
პროტესტანტები შემოდგომიდან წინააღმდეგობის ახალ ტალღას პროგნოზირებენ. რა სამომავლო გეგმები აქვთ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ მომენტისთვის მუხტი აშკარად შემცირებულია, რასაც თავად „ქართული ოცნების" მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
„ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს - როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება",- ამბობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით პოლიტიკურად მკვდარი სეზონი არაა, ხალხი თბილისიდან არ გასულა და, აქედან გამომდინარე, „შეჯახების გადავადების" მიზეზი არ არსებობს. მისი თქმით, ხალხს დღეს არ აქვს იმის განცდა, რომ „ფიწალი დაიჭიროს".
„ხელისუფლების ისეთი ზეწოლა რომ იყოს, როგორსაც ახორციელებდა ის ჯგუფი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მაშინ ლაშა ბაქრაძე მაგ ტექსტს ვერ იტყიდა. თუ იტყოდა, ან ციხეში წავიდოდა, ან გალახავდნენ, გვახსხოვს საწყალი კობა დავითაშვილი. ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ არიან, ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება ამ სახელმწიფოში.
„ვისაც აწყობს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ლაშას ეტყობა ხელისუფლების შეცვლა აწყობს, იმათი საპროტესტო ტალღა იქნება შემოდგომით. მათ რომ ჰკითხოთ, დღესაც აწყობთ საპროტესტო ტალღა, მაინცდამაინც მერე რატომ უნდა იყოს ეს ტალღა, დღეს ამას ხელს რა უშლის? ჯერ საიმისო პერიოდი არაა, რომ ხალხი ქალაქიდან გავიდეს - თბილისს არ ეტყობა, რომ ხალხი გასულია. როცა ერთი ადამიანი მეორეს ვერ ერევა, ემუქრება, რომ ხვალ მოვალ და რას გიზამ, ნახავო, ასეთი შინაარსის ხომ არაა შეჯახების გადავადების მომიზეზება, ოღონდ მუქარით, რომ, აი, შემოდგომაზე აზვირთდებაო. 13 წელია ზვირთდება და რატომ არ აზრვირთდა? და ცამეტივე წელია იძახიან ზეწოლის ქვეშაა მოსახლეობაო, საპროტესტო აქცია ვერ კეთდება საიმისო, რომელიც მათ სჭირდებათ.
„არჩევნების საბაბი ტალღის ადგაფუნებისთვის კარგია, მაგრამ საიმისო ტალღა იქნება, რომ ყველაფერი წალეკოს და ადამიანებმა ფიწლები დაიჭირონ? ფიწალი ვინც უნდა დაიჭიროს, ისინი არაფერს არ აპროტესტებენ, იგივე ლაშა ბაქრაძე აპროტესტებს, რომელსაც ფიწალი მე მგონი საერთოდ არ უნახავს. მსახიობები, მწერლები და ა.შ. ინტელიგენციის წარმომადგენლები აპროტესტებენ და ბატონი ლაშა უდაოდ ინტელიგენციის წარმომადგენელია, რომლებსაც ფიწლით მოქმედება ნაკლებად სჩვევიათ, რადგან ეს ძალისმიერი იარაღია.
ეს დაშინება კი ფაქტიუარდ ისაა, რომ ხალხი ძალას გამოიყენებს და გადაგყრითო. არ ეტყობა ამ ხალხს იმის სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს, "ოცნების" ხელისუფლება გადააგდოს და „ნაციონალური მოძრაობის" შესაბამისი ხელისუფლება მოიყვანოს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, უწყვეტი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არსებობს მოსახლეობის სეგმენტი, რომელიც წინააღმდეგობის გარეშე არ აპირებს „ჩაბარდეს დიქტატურას". როგორც ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, შესაძლებელია პროტესტის ახალი ტალღა შემოდგომიდან დაიწყოს. ამასთან, მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროტესტი გარკვეულ ჩიხშია, ხელისუფლებაც ჩიხშია მოქცეული".
„200-დღეზე მეტხნიანი პროტესტის შედეგი არის ის, რომ საზოგადოება ხედავს, საქართველოში არის ხალხი, რომელიც წინააღმდეგობის გარეშე არ აპირებს ჩაბარდეს იმ დიქტატურას, რასაც „ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველოში დაამყაროს. რასაკვირველია, წინააღმდეგობა უნდა გაიზარდოს. შეიძლება, წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს. ისევე როგორც წინააღმდეგობაა ჩიხში, ასევე ჩიხშია ეს ხელისუფლება", - განაცხადა ბაქრაძემ.
ის აქციების მუხტის შემცირებას „ქართული ოცნების" მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს. ფიქრობს, რომ საპროტესტო მოძრაობა არსად გაქრება და პირიქით, ქვეყანაში დაგროვილი დაძაბულობა შეიძლება მასობრივ აფეთქებად გადაიქცეს:
„უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების" მიერ დაწესებული შეზღუდვები მუშაობს, ამიტომაც დაიკლო ადამიანების რაოდენობამ აქციებზე. საბოლოო ჯამში, ის, რომ პროტესტი არსებობს, არის მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება" დარწმუნებული უნდა იყოს რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ მოსწონთ ეს ხელისუფლება. როგორც კი მოვა დრო, 100 ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში ეს შეიძლება ძალიან საშიში გახდეს. როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანები ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მაშინ მათი შეჩერება ძალიან გაძნელდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ასევე მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციის გამარჯვება შეუძლებელია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა - როგორც არ მონაწილეობა - მარგინალიზაციის რისკს შეიცავს.