
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლა კვლავ გაძვირდება. 1-ელი ივლისიდან ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით მოიმატებს და და 5.83 დოლარს მიაღწევს. ბოლო წლებში ამ ტარიფმა მკვეთრი ცვლილება განიცადა და უკვე 5-ჯერ გავძვირდა.
გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც ორ კვირაზე ნაკლებ ვადაში ამოქმედდება, მოლოდინია, რომ საზღვაო გადაზიდვები გაძვირდება, თუმცა როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ,,კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელმა გიორგი სურგულაძემ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე რაიმე გავლენაზე საუბარი არ იქნება.
"ჯერჯერობით, საზღვაო ხაზებიდან კონკრეტულად რაიმე ცვლილებაზე საუბარი არ არის, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ რაიმე სიახლე შეიძლება შევიტყოთ. ამ ეტაპზე კი, როგორც გითხარით, ისეთი ამბავი არ გავრცელებულა, რომ გადაწყვეტილების შედეგად ჩვენზე რაიმე გავლნა იქონიოს”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი სურგულაძემ.
გადაწყვეტილების ერთ თვეში ასახვას მოელის კომპანია "სოფმარის” დირექტორი ვახტანგ ალანია და თან მიიჩნევს, რომ შედეგად მოიმატებს ფასები პროდუქტზეც.
"მოკლედ, და კონკრეტულად შემიძლია თქმა, რომ ტარიფი გაიზრდება 15%-მდე, ან უფრო ნაკლებით. რა თქმა უნდა, საუბარია როგორც საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების, ისე უშუალოდ პროდუქციის ფასზე. თუ გადაზიდვა ძვირდება, ბუნებრივია, ყველა პროდუქტი გაძვირდება. გემს მოაქვს დაახლოებით, 800-900 ათასი კონტეინერი, რა დევს შიგნით, ვინ იცის. ამიტომ გემს თუ გაეზრდება ხარჯი, გამოსვლა, გატარება და ყველა სერვისი, რაც არსებობს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში, ცხადია, პროდუქტია ფასზე აისახება. გაიზრდება ხარჯი, გაიზრდება მაღაზიაში პროდუქციის ფასიც.
ბაზარზე უკვე ამოქმედებიდან 1 თვეში აისახება, მაგრამ ამას მომხმარებელი დიდად ვერც შეამჩნევს, რადგან 15% ნიშნავს, რომ ვთქვათ, 10000 დოლარი გახდება 11500 დოლარი. ეს არ არის იმხელა თანხა, რომ დიდად შესამჩნევი იყოს უშუალოდ ერთეულ პროდუქტზე”, - განაცხადა ვახტანგ ალანიამ "ბიზნესპრესნიუსთან”.
მიმდინარე ეტაპზე სატრასპორტო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტიელბის ზემოქმედება დროის ამბავია.
როგორც საზღვაო მომსახურებისა და საექსპედიტორო კომპანია "ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა ჯაბა თარიმანაშვილმა აღნიშნა, საერთოდ ნებისმიერი გაძვირება საბოლოო ფასზე მოქმედებს.
"ამ ეტაპზე ვრცლად ვერ ვისაუბრებ ამ საკითხის შესახებ, მაგრამ ზოგადად რომ განვიხილოთ, ნებისმიერი ტიპის გაძვირება გადაზიდვებზე თავის გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში, მერე პეოდუქციის ფასზე აისახება შეცვლილი ტარიფები”, - განუცხადა ჯაბა თარიმანაშვილმა "რეზონანსს”.
მეზობელი თურქეთის ბისფორისა და დარდანელის სრუტე არა მხოლოდ მასშტაბურად, არამედ რეგიონალურადაც მნიშვნელოვანი დერეფანია, ამიტომ როგორც ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, გადაწყვეტილება დადებითი ფაქტორი ვერანაირად ვერ იქნება და მას უარყოფითი ეფექტი მოჰყვება.
"რა თქმა უნდა, აღნიშნული მარშრუტი საკმაოდ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დერეფანია და მასში ნებისმიერი შეფერხება არც ჩვენი და არც ტრანზიტული ლოგისტიკისთვის დადებითი ფაქტორი ვერანაირად ვერ იქნება და გარკვეული სახის ნეგატიური ეფექტი ამ გადაწყვეტილება მოჰყვება. აქ მთავარია, რა პერიოდის განმავლობაში იქნება ცვლილება დერეფანში.
როდესაც მიმწოდებლები იგებენ, რომ კონკრეტულ დერეფანზე რაღაც პრობლემებია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფაქტორი თავიდანვე ირთვება და ისინი გარკვეულ გადამზღვევნ მექანიზმებს საწყის ეტაპზევე მიმართავენ ხოლმე. შეიძლება ეს იყოს ალტერნატიული მარშრუტების მოფიქრება და ა.შ.
ტექნიკურ გადაცემას კი დრო სჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, ამ მიმართულებამდე გარკვეული ფსიქოლოგიური გადამზღვევი ნაბიჯები მყისიერად ირთვება ხოლმე მიმწოდებლებისა და შემკვეთების მხრიდან”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.
1936 წლის მონტრეს კონვენცია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გასავლელად შუქურის, გადაზიდვისა და სანიტარული ინსპექტირების გადასახადებსა და მოსაკრებლებს განსაზღვრავს. კონვენციის მიხედვით, გადასახადი ოქროს ფრანკის საფუძველზე გამოითვლება. ხელმოწერის დროს ოქროს ფრანკი 0.8 დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონვენციამ სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღადგინა.
უკვე 2022 წელს თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში გატარების საფასური გაეზარდა. იმავე წლის ოქტომბრიდან გადასახადის ოდენობამ 5-ჯერ - 4.08 დოლარამდე მოიმატა.