დროებითაა მოსული და არ აქვთ ამის ფუფუნება, რომ მით უმეტეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კონსულტაციებისა და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიიღონ, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მათ შორის იმიჯური თვალსაზრისითაც არ იმოქმედებს.

„არ იმოქმედებს. ჯერ დავიწყოთ უშუალო მეზობლებით. მოგეხსენებათ, რუსეთის ფაქტორი და სააკაშვილისა და ბიძამისის მიერ მოყვანილი ტანკები, არტილერია და რაკეტები თბილისიდან - დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30 კმ-ში დგას იქ (ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ორი მძლავრი (რუსული) ბაზა. მოგეხსენებათ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან და აზერბაიჯანთან და ეს არის უსაფრთხოების დიდი გარანტია. ასევე გვაქვს მეგობრული ურთიერთობა სომხეთთან. აი ის, რომ გააუქმეს უშიშროების საბჭო, ამით რა, ასუსტებს საქართველოს ხელისუფლება თავის ფუნქციებს? ეს რა თქმა უნდა ასე არ იქნება და არანაირად არ იმოქმედებს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×