
ირანისა და ისრაელის კონფლიქტი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საგრძნობ უარყოფით გავლენას მოახდენს. არა მარტო ირანთან, სავაჭრო ურთიერთობები ჩიხში შევა სხვა ქვეყნებთანაც, რადგან საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო, ექსპორტში გარკვეულმა რისკებმა იჩინა თავი. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო დაპირისპირებული მხარეების პოზიციები არ ტოვებს იმის განცდას, რომ სახედრო კონფლიქტი შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს, რაც აუცილებლად ნეგატიურად აისახება, როგორც რეგიონზე, ისე საქართველოზე. პირველ რიგში, პრობლემა გადაზიდვას შეეხო და ტარიფებიც გაიზარდა.
ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობპროდუქტების გადამტანი ტანკერების ღირებულება, ამ მხრივ გავლენა მოახდინა გარემოებამ, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვის რისკი გაზრდილია. როგორც ირანული მხარე იუწყება, სრუტე ჩაიკეტება, რაც საზღვაო გადაზიდვის მხრივ პრობლემას გამოიწვევს.
ჰორმუზის სრუტე ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტია ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. სრუტე დღეში 20 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს ატარებს.
"ბალტიკ ექსჩეინჯის" ცნობით, სამ სავაჭრო სესიაზე ახლო აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ აზიაში საწვავის გადაზიდვის ღირებულება თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკაში გადაზიდვის ტარიფი 40%-ზე მეტით არის მომატებული.
შექმნილმა სიტუაციამ ექსპორტს უკვე შეუქმნა პრობლემა. საქართველოში კომპანია "ოკი ლოგისტიკის" კომერციული დირექტორის ლევან ჩხატარაშვილის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ამ დროისთვის დიდი მოცულობის ტვირთნაკადი, მათ შორის მოცვის ექსპორტი თელ-ავივის მიმართულებით გაჩერებულია.
„ამ ეტაპზე, ირანთან და ისრაელთან ერთად ერაყის ცაც ჩაკეტილია. მოგვიწია ალტერნატიული მარშრუტის შემუშავება, რადგან ერაყის საჰაერო სივრცის გავლით მოფრინავდა თვითმფრინავები. შევეცადეთ, რომ ტარიფები არ გაგვეზარდა და ეს მოვახერხეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ექსპორტს ვითარება ძალიან შეეხო. ისრაელის საჰაერო და სახმელეთო გზაც ჩაკეტილია, შესაბამისად ისრაელამდე ფიზიკურად შეუძლებელია ტვირთის გაგზავნა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისრაელი საჰაერო სივრცეს კეტავს, რადგან წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, დაპირისპირება ხშირია. შესაბამისად, ჩვენი კომპანია იქნება პირველი, რომელიც საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ შეასრულებს ავიარეისებს”, - განაცხადა ლევან ჩხატარაშვილმა.
ამდენად, მოცვის მწარმოებლები სერიოზული გამოწვევის წინაშე არიან. როგორც ,,აგროლეინის" დამფუძნებელმა გიორგი ღვინიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, ექსპორტი არ გაჩერებულა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით ხორციელდება, რაც რეალიზაციის კუთხით დიდ პრობლემას ქმნის.
,,ძნელად მეგულება დარგი, ვისაც ომის გავლენა არ შეეხო. ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმ კუთხით, რომ მოცვი მალფუჭებადი კულტურაა. ძალიან დიდი ტვირთი გაჩერდა თელ-ავივის და ისრაელის მიმართულებით. პრობლემაა ყველა ბაზარზე, რადგან ერაყისა და ისრაელის საჰაერო სივრცის დაკეტვა ყველას შეეხო, შემცირდა ავიარეისები, ფაქტობრივად, განახევრებულია.
გადაზიდვების ხარჯი მატულობს, ავიაკომპანიებს ძვირი უჯდებათ ფრენა, რაც სავარაუდოდ, ტარიფებზეც მოახდენს გავლენას, გადასახადები ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ ველოდებით, რომ ცვლილებები იქნება. ერთადერთი გამოსავალია, ომი გაჩერდეს. ეს პერსპექტივა კი ჯერ არ ჩანს, დიდი გაურკვევლობაა", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
რაც შეეხება შუა დერეფნის როლს, ჯერჯერობით გაურკვეველია, გახდება თუ არა ისრაელ-ირანის კონფლიქტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფნისთვის ახალი იმპულსი. გადამზიდავების ნაწილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ირანის პორტებიდან ტვირთები საქართველოსკენ გადმომისამართდეს. შუა დერეფანი კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.
,,იბექს ლოჯისტიკის" წარმომადგენელმა ლევან თათარაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელ-ირანის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, საჰაერო გადაზიდვა შეფერხებულია, საზღვაო მიმართულებით კი ტარიფი გაიზარდა.
,,სამხედრო დაპირისპირების გამო გადაზიდვის ერთიან ჯაჭვში ცვლილებებია. საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და ანალოგიური რისკებია საზღვაო გადაზიდვის კუთხითაც, რაც ტარიფების ზრდას გამოიწვევს. საკონტეინერო გადაზიდვის ღირებულება მოიმატებს, კონკრეტუილად რამდენით, ჯერჯერობით გაურკვეველია.
საქართველო მდებარეობს ევრაზიის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე რეგიონში — შავი ზღვის აუზსა და კასპიის ზღვის შუაში, რაც მას აძლევს სატრანზიტო და სტრატეგიულ მნიშვნელობას კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დამაკავშირებლად. მიმდინარე პროცესების გამო, შუა დერეფნის ფუნქცია გაიზრდება, მაგრამ ამისთვის ინფრასტრქუქტურა მზად არ არის, შესაბამისად, შესაძლოა, ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენოთ", - აღნიშნა თათარაშვილმა.
ირანი არაერთხელ დაიმუქრა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. ეს სრუტე აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას. სრუტე მსოფლიო ნავთობის მეოთხედს ატარებს და "გოლდმან საქსის" ანალიტიკოსების ვარაუდით, მისი ბლოკირებით ნავთობის ფასმა შესაძლოა, 100 დოლარსაც კი გადააჭარბოს. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ირანისთვის იქნება უკიდურესი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სრუტით სარგებლობს ყატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთი, რაც, გარკვეულწილად, მათთან ირანის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს.