მარიამ ვეკუა
23.06.2025

სასამართლომ „გირჩი" ზურაბ ჯაფარიძე და „ლელო ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო - ორივეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა, გახარიას კი, რომელიც საგამოძიებო სხდომაზე არ გამოცხადდა, მმართველი პარტია გაქცევაში ადანაშაულებს და ექსპერტები მის დაკავებასაც არ გამორიცხავენ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის განმარტა, რომ ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გარდა ამისა, „ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ ამავე ბრალდებით დამნაშავედ ცნო, ჯაფარიძის მსგავსად, სასამართლო პროცესს ისიც არ დასწრებია, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის ორი ლიდერი ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ამ დრომდე ციხეში რჩებიან.

რაც შეეხება, „საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიას, ის საგამოძიებო სხდომაზე 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, მოგვიანებით, გაავრცელა ინფორმაცია რომ ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საპარლამენტო საგამოძიებო სხდომის კომისიის წევრებს დისტანციურად ჩართვის მოთხოვნით მიმართა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გახარია კომისიას თავს არიდებს. საგამოძიებო კომისიამ კი მას ვადა 2 ივლისამდე მისცა. მოთხოვნა დისტანციური ჩართვის შესახებ კი არ გაითვალისწინა.

პრემიერის შეფასება

პრემიერი ირაკლი კობახიძე ხაზგასმით ამბობს, რომ გიორგი გახარია კომისიას სამარცხვინოდ თავს არიდებს, რადგან მისი დანაშაული ჩორჩანას საქმეში ისედაც ცხადია.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ გახარია პრემიერობის დროს დიპ სტეტიტისგან იყო მართული.

მე ვერ დავიჯერებ ასეთი მიამიტი არ ვარ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან".

პრემიერი გამოეხმაურა ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმესაც და თქვა, რომ, ყველა ვინც კანონს, კონსტიტუციას დაარღვევს კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

„როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება. როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა". - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გამკაცრდება თუ შენარჩუნდება „ოცნების" ტონი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მისი პროგნოზი გამართლდა, რადგან ხელისუფლებამ დაპატიმრებების სერია დაიწყო, ვარაუდობს, რომ ასე გაგრძელდება და არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში სხვა პიროვნებებიც დადგეს.

„ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს და იმ პოლიტიკას, რაც შეიმუშავა. ჩემი პროგნოზი იყო, რომ ამ პოლიტიკას გააგრძელებდა, და ეს პროგნოზი გამართლდა კიდეც. სწორად აღმოვჩნდი ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება სხვების მიმართაც - იგივე ან უფრო მკაცრი განაჩენი იქნება გამოტანილი, და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვა ადამიანების, სხვა პიროვნებების საქმეები დადგეს დღის წესრიგში და დაიწყოს ანალოგიური პროცესები.

ხელისუფლება ცდილობს, რომ არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად გამოიყენოს, რათა ქვეყანაში იურიდიულადაც გააფორმოს ავტორიტარული რეჟიმი. ამისთვის სჭირდება რეპრესიები, და ამ რეპრესიებს კიდევაც ახორციელებს. არაფერი ახალი ამაში" - განაცხადა ძაბირაძემ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი საუბრობს კანონის უზენაესობაზე, აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც სახელმწიფო ინსტიტუსტს შეურაცხყოფს, შესაბამისად დაისჯება.

„ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძის დაპატიმრება, ისევე როგორც დაუსწრებლად ხაზარაძისთვის გამოტანილი განაჩენი, მიანიშნებს ერთ კარგ ტენდენციაზე - მართლმსაჯულება არ უყურებს არც საარჩევნო კალენდარს და არც კონკრეტული ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებებს. შევხედოთ საფრანგეთის მაგალითს: საპრეზიდენტო არჩევნები აქვთ ორ წელიწადში და მანამდე, ძალიან საეჭვო ბრალდებებით, მარინ ლე პენს გამოუცხადეს სასჯელი სასამართლოში. ეს პოლიტიკური დევნაა? თუ არ არის, მაშინ საქართველოში რატომ არის პოლიტიკური დევნა?

როგორც ჯაფარიძე, ხაზარაძე ასევე სხვა პირები თავს არიდებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მისვლას და ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებას. ასეთი კადნიერება არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არავის გაუვა. მაგრამ მე ვხედავ კიდევ უფრო სხვა ტენდენციას - იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების რაღაც სეგმენტი უკმაყოფილოა და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაკავებას ითხოვს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ეწევიან ექსტრემიზმის წახალისებასა და სპონსორობას."-განაცხადა აბაშიძემ

„გახარია თუ დაბრუნდება დააკავებენ"

ვახტანგ ძაბირაძე, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაკავებულების რიცხვს გიორგი გახარიაც შეემატოს გვპასუხობს: „როგორც ჩანს, გახარიას დაკავების შანსი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, საქმე, რომელიც გახარიას წინააღმდეგ აღძრეს, სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. რა თქმა უნდა, დააკავებენ, თუ გახარია ჩამოვა და დაბრუნდება ქვეყანაში. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ არ გამოვრიცხავ მის არდაბრუნებასაც.

არც გია აბაშიძე გამორიცხავს გახარიას დაკავებას.

„არ გამიკვირდება, რომ გახარიამ მოითხოვოს რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი. შესაძლოა, მისცენ, ან არა, თუმცა, ფაქტია, რომ მას მოუწევს პასუხისგება. მან ძალიან კარგად იცის, რომ უდიდესი ალბათობით დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მძიმე მუხლი, და ამისთვის მოუწევს პასუხის გაცემა.

ასეთ დანაშაულს ხანგრძლივობის არანაირი ვადა არ აქვს. ძალიან უღირსი საქციელი იქნება მისგან, თუ გადაწყვეტს თავი აარიდოს ამ პასუხისმგებლობას და არ წარსდგება საქართველოს სასამართლოს წინაშე."- განაცხადა აბაშიძემ.

საბოლოოდ გაქრა საპროტესტო მუხტი?

ვახტანგ ძაბირაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ოპოზიციონერების დაკავება საპროტესტო მუხტში რომ არაფერს შეცვლიდა, მისივე თქმით, ამას კარგად ხვდება „ოცნებაც", საუბრობს, ოპოზიციური ფლანგის ნაკლოვანებებზე.

„ხელისუფლებას რომ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება გამოიწვევს მღელვარებას, მაშინ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. ამ ხნის განმავლობაში, რაც პროტესტია რუსთაველზე, ხდება ოპოზიციის იგნორირება თვითონ პროტესტანტების მიერ. პოლიტიკური ლიდერების იგნორირება - ისინი მარტო არიან ეკრანებზე და იქიდან მოუწოდებენ ადამიანებს, რომ აი მყარდება დიქტატურა, შეიცვალა კურსი და ა.შ., მოუწოდებენ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. სხვა რაიმე ნაბიჯს ისინი არ და ვერ დგამენ.

ვსაუბრობ ქვეყნის შიგნით. ქვეყნის გარეთ რაღაც ხდება, ოღონდ ისიც განცხადებების დონეზეა ჯერ. სანამ ამ განცხადებებს არ მოჰყვება ქმედებები და ამ ქმედებებს ჩვენი მოსახლეობა არ იგრძნობს, მანამდე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის, მით უმეტეს, ასეთი დამოკიდებულების გამო, ყველა ერთადაც რომ დაიჭირონ, მაინც არავინ გამოვა ქუჩაში."-განაცხადა ძაბირაძემ.

გია აბაშიძე კი ამბობს, რომ საპროტესტო მუხტი მაღალი რეგისტრით ვეღარ დაბრუნდება.

„საპროტესტო მუხტი ვერანაირად ვერ ბრუნდება იმ მაღალ რეგისტრში, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდათ ორგანიზატორებს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ორგანიზატორები და დამფინანსებლები არ არიან პრინციპულები, არ არიან თანმიმდევრულები და არ აქვთ უზენაესი ფასეულობა - სახელმწიფო ინტერესები. მათთვის მთავარი არის რევანში და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

მაგალითისთვის, როცა აქციების ერთ-ერთი მატერიალურ-ფინანსური სპონსორი საზღვარგარეთ ისვენებს და ამას თვალსაჩინოდ აქვეყნებს სოციალურ ქსელში, ხოლო ე.წ. ქუჩის აქტივისტები რუსთაველზე დგანან, ასეთ ვითარებაში, რომელ რადიკალურ, მასშტაბურ მუხტზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი?!"-განაცხადა აბაშიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×