
იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, როდესაც სხვებს არ ეუბნებიან უარს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ჩართვაზე, რატომ ეუბნებიან უარს გიორგი გახარიას.
„ძალიან განსხვავებულ სიტუაციაშია ბატონი გახარია მათგან, ვისაც ონლაინ ჩართვის შეთავაზება ჰქონდათ და ამაში მონაწილეობა მიიღეს. დღეს კომისიაზე ონლაინ ჩაერთო გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნიუ-იორკიდან. მას მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას გაეროში. დისტანციური კომპონენტიდან და მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ამიტომ შეეთავაზა. დანარჩენი ჩართვები იყო საპატიმრო დაწესებულებებიდან, სადაც ბრალდებულები ინფორმაციას აწვდიდნენ კომისიას და აქაც მგონი კითხვის ნიშნები არ არის. იყო ერთი შემთხვევა შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორთან დაკავშირებით. ეს ადამიანი სამკურნალოდ იყო წასული, ამ პერიოდში მისგან მტკიცებულებების წარდგენა მნიშვნელოვანი იყო და სამკურნალო მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, რომ ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდა, ამიტომ მიეცა ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა.
ბატონი გახარიას შემთხვევაში არანაირი საფუძველი არ არის, რომ რადგან ის პირადი გარემოების გამო არის მივლინებაში, არ გამოცხადდეს კომისიაზე. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ როდესაც კომისიაზე დაიბარეს, თქვა, რომ მივლინება გადადო ამის გამო. იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა“, - აღნიშნა მიქანაძემ.