
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით, 27 ივნისამდე, განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მკვეთრად ზღუდავს მედიის შესაძლებლობებს სასამართლო პროცესების გაშუქებისას - სასამართლოს შენობაში, დარბაზში და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა მხოლოდ მოსამართლის ნებართვით იქნება დაშვებული. სახალხო დამცველი კანონპროექტს უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში 2007-2013 წლებში მოქმედ ჩაკეტილ სასამართლო სისტემას აბრუნებს, როდესაც პროცესების საჯაროობა სერიოზულად შეზღუდული იყო.
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიურომ 23 ივნისს დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში და ეზოში ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, როდესაც გადაღებას თავად სასამართლო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს უფლება ექნება გაავრცელოს სასამართლო პროცესის ფოტო და ვიდეომასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. რაც შეეხება ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ის მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვება.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლო პროცესის ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერა შეზღუდვების გარეშე განეხორციელებინა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახურული იყო. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაღების უფლებით არ სარგებლობდა, აღნიშნული შესაძლებლობა სხვა მაუწყებლებსაც ჰქონდათ, მოსამართლის წინასწარი წერილობითი ნებართვით.
საინტერესოა, რომ 2007-2013 წლებში საქართველოში მოქმედებდა ანალოგიური რეგულაცია - სასამართლო დარბაზებში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია აკრძალული იყო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ეტაპობრივად დაიწყო პროცესების გახსნისკენ მიმართული ნაბიჯები, თუმცა ახალი კანონპროექტით მედიისთვის ისევ მკაცრი შეზღუდვები წესდება.
სხვა ცვლილებები
ცვლილებები ეხება სასამართლო სისტემაში მოქმედ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსაც - მისი გაუქმება პირველი სექტემბრიდან არის დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი შეითავსებს.
გარდა ამისა, კანონპროექტით ფართოვდება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი - სამოსამართლო მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ეს ცვლილება მოსამართლეების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გააძლიერებს.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან „ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" წარმომადგენლები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
არგუმენტები და კონტრარგუმენტები
„ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მედია თვისუფლება ყველა უწყებაში შეუზღუდავი შესვლით არ გამოიხატება.
„მედია თავისუფლება იმით არ განისაზღვრება, რომ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ყველგან, ყველა უწყებაში შესვლა და ყველა პროცესის გაშუქება. პირდაპირ გეუბნებით - არც პარლამენტში ვემხრობი, როდესაც ჟურნალისტი კორიდორებში დასდევს დეპუტატებს, კაბინეტებში ეჭრება და ა.შ..
„ვნახეთ, სასამართლოს ეზოები რისთვის გამოიყენეს - დაპირისპირების ცენტრი, აქციების ადგილი გახადეს. გადახედეთ სოციალურ ქსელს - „შევიკრიბოთ სასამართლოს ეზოში". რას ნიშნავს ეს? დამისახელეთ ქვეყნის მაგალითი, სადაც სასამართლო შენობის წინ დაანონსდა აქცია, დაიწყო დროშების ფრიალი, დაპირისპირება და ა.შ. როდესაც ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა იციან, რომ იქ მედია საშუალება იქნება, ამას ამიტომ აკეთებდნენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კი პარლამენტს მოუწოდებს, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით არ ჩატარდეს.
„ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს... ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში", - ნათქვამია ომბუცმენის განცხადებაში.
რას გამოიწვევს ძველი შეზღუდვების დაბრუნება
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ვიდეო და ფოტო ტრანსლაციებს ზღუდავს, კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და გაართულებს ისეთი სასამართლოს ფორმირებას, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხედავდეს, რა ხდება სასამართლოში, რამდენად კანონის შესაბამისად მოქმედებენ სასამართლო პროცესის მონაწილეები. აკრძალვები, რომლის შემოღებასაც აპირებენ (და ალბათ მიიღებენ კიდეც), ეს არის დაბრუნება იმ სისტემაზე, როცა სასამართლო პრაქტიკულად მთლიანად დაკეტილი ხდება საზოგადოებისთვის. ეს კიდევ უფრო გაართულებს ისეთი სასამართლოს ქონას, რომელიც უნდა იყოს დემოკრატიაში", - განაცხადა ხმალაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ახალი კანონპროექტის ინიცირებას პოზიტიურად უყურებს. აღნიშნავს, რომ „ოცნებას" აღნიშნული ცვლილებები ბევრად ადრეც უნდა დაეწყო.
„მოცემული რეალობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ" დასავლური დემოკრატიული კანონმდებლობის ქვეყანაში აღსრულებისთვის ცოტა დააგვიანა. გასაგებია, რომ ამას ხსნიან დასავლეთიდან ზეწოლით, მაგრამ ეს ადრეც უნდა აღსრულებულიყო. არ შეიძლება სასამართლოში ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების სამარცხვინო შოუების მოწყობა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს დასავლური მედიიდან, რომ ტრამპის ან თუნდაც ვინმე სხვა ცნობილი პირის სასამართლო პროცესები ვიზუალურად არ შუქდება - მხოლოდ საწყისი კადრები და შემდეგ პროფესიონალი მხატვრები სხედან და მათ იმიჯებს აცნობენ საზოგადოებას. ეს ახლა უნდა დაამკვიდროს „ოცნებამ", თუმცა ხაზგასმით ვიმეორებ - ძალიან დაგვიანებულად", - განაცხადა აბაშიძემ.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - რა იქნება საჯარო ინტერესის ქეისი და რა არა, ეს მოსამართლეებზე იქნება დამოკიდებული. აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე და ინსტრუქცია იქნება საჭირო.
„მაგალითად, შესაძლოა ვიღაც ოპოზიციონერი კონკრეტულ ჯგუფს ძალიან აინტერესებდეს, თუმცა ეს ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო სულაც არ იყოს. არ მინდა, რომ ეს საკითხი წნეხად გადაიქცეს მოსამართლეებისთვის. ამიტომ აქ საჭიროა მეტი სიცხადე და ნათელი ინსტრუქციები", - განაცხადა აბაშიძემ.
ნაბიჯი წინ, თუ ნაბიჯი უკან
ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას 2013 წლამდე პერიოდს იხსენებს, როცა აღნიშნული რეგულაცია მოქმედებდა:
„ასეთი წნეხი იყო 2013 წლამდე. ცოტათი ნაკლებად შემზღუდავი იყო, თუმცა კრძალავდა სასამართლოში ვიდეო გადაღებას, ფოტო გადაღებას, მხოლოდ ჩანაწერების გაკეთება შეიძლებოდა და ამან ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. ფაქტობრივად, საზოგადოება ვერ ეცნობოდა იმ მტკიცებულებებს, იმ ფაქტებს, რომლითაც დასტურდებოდა სასამართლოში მთელი რიგი დარღვევები."
კითხვაზე, რატომ იმეორებს „ოცნება" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს, ხმალაძე გვპასუხობს, რომ ეს არის პირდაპირი გზა ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისკენ:
„ამ ხელისუფლებამ ბევრად გადაასწრო წინა ხელისუფლების პერიოდს. მხედველობაში მაქვს 2013 წლამდე რაც იყო - შეზღუდვების სახეობებითა და შეზღუდვების ხარისხით. ეს არის პირდაპირი გზა ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისკენ. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მდგომარეობას ბევრად გააუარესებს.
„მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ, გამოხატვის თავისუფლებასაც. შეზღუდვები, რომელიც შემოაქვთ, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებას", - განაცხადა ხმალაძემ.
ამავე კითხვაზე გია აბაშიძე გვპასუხობს, რომ ინიცირებულ ცვლილებებს უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ:
„მე ამ საკითხს უფრო ფართო კონტექსტში ვუყურებ. შემთხვევით არ მიხსენებია დასავლური პრაქტიკა და ნოუ-ჰაუ, რომელიც არაერთ სფეროშია გათვალისწინებული. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მანამდე ხელფეხი შეკრული ჰქონდათ დასავლეთიდან დამუნათების შიშის გამო, მაგრამ როგორც სასამართლოებზე, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში, ისევე როგორც მედიასა თუ არასამთავრობოებზე, საჭიროა ის რეგულაციები, რაც დასავლეთში მოქმედებს. ეს არის დასავლური სტილი, რომელსაც ითვალისწინებს „ოცნება", ოღონდ დაგვიანებით - გასაგები მიზეზების გამო", - განაცხადა აბაშიძემ.