
საგამოძიებო კომისის სხდომაზე დაგეგმილი იყო ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხის განხილვა, სხდომაზე ხელახლა იყო დაბარებული გიორგი გახარია, თუმცა ის პარლამენტში არ მიდის.
კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მისმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომ გახარია ქვეყანაში არ იმყოფება და მზად არის, კომისიას დისტანციურად ესაუბროს.
თემაზე პარტიაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგიც გაიმართა, სადაც თქვეს, რომ გახარიას ონლაინჩართვაზე კომისიამ უარი უთხრა. განმარტება გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი გახარია ცდილობს, თავი აარიდოს კითხვებს.
რაც შეეხება ონლაინჩართვას, ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, როდესაც საქმე ეხება მოწმეს ან დაზარალებულს, გახარიას კი განსხვავებული სტატუსი აქვს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ჩორჩანას მოვლენებზე.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას საქმეზე ადამიანები ცრუ ჩვენებებს იძლევიან.
"მათ არ სურთ სიმართლის მოსმენა. უარს ეუბნებიან გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება ჩაერთოს და საზოგადოებას დაანახოს სად არის სიმართლე. ერთმანეთის მიყოლებით, მიდიან და გიორგი გახარიას შეკერილ საქმეზე, მის წინააღმდეგ ჩვენებებს ტყუილით იძლევიან, მათ შორის, მოვიაზრებ, ყველა იმ ე.წ. მოწმის თუ სხვა ადამიანების აზრებს და შეფასებებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.