
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი 24 ივნისს თანამდებობიდან წავიდა. ის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან მთავრობაში შემორჩენილი ბოლო მინისტრი იყო და ახლა ხელისუფლება, პრაქტიკულად მთლიანად, მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის მოსვლის შემდეგ დანიშნული კადრებით შედგება. ანალიტიკოსთა ნაწილი ამ პროცესს ღარიბაშვილის კადრებისგან მმართველი გუნდისგან წმენდას უწოდებს, ნაწილი კადრების გადახარისხებაზე საუბრობს, მთავრობა კი ამ პროცესს „ეფექტიანობის გაზრდის" მცდელობად წარმოაჩენს.
დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე კი მას მარიამ ქვრივიშვილი ჩაანაცვლებს.
„სამინისტროს მართვა დაკავშირებულია ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან. ამ რუტინისგან გათავისუფლება ლევანს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელება. ლევან დავითაშვილი არის განსაკუთრებული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და მჯერა, რომ ის ახალ პოზიციაზე წარმატებით შეასრულებს ამ მისიას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დავითაშვილის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, 20 ივნისს, დაკავეს მისი ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ეს საკადრო ცვლილება უკვე პროგნოზირებადი გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რომეო მიქაუტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ფულის გათეთრება ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ამ საკადრო ცვლილების გარდა, 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია. გვარაკიძის კანდიდატურას 83 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
დასრულდა თუ არა წმენდა
აქტიურად საკადრო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ პრემიერის პოსტის დაკავებიდან მალევე დაიწყო. აპრილი საკადრო ცვლილებების თვე აღმოჩნდა. მაგალითდ, ცვლილებების ცენტრში იყო სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომლის პოსტიდან გადადგომის ცნობა 2 აპრილს გავრცელდა და უკვე 4 აპრილს,პარლამენტმა მის შემცვლელად იუსტიციის ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი აირჩია. მანამდე, ერთი კვირით ადრე, თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთ მინისტრმა ილია დარჩიაშილმაც.
2025 წლის 28 მაისს თანამდებობა დატოვა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილის გაშვებაც ამ ტენდენციის ნაწილია.
„დასასრული არ ვიცი რამდენად არის, თუმცა ეს შემთხვევაც იმ ტენდენციაში ნამდვილად ჯდება, რომ ასუფთავებენ ღარიბაშვილის კადრებს. თუ ვინმე კიდევ სადმე არის დარჩენილი, ტენდენციის მიხედვით, ისიც უნდა გაუშვან და გაუშვებენ კიდეც, თუ არის ასეთი და აუცილებლად ირაკლი კობახიძემაც უნდა დანიშნოს თავისი კადრი. ასე მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ დავითაშვილის გადადგომა ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეიძლება შეეხებოდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ბევრი ვერსიის განხილვა შესაძლებელია".
„ბევრი ვერსია შეიძლება განვიხილოთ. ძალაუნებურად მოდის ეს მსჯელობა, როცა ადამიანები ხედავენ ამ საკადრო ცვლილებების პროცესს. თუმცა, მეორე კუთხით, შეგვიძლია ამ პროცესს შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის კადრების გადახარისხების პროცესი. ამ ვერსიასაც ხომ აქვს არსებობის უფლება?
„ჩვენ არ ვიცით ჯერ, თუნდაც რა გახდა დავითაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი. მაგალითად, მე პირადად მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხები, რადგან, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ინვესტორთან ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმებული არ არის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
შესაძლო შიდა დაპირისპირება „ოცნებაში"
ახალი პრემიერის ასეთი საკადრო პოლიტიკა ბუნებრივად აჩენს კიტხვებს მმართველ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფების არსებობისა და მათ შორის მძაფრი კონკურენციის შესახებ. კითხვაზე, რატომ გაუშვეს ღარიბაშვილის ყველა კადრი, რატომ დადგა ამის აუცილებლობა და ხომ არ მიანიშნებს ეს პარტიის შიდა დაპირისპირებაზე, ზაალ ანჯაფარიძე გვპასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს, თუმცა არ ფიქრობს, რომ გუნდში დაპირისპირებაა.
„ვფიქრობ, ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რაღაც პროცენტით ნებისმიერი ვერსიის არსებობა შეიძლება დავუშვათ. თუმცა, სხვადასხვა მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ გუნდის წევრებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც დაპირისპირებაა. მე სხვა პასუხი არ მაქვს, რადგან „ოცნების" შიდაპარტიულ სამზარეულოში ჩახედული არ ვარ. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით - რაღაც პროცენტით შეიძლება ნებისმიერი ვერსიის არსებობა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
დავით ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის დროინდელი კადრების გაწმენდის მიზეზი მარტივია - მოქმედ პრემიერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან მინიჭებული აქვს ის პრივილეგია, რომ თავად დანიშნოს პოსტებზე ვისაც საჭიროდ ჩათვლის.
„სერიოზულ ბრძოლასა და დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. კობახიძეს ბიძინა ივანიშვილისგან მიცემული აქვს ეს უფლება, რომ დანიშნოს ვინც უნდა. კობახიძე კი თავის ხალხს ნიშნავს ყველგან, ათავისუფლებს ღარიბაშვილის კადრებს. ეს არის მიზეზი და ამას ყველა ხედავს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე შეფასებით, ახალი პრემიერის საკადრო პოლიტიკა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირების მიზეზი არც გახდება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება "ოცნების" წევრთა ნაწილი ამ გადაადგილებებით უკმაყოფილო იყოს.
„გამორიცხულია, თუნდაც ამ წმენდის შემდეგ, გაჩნდეს შიდა ოპოზიცია. ბუნებრივია, ღარიბაშვილის და მისი გუნდიც არ იქნება დიდად ბედნიერი, თუმცა, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, როცა ქვეყანაში მიმდინარეობს პრაქტიკულად დიქტატურისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის სერიოზული მცდელობა, ახლა არ მგონია, რომ ვინმე ხელისუფლებას დაუპირისპირდეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გაიზრდება თუ არა უკმაყოფილება „ოცნების" მხარდამჭერებში
კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ოცნების" მხარდამჭერებში ღარიბაშვილის დროინდელი კადრების წმენდას უკმაყოფილება მოჰყვეს, ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ წინასწარ ამის თქმა რთულია:
„ჩატარდეს გამოკითხვა. მე, როგორც ანალიტიკოსს, როგორ შეიძლება წინასწარ ვთქვა კონკრეტული პასუხი? დიახ, გეთანხმებით, ყველას აქვს თავისი სუბიექტური პასუხი, თუმცა გამოკითხვაში დასმული კითხვა უნდა იყოს ასეთი: როგორ უყურებენ ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებს? მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვარაუდის აგება," - განაცხადა ანჯაფარიძემ.
დავით ზურაბიშვილი კი ფიქრობს, რომ „ოცნების" ამომრჩევლისთვის ამ საკადრო ცვლილებებს სერიოზული მნიშვნელობა არ ექნება:
„არ ვფიქრობ, რომ „ოცნების" ამომრჩევლისთვის ამას ახლა მნიშვნელობა ჰქონდეს. ღარიბაშვილზე არ არის ლაპარაკი. ეს იყო ხალხი ხელისუფლებაში, მთავრობაში, რომლებსაც რეალურად პოლიტიკის წარმმართველი როლი არ უთამაშიათ. ამიტომ, ვფიქრობ, ვინ გამოიცვლება და ვინ დაინიშნება, ახლა მათთვის მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.