მარიამ ვეკუა
24.06.2025

ისრაელი-ირანის თითქმის ორკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებულია. ორივე მხარე გამარჯვებას ზეიმობს - თელ-ავივში მიიჩნევენ, რომ ოპერაცია „აღმავალი ლომის" ყველა დასახეული მიზანი მიღწეული, თეირანში კი აცხადებენ, რომ მათ აიძულეს ისრაელი შეეწვიტა დარტყმები ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად მყარი და ხანგრძლივი იქნება ეს ზავი.

პირველი ცნობა მიღწეული ზავის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა. ორშაბათს საღამოს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ორ ქვეყანას შორის ორკვირიანი ესკალაციის საჰაერო თავდასხმების შესაძლო დასრულების სიგნალია.

ტრამპის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებდა ორ 12-საათიან ეტაპს: ჯერ ირანი შეწყვეტს დარტყმებს და შემდეგ ისრაელი. ამის შემდეგ 24 საათში ომი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდებოდა..

„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს) 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება.

„მინდა მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელს და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და გამოჩენილი გონიერების გამო, რათა დასრულეს ის, რასაც „12-დღიანი ომი" უნდა ეწოდოს", - დაწერა ტრამპმა პოსტში.

მანამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არსებობა. თუმცა, მან თქვა, რომ თუ ისრაელი შეწყვეტს დარტყმებს თეირანის დროით დილის 4 საათამდე, ირანი შეთანხმებისთვის მზად იქნებოდა.

ტრამპის მოულოდნელი განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთდა ორი დღის შემდეგ, რაც აშშ ომში ღიად ჩაერთო და ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელა.

ისრაელსა და ირანს შორის ომი 12 ივნისს დაწიყო, როდესაც ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელა, რომელთა სამიზნეც სამხედროსთან ერთად ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტებიც იყო.

ჩაშლის ზღვარზე

ზავის გამოცხადების პირველ საათებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაშლის პირას იყო. ისრაელის ხალისუფლების ოფიციალური ცნობით, სამშაბათს დილით ირანმა კვლავ განახორციელა სარაკეტო დარტყმა. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებიდან 2.5 საათის შემდეგ ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირა. ისრაელის ჩრდილოეთით სირენების ხმა გაისმა და აფეთქებების ხმა ისმოდა, როდესაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები გახსნეს.

ამ დარტყმის შედეგად ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში სულ მცირე სამი მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი შენობა დააზიანა. ერთი შენობიდან 9 ცხედარი ამოიყვანეს და კიდევ რამდენიმეს ეძებენ. დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი. ამის შესახებ ისრაელის პირველი რეაგირების ჯგუფებმა განაცხადეს.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა, ტელევიზიით გადაცემულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე შიდა ფრონტის სარდლობის ინსტრუქციებში არანაირი ცვლილება არ არის. ინსტრუქციები უნდა შესრულდეს. საფრთხე კვლავ არსებობს".

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცმა კი ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, „ძლიერად ეპასუხათ" ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.

ირანის ხელისუფლება ამ სარაკეტო იერიშთან და შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებები უარყო. როგორც ირანულმა სააგენტო ISNA-მ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისროლა, მცდარია.

შექმნილ სიტუაცისთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა განცხადება:

„მე არ ვიცი, ეშმაკმა დალახვროს, რა ჯანდაბას აკეთებენ ისინი... როცა თქვენ დაგემშვიდობებით, ვნახავ შემიძლია თუ არა ამის შეჩერება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდეტმა ჟურნალისტებს ჰააგაში ნატო-ს სამიტზე გამგზავრების წინ.

მოგვინებით კი ტრამპმა სოციალურ ქსელში ახალი შეტყობინება გამოაქვეყნა:

„ყველა თვითმფრინავი უკან იქნება გამოხმობილი და შინისკენ აიღებენ გეზს, რაც ამავდროულად მეგობრული სიგნალი იქნება ირანისთვის. არავინ დაზარალდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია! მადლობა ყველას ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!"

ხანგრძლივი ზავი, თუ დროებითი პაუზა

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ირანსა და ისრაელს შორის 12 დღიანი ომის შემდეგ დადებული ზავი მხოლოდ პაუზაა.

ჯონათან პანიკოფმა, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა:

„ისრაელემა თავიანთი მიზნების დიდი ნაწილი შეასრულა, ხოლო ირანი გამოსავალს ეძებს. აშშ იმედოვნებს, რომ ეს დასასრულის დასაწყისია. გამოწვევა ის არის, არსებობს თუ არა სტრატეგია იმის შესახებ, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. ეს ზავი შეიძლება მხოლოდ დროებითი პაუზა იყოს.

„კითხვები ასევე რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე იქნა რეალურად შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებამ ნაწილობრიც კონფლიქტის დასრულების შესახებ იმედები გააჩინა", - განაცხადა პანიკოფმა „როიტერთან".

ბირთვული საკითხების ექსპერტი ჯეიმს ექტონიც ფიქრობს, რომ ეს ზავი მხოლოდ დროებითია და ირანს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, რომ თავისი ბირთვული პროგრამა სწრაფად აღადგინოს:

„ირანს დარჩა როგორც ტექნოლოგია, ისე ცოდნა და მასალები, რომ ბირთვული პროგრამა სწრაფად აღადგინოს, სულ მცირე ერთ წელიწადში. ამ სამხედრო დარტყმებს კი დროებითი ეფექტი აქვს - ეს ჰგავს გაზონის მუდმივ გაკრეჭვას, რომელიც ისევ და ისევ იზრდება."

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ესლამიმ კი განაცხადა, რომ ირანი ბირთვული ინდუსტრიის აღდგენას გეგმავს. ესლამის თქმით, ამჟამად ირანი აფასებს ზიანს, რომელიც მიაყენეს ბირთვულ ინდუსტრიას.

„გეგმა ითვალისწინებს წარმოებისა და მომსახურების პროცესში შეფერხებების თავიდან აცილებას", - განაცხადა ესლამიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×