
მკვეთრი გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი ერთბაშად ეცემა. შავი ოქროს ღირებულების საგრძნობი კლება ირან-ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტას უკავშირდება. მართალია, გამოცხადებული მშვიდობა მყიფეა, მაგრამ ბირჟებზე მაინც მყისიერი ასახა ჰპოვა. ახლა საინტერესოა, რა იქნება მომავალში და როგორი სიტუაცია გაგრძელდება სანავთობო ბაზარზე უახლოეს პერიოდში.
ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ შედგა. მას შემდეგ კი ნავთობი სწრაფად იაფდება და გუშინ დღის ბოლოს `ბრენტის~ ტიპის საწვავის ფასმა 67 დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 10-დოლარიანი სხვაობაა სულ რაღაც დღენახევარში. ორ ქვეყანას შორის ომის მიმდინარეობისას ნავთობის ღირებულება, საშუალოდ, 77-78 დოლარი იყო, თუმცა მაქსიმალური ფასი 79 დოლარზე დაფიქსირდა.
როგორც უკვე ვახსენეთ, ნავთობის ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკის შემცირებასთან და ისრაელ-ირანის ზავთან. სწორედ ამ მიზეზით ახსნა შავი ოქროს გაიაფება ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმაც.
"ნავთობის მკვეთრი გაძვირების ბოლოდროინდელი ფაზა, რომელიც ორკვირიან პერიოდს მოიცავს, რა თქმა უნდა, პირდაპირ იყო დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასთან. როდესაც ეს პროცესი დაიწყო და ისრაელმა პირველი იერიში მიიტანა, რამდენიმე საათში აისახა ნავთობის ფასზეც. აქედან გამომდინარე, გაძვირება სრულად იყო დაკავშიებული ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან, რასაც დაემატა ირანის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავდა კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ნავთობის ღირებულების მატებას.
ახლა მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც დაადასტურა ორივე ქვეყანამ. ასეთმა გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, სანავთობო ბირჟებზე გავლენა მოახდინა და ფასი ერთბაშად დაბლა წამოვიდა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკა ერთ-ერთი პირველია, ვისაც ნავთობზე მაღალი ფასი ხელს არ აძლევს. აქედან გამომდინარე, მას არ აწყობდა კონფლიქტის გაგრძელებაც და ტრამპის განცხადებებიც ამაზე მეტყველებდა. პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, უკავშირდება ესკალაციისა და ცეცხლის კერების ჩაქრობას”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.
ისრაელ-ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე ნავთობის ღირებულება სტაბილური და გაიაფებისკენ მიდრეკილი იყო, თუმცა ომმა სიძვირე განაპირობა. ახლა კი, როდესაც ზავი დადებულია და მძიმე მოლოდინიც აღარ არსებობს, ეკონომისტი გიორგი ცუცუქირიძე აცხადებს, რომ ნავთობის ფასმა შესაძლოა, კიდევ დაიკლოს.
"ნავთობის ღირებულებასთან დაკავშირებით არსებობდა სხვადასხვა მოლოდინი, იმის მიხედვით, გაგრძელდებოდა თუ არა დაძაბულობა და სამხედრო დაპირისპირება ისრაელ-ირანს შორის. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ ომი გახანგრძლივდებოდა, მაშინ დამატებით კიდევ აისახებოდა ნავთობის ფასზე, რადგან ირანმა განაცხადა კიდეც, რომ აპირებდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, საიდანაც ძირითადად ხდება ნავთობპროდუქტების ტრანზიტი. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების მიღებას სერიოზული გავლენა შეიძლება მოეხდინა.
ბოლო დღეებში ძალიან ბევრი მცურავი სატვირთო გემი, რომლითაც გადაჰქონდათ ნავთობპროდუქტები, უკვე იცვლიდა გეზს ალტერნატიული მარშრუტების მიმართულებით, სადაც იგულისხმება სამხეთ აფრიკის ხაზი. ეს მიმართულება გაცილებით ძვირი ჯდება, რადგან, საშუალოდ, 10-14 დღით შეიძლება გაჭიანურდეს მიწოდება.
ამის გარდა, ირანული სრუტის ბლოკირება აუცილებლად გამოიწვევდა ნავთობის გაძვირებას, რადგან ირანი ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელია საერთაშორისო ბაზრებზე. სხვათა შორის, ტრამპის მიმართვა იყო ძალიან საინტერესო ნავთობდილერების მიმართ, რომ მათ ხელოვნურად არ გაეძვირებინათ ნავთობი.
პროცესებს მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რა თქმა უნდა ეს არ არის კონფლიქტის დასასრული, რადგან დაზავება ჯერ ცეცლის შეწყვეტით იწყება და შემდეგ იმართება ხოლმე მოლაპარაკებები.
მინდა გითხართ, რომ მაშინაც კი, სანამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდებოდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი ნახტომისებურად არ გაძვირებულა. მართალია, ფასი მაღლა წავიდა, მაგრამ ამას არ ჰქონია აჟიოტაჟური სახე.
ახლა ნავთობი იაფდება და ტენდენციაც აქეთკენ იქნება მიმართული, რადგან შავი ოქროს ღირებულება კონფლიქტამდე ისედაც შემცირებისკენ იყო მიმართული. ასე რომ, რაიმე პროგნოზი თუ შეიძლება გაკეთდეს, ეს არის, რომ ბირჟებზე იქნება სტაბილურობა და ნავთობი შეიძლება კიდევ გაიაფდეს”, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს”.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა. საპასუხოდ ირანმა ებრაული ქალაქების დაბომბვა დაიწყო. 11 დღის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, რომელსაც დონალდ ტრამპმა მაშინვე დაუჭირა მხარი.