რეზონანსი
24.06.2025

 თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიამ კითხვებს თავი აარიდა და საქართველოდან ამ მოტივით წავიდა. იმ შემთხვევაში თუ ექსპრემიერი გახარია საკანონმდებლო ორგანოში არც 2 ივლისს გამოცხადდება, საქმე პროკურატურას გადაეცემა.

ქვეყნიდან გახარიას გაქცევის ფაქტს უარყოფენ ექსპრემიერის პარტიაში. გიორგი გახარიას გუნდში დღესაც ამტკიცებენ, რომ მათი ლიდერი საზღვარგარეთ საქმიან შეხვედრებს მართავს.

გახარიას გუნდში უარყოფენ, თუმცა საგამოძიებო კომისიის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ექსპრემიერი გაიქცა, მიზეზი კი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დასმული კითხვებია. მათი თქმით, გახარიას პასუხები არ აქვს.

კითხვებისგან თავის არიდებას გამორიცხავს გიორგი გახარიას გუნდის კიდევ ერთი წევრი. სხვებთან ერთად ბერდია სიჭინავაც ამტკიცებს, რომ მისი ლიდერი საზღვარგარეთ საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს მედიასთან პირველი კომენტარი ახლად არჩეულმა გენერალურმა პროკურორმა გააკეთა. გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ყველა პირი, ვისაც ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან რაიმე კავშირი აქვს გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის გიორგი გახარიაც. დამატებითი განმარტებების მოლოდინშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

საბოტაჟი, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს დღეს ჩორჩანას მაცხოვრებლები პასუხობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×