„ვფიქრობ, პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობოების მოქმედებას დაელოდება“
თამთა ჩაჩანიძე
18.06.2025

გასულ წელს მიღებული „გამჭვრივალეობის კანონის" სიმკაცრეს მისი შეუსრულებლობა აკომპენსირებდა, ამიტომ გაჩნდა მოლოდინი, რომ წელს ამოქმედებული „ფარა", რომელიც კიდევ უფრო მკაცრია, ასევე სრულად ან ნაწილობრივ იგნორირებული იქნებოდა მთავრობის მხრიდან. თუმცა ოთხშაბათს პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა, როცა რამდენიმე დიდმა და ხელისუფლების მიმართ გამოკვეთილად ოპოზიციურმა ენჯეომ განაცხადა, რომ ანტიკორუპციული ბიურო მათგან ბენეფიციარებზე ინფორმაციას ითხოვს.

წავა თუ არა ბოლომდე მთავრობა ფარა-ს აღსრულებაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. არადა, ყველასთვის ცხადია, თუ ფარა სრული დატვირთვით ამოქმედდა, შეიძლება დაჭერების არაერთი ტალღა ვიხილოთ, რაც ბევრის მიერ რეპრესიებად იქნება აღქმული, განსაკუთრებით დასავლეთის დემოკრატიებში.

„ვფიქრობ, რომ პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას დაელოდება, ასევე მოსინჯავს ნიადაგს, რა რეაქციები შეიძლება იყოს კოლექტიური დასავლეთიდან და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაცების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი შშმ პირების, პენსიონერების, ძალადობისა და წამების მსხვერპლების, მოსწავლე-მასწავლებლების და ა.შ. პირად მონაცემებს, მათ შორის პირად ნომრებს, ფოტსურათებსა და საბანკო ინფორმციას. რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით უცნობია რაში სჭირდება კონკრეტულად აღნიშნულ პირთა პირადი მონაცემები.

კითხვაზე, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ანტიკორუფციულ ბიუროს ამ პირთა პირადი მონაცემები, ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ სავარაუდოდ სჭირდებათ იმისთვის, რათა „განსაზღვრონ კონკრეტულად ვის და რა ტიპის მომსახურებას უწევენ ეს ორგანიზაციები".

უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" 31 მაისს ამოქმედდა, ე.წ. ფარა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ეხება, რომლებც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მის აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, კანონის დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღსანიშნავია, რომ „გამჭვირვალობის კანონი", რომელიც გასულ წელს მიიღეს, არ სრულდებოდა და მთავრობა ამ მხრივ რაიმე ძალისხმევას არ სწევდა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლება ამჯერად დიდი ალბათობით ფარა-ს აღსრულებას დაიწყებს, რადგან გაჩნდება კითხვები, რისთვის მიიღო კიდევ ერთი კანონი, თუკი ამასაც არ აღსარულებდა წინა კანონის მსგავსად. ამბობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება პროცესი თვითდინებაზე იყოს მიშვებული.

„წინა კანონი რომ არ მოქმედებდა, მაშინ ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული მიზეზები, რომ არ ამოექმედებინა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ არჩევნებამდე კანონის ამოქმედება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ახლა არ მგონია, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, რადგან თუ უკან კიდევ ერთხელ დაიხია, მაშინ ბუნებრივია კითხვა გაჩნდება - რისთვის მიიღო ეს კანონი, თუკი მას ვერ, ან არ აღასრულებდა? ასეთ ნაბიჯებს მე ხელისუფლებისგან არ ველოდები.

„რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, მათ შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი უზენაეს, ან საკონსტიტუციო სასამართლოში და ხელახლა დაიწყონ ის პროცესი, რაც ერთხელ უკვე გაიარეს და დამაჯერებლად ვერ დაამტკიცეს თავიანთი სიმართლე. ვფიქრობ ისინი ახლა კონფრონტაციაზე მიდიან ხელისუფლებასთან იმ იმედით, რომ ხელისუფლება ამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს და ფიქრობენ, რომ ამით შეეცდებიან, ხელისუფლება აიძულონ, რაღაცნაირად უკან დაიხიოს.

„რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა პერსპექტივები იკვეთება იგივე აშშ-სთან და ევროკავსირთან ურთიერთობებში. ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი არ იქნება, რომ ეს ურთერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს დაელოდება, ასევე მოსინჯავს ნიადაგს, რა რეაქციები შეიძლება იყოს კოლექტიური დასავლეთიდან და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რაში სჭირდება ხელისუფლებას, დავუშვათ, შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, პენსიონერების, მოსწავლე-მასწავლებლების და ა.შ. პირადი მონაცემები, ანალიტიკოსმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ სჭირდებათ იმისთვის, თუ კონკრეტულად ვის და რა ტიპის მომსახურებას უწევენ ეს ორგანიზაციები.

„მიჭირს მაგის განსაზღვრა რაში სჭირდებათ, ალბათ ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გააკეთოს განმარტება ამის თაობაზე. ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ სჭირდებათ იმისთვის, რომ განსაზღვრონ კონკრეტულად ვის და რა ტიპის მომსახურებას უწევენ ეს ორგანიზაციები", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გვეუბნება, რომ არ ელოდება ისეთ საპროტესტო გამოსვლებს, როგორიც წინა კანონის მირების პროცესში იყო.

„ნამდვილად არ ველოდები, რომც საპროტესტო აქციებს მიმართონ, ვნახეთ ეს აქციები რით დამთავრდა, კი, ხელისუფლებამ მაშინ უკან დაიხია, მაგრამ ახლა უკვე აღარ დაიხევს, მაშინ სხვა მოცემულობა იყო და ახლა სხვა მოცემულობაა. გარდა ამისა, საზოგადოების თვალში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა უფრო დისკრედიტირებულები არიან ვიდრე მაშინ. ვგულისხმობ უფრო ხელისუფლების მომხრეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ორგანიზაციები აქ ფერადოვანი რევოლუციის მოწყობის ერთ-ერთი რესურსია.

„ვინაიდან საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, მათ მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისია, არავის არ უნდა ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია. მეორეც, „ევრობარომეტრის" ბოლო გამოკითხვით, ჩვენს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობამ სერიოზულად დაიკლო და ეს ორგანიზაციები განიხილებიან, როგორც ევროკავშირის გაგრძელება საქართველოში, რადგან ძირითადად მათი მხარდაჭერით სარგებლობენ და ეს ყველამ იცის. მათ საპროტესტო აქცია რომც მოაწყონ, არ მგონია, რომ დიდი რაიდენობის კრიტიკული მასის შეკრება შეძლონ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რას აცხადებენ ენჯეოები

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის "ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის აღსრულება 17 ივნისს სასამართლოს მეშვეობით დაიწყო.

„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო, ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია. არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ", - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მიაწვდიან.

„საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა, ამ ჯერზე, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 5 ქალი. ივანიშვილი ებრძვის აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები დარჩნენ უსამართლობის პირისპირ, მარტო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა გიგაურმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, მათაც მიიღეს შეტყობინება, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები გადასცენ.

„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. არ ვაპირებთ, რომ რუსულ კანონებს დავემორჩილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება, სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×