
გლობალურ ბირჟაზე ნავთობი ძვირდება, რაც ისრაელ-ირანის ომმა განაპირობა. კონფლიქტის დაწყებამდე შავი ოქრო ჯერ იაფდებოდა, შემდეგ სტაბილურ ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა. არც ისაა გამორიცხული, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწიოს. გაძვირება მომენტალურად აისახა საქართველოზე და ქვეყნაში საწვავი უკვე 5-10 თეთრით მეტი ღირს.
ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. მიმდინარე ეტაპზე "ბრენტის" ტიპის საწვავის ღირებულება 78 დოლარის ფარგლებშია, `ლაითის” ფასი კი 77 დოლარს აღწევს.
ბოლო დღეების ტენდენცია გაძვირებისკენაა და მოლოდინიც ასეთივეა. როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა, ნავთობის ღირებულება კიდევ მოიმატებს და 85 დოლარზე მეტი იქნება.
"რა თქმა უნდა, ფასი კიდევ მოიმატებს. ირანთან თუ სრუტის ჩაიკეტება, არა მხოლოდ ნავთობის გაძვირებაზე იქნება საუბარი, არამედ საკონტეინერო გადაზიდვაც ტარიფიც გაიზრდება.
სანამ ისრაელ-ირანის ომი დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ნავთობის ღირებულება არ ჩამოვიდოდა 55 დოლარამდე და იქნებოდა 60-70 დოლარის ფარგლებში, ახლა სრულიად სხვა ვითარებაა. თუ სრუტედაიბლოკება, მეტად გამწვავდება ესკალაცია და პორტებში რეზერვები დაიბომბება, მაშინ თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ ერთი ბარელის ღირებულება 85 დოლარზე მეტი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
რამდენიმე დღიანი გლობალური გაძვირება საქართველოზე უკვე ასახულია და ფასთა შორის სხვაობა 5-10 თეთრია. "აღნიშნული გარემობა, რა თქმა უნდა, გვალენას მოახდენს საქართველოს საწვავის ბაზარზე. ვფიქრობ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება კიდევ 5-10 თეთრით მოიმატოს ღირებულებამ. ფასი მაღლა დაიძრა. კარგად ვიცით, რომ ჩვენს იმპორტიორებს მიზეზი სჭირდებათ და ფასს მაშუნვე უმატებენ. ასე რომ, ამ არის ამ კუთხით არ არის სახარბიელო მდგომარეობა და ვერც დადებითი მოლოდინი იქნება”, - დასძინა ნიკა შენგელიამ.
უკვე დაწყებულ გაძვირებაზე ისაუბრა კომპანია `სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემაც და ხაზი გაუსვა, რომ თუკი ნავთობის ფასი კიდევ მოიმატებს, ქვეყანაში საწვავი ავტომატურად გაძვირდება.
"საბითუმო ბაზარზე შეინიშნება მატება, მაგრამ არა იმ ტემპით და იმის პროპორციულად, რაც ხდება საერთაშორისო ბაზარზე. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ გაიზარდა ნავთობის ფასი. ძალიან მოკლე დროში ღირებულებამ ნახტომისებურად მოიმატა. თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ, საქართველოზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ამას ვერ გავექცევით.
მიმდინარე ეტაპზე მცირედი სხვაობაა, 5-10 თეთრის ფარგლებშია, თუმცა ეს სწრაფად არ მომხდარა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე უკვე გაძვირებული საქონელი ჯერ არ არის შემოსული საქართველოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მატება არ შეინიშნება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ადგილობრივი ბაზარიც საერთაშორისო ტენდენციას გაჰყვება პროპორციულად”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ და დასძინა, რომ მიმდინარე ეტაპზე საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის და დიზელის ღირებულება 2.20 ლარის ფარგლებშია.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ნავთობის ღირებულება შესაძლოა, 100 დოლარსაც გადასცდეს. გაძვირებული საწვავი კი, ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ყველა მიმართულებით ფასის ზრდას გულისხმობს, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებზეც.
„ჰორმუზის სრუტით მსოფლიო ნავთობპროდუქტების დაახლოებით 25% გადის, რადგან ეს ყველაზე მოკლე გზაა, რომელიც აზიას ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან აკავშირებს. შესაბამისად, თუკი კონფლიქტი 10-15-დღიან ვადას გასცდება და სახმელეთო მოქმედებებით ხანგრძლივ პროცესში გადავა, ვდგომარეობა ძალიან გართულდება. ეს სრუტე რომც არ ჩაიკეტოს, მოძრაობა ყველა ვარიანტში შეფერხდება. აქედან გამომდინარე, შემცირდება ამ გზით გამტარუნარიანობა, რაც სხვა, უფრო გრძელ მარშრუტებზე გადასვლას განაპირობებს. გარდა ამისა, ასეთი მოცემულობა, გლობალური მიწოდებების ჯაჭვების წყვეტას გამოიწვევს.
თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ნავთობის ფასი შესაძლოა, 100 დოლარსაც გადასცდეს. გაძვირებული საწვავი კი ყველა მიმართულებით ფასის ზრდას გამოიწვევს, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებზეც.
გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში, ინფლაციური წნეხი მოიმატებს, რაც პირდაპირ პროდუქტების გაძვირებას განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციური წნეხი კოვიდ პანდემიის დროსაც იყო გაზრდილი, როცა მიწოდების ჯაჭვები დაირღვა.
ამ ეტაპზე და შედარებით ხანგრძლივ სცენარშიც საქართველოზე სერიოზული სახის ზეგავლენა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ამის თქმის საფუძველს ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება და მის ხელში არსებული ბერკეტები მაძლევს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
შემაშფოთებელია საერთაშორისო წყაროებიდან მიღებული ცნობებიც. ნავთობითა და ბუნებრივი აირით მოვაჭრე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია "შელის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვაელ სავანმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის პოტენციურმა ბლოკირებამ ნავთობის ბაზარზე შესაძლოა, დიდი შოკი გამოიწვიოს.
„თუ ეს არტერია რაიმე მიზეზით დაიბლოკება, უდიდეს გავლენას მოახდენს გლობალურ ვაჭრობაზე,“ - ამბობს სავანი.
იმის მიუხედავად, რომ ნავთობზე ფასი უკვე გაიზარდა, ენერგომატარებლების მიწოდებაში მნიშვნელოვანი შეფერხებები ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა მოვაჭრეები დაძაბულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და მოვლენათა დაკვირვებასაც.
ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, გლობალური ნავთობის ვაჭრობის, დაახლოებით, მეოთხედი გადის. ბოლო დღეებში სანავიგაციო სიგნალების მუშაობაში ხარვეზები ფიქსირდება. ვაელ სავანის თქმით, შჰელლ კონფლიქტის გამო რეგიონში საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებით „მეტად ფრთხილობს."
ადრე ირანს მიზანში ჰყავდა ამოღებული გემები, რომლებიც ამ სტრატეგიულ სრუტეს გადიოდნენ და მისი დაბლოკვით იმუქრებოდა.