თამთა ჩაჩანიძე
21.06.2025

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინამ ე.წ. ახალი რეალობა და შესაბამისად, უკრანის ოთხი ოლქი რუსეთის ნაწილად აღიაროს. გარდა ამისა, პუტინი აცხადებს, რომ ყველა ის ტერიტორია, სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, რუსეთის ნაწილია. რაზე და ვისზეა გათვლილი პუტინის ეს განცხადება და რამდენად ეხება ის საქართველოს?

„მთელი უკრაინა ჩვენია", - ამბობს პუტინი და დასძენს, რომ ისევ „ძველებური წესი აქვთ" და სადაც „რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება", ის ტერიტორია მათია. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისრაელ-ირანის ომმა პუტინის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახადა, ეს კი რამდენიმე ფატორითაა გამოწვეული. ერთის მხრივ იმის სურვილით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სუსტი არ გამოჩნდეს და მეორეს მხრივ, დრო იხელთოს და როცა დასავლეთის ყურადღება ირან-ისრაელზეა გადართული, ეს მომენტო გამოიყენოს.

მაისაია შეფასებით, ეს განცხადებები გათვლილია როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიაზე. მისი თქმით, ოკუპანტებმა რუსული ჩექმა აფახეთშიც ჩადგეს, თუმცა ეს განცხადება შეიძლება საქართველოს გასაგონად არ იყოს, რადგან კრემლს არ მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათ პრობლემებს შეუქმნის.

პუტინის განცხადება უკრაინისგან უპასუხოდ არ დარჩენილა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ესაა მისი მმართველობის სრული მარცხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

რას ამბობს პუტინი და რა უპასუხეს უკრაინიდან

ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა:

„იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია... უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსი და უკრაინელი ერი რეალურად ერთ ერად მიმაჩნია. ამ მხრივ მთელი უკრაინა ჩვენია... საბრძოლო ქმედებების გარკვეული ლოგიკა ხდება და ჯარები სხვადასხვა ტერიტორიებზე ჩნდებიან. ძველებური წესი გვაქვს - იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის კაპიტულაციას არ მოითხოვენ, არამედ მოითხოვენ იმ რეალობის აღიარებას, რომელიც დადგა.

რუსული მედია ავრცელებს პუტინის ინტერვიუს „სქაი ნიუს არაბიასთან", სადაც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „აუცილებელია,უკრაინამ ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს". პუტინი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელი ხალხის უმრავლესობა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით არის დაინტერესებული".

„აუცილებელია, რომ უკრაინამ ოთხ ცნობილ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები აღიაროს. აუცილებელია, რომ რუსეთთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიმართ თავისი ინტერესი აღიაროს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, „აუცილებელია უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა".

„აუცილებელია უკრაინის ნაცისტური ხასიათისა და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური ელემენტების აღმოფხვრა. მესამე მხარეები უკრაინის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებით არიან დაინტერესებულები და არა კონფლიქტის დასრულებით. უკრაინა უკეთეს ბედს იმსახურებს და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი მესამე მხარეების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა

უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრი ანდრეი სიბიგა დასავლეტს მოუწოდებს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.

„პუტინის ცინიკური განცხადებები აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს. მაშინ, როდესაც აშშ და დანარჩენი მსოფლიო მკვლელობების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებებით გამოვიდნენ, ომის მთავარი დამნაშავე მეტი უკრაინული ტერიტორიის დაპყრობასა და მეტი უკრაინელის მკვლელობას გეგმავს.

„პუტინის დღევანდელი ყველა შეშლილი განცხადებიდან რუსი ჯარისკაცის შესახებ განცხადება გამოირჩევა. რეალობაში, სადაც რუსი ჯარისკაცი დგამს ფეხს, მას მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს.

„პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოახდინა უკრაინაში უაზრო სისხლისღვრაში ერთი მილიონი რუსი ჯარისკაცის უტილიზაცია ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. ერთი მილიონი ჯარისკაცი, ორი მილიონი ფეხი... მაშინ როდესაც პუტინი დაკავებულია რუსული ფეხების სხვა ქვეყნების დასაპყრობად გაგზავნით, ის ქვეყნის შიგნით რუსებს ეკონომიკურად მუხლებზე აჩოქებს.

„მისი ცინიკური განცხადებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მისი მმართველობის სრული მარცხიდან საჯარო ყურადღების გადატანას. მან რუსეთი მიიყვანა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსი გარიყული რეჟიმების სამარცხვინო კლუბში, საერთაშორისო იზოლაციაში და დაუსრულებელ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რომელიც მხოლოდ გაუარესდება.

„რუსეთის მშვიდობისკენ იძულების ერთადერთი გზა მისთვის დაუსჯელობის გრძნობის ჩამორთმევაა. გაზარდეთ უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა და ძლიერად დაარტყით რუსეთის ეკონომიკას გამანადგურებელი სანქციებით. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ. სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია. გონზე მოიყვანეთ მოსკოვი", - წერს სიბიგა.

რატომ გაზარდა პუტინმა მოთხოვნები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პუტინმა რიტორიკა განსაკუთრებით ირან-ისრაელის კონფლიქტის შემდეგ შეცვალა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

„რამდენიმე ფაქტორია. ჯერ ერთი, ირან-ისრაელის ომმა კიდევ უფრო დააჩქარა და რუსეთის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახადა. ამას თავის მხრივ რამდენიმე მიზეზი აქვს - ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციის მოგერიებაში რუსეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირე ირანს ვერ ეხმარება; ასევე რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმა რუსეთის ოფიციოზს პოლიტიკური თავშესაფრისთვის უკვე მიმართა, მათ შორის ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და ეს პროცესი თუ გაგრძელდა, შეიძლება თავად რუსეთის შიდა სიტუაციაზე აისახოს. შეიძლება შიდა ელიტებმაც კი ჩათვალონ, რომ პუტინი უკვე დასუსტებულია, ვერაფერზე ვერ რეაგირებს და მისი რეჟიმის ჩამოგრევის დაწყება გამოიწვიოს.

„მეორე ის, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი იმ მომენტს ითვალისწინებს, რომ სანამ ამერიკა და ისრაელი ირანით არიან დაკავებულები და აშშ-მა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადმოსროლა დაიწყო, კონცენტრირებულია ირანზე და ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება უკრაინა განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში აღარ იყოს, მანამდე რუსეთმა დრო იხელთოს, უკრაინაზე სერიოზული ზეწოლა მიოახდინოს და ეს მომენტი გამოიყენოს.

„მესამე ვარიანტს რაც შეეხება, რუსეთს სურს, რომ გლობალური დაპირისპირების ფონზე, სადაც ამერიკისა და ევროკავშირის გარდა ჩინეთიც გამოვიდა ასპარეზზე, მანაც შეახსენოს, რომ ისიც გლობალური გავლენის ცენტრის წარმომადგენელია.

„ეს განცხადებები გათვლილია როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიაზე და ასევე სანამ ამერიკა და მთლიანად დასავლეთი ირანზეა გადართული, პუტინმა ეს მომენტი გამოიყენოს და თუ შეიძლება ითქვას, უკრაინა დაიგულოს.

„ეს განცხადება ჩვენზე გათვლილი არაა. ჩვენ მისთვის ისეთ სირთულეს აღარ წარმოვადგენთ. არ მიაჩნიათ, რომ დღევალდელი ხელისუფლება მათ პრობლემებს შეუქმნით. ხელისუფლება ისედაც მარიონეტულადაა განწყობილი მის მიმართ და თან საქართველოს დღევანდელი ლიდერშიფი ვერ გადის მაღალ იერარქიულ დონეზე, ანუ პუტინისა და იმ პირების დონეზე, რომლებიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ. ვფიქრობ, ჩვენი საკითხები უფრო საშუალო დონის რუსი პოლიტიკური ჩინოვნიკების გადაწყვეტილების დონეზეა.

„აფხაზეთში რომ „ფეხი ჩადგეს" და პუტინს უკვე თავისად მიაჩნია, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ოკუპირებულ აფხაზეთზე უფრო მეტი ფსონი იდება, ვიდრე მთლიანად საქართველოზე. რუსეთის თანამედროვე პოლიტმეიკერების მიდგომა გეოპოლიტიურ კონტექტსში ასეთია, რომ „ვინც აკონტროლებს აფხაზეთს, აკონტროლებს საქართველოს". ამიტომაც ისინი ფსონს უკვე აფხაზეთზე დებენ, რომელიც ასევე არის გასაღები ჩრდილოეთ კავკასიაზე პოზიციების კიდევ უფეო გასამყარებლად, ამასთან შავიზღვისპირეთია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×