ნატალია ჯვარიძე
25.06.2025

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ოთხშაბათის სხდომაზე კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის გვარმა გაიჟღერა, რაც ნიშნავს, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, ისინიც დაიბარონ კომისიაზე. ბოლო რამდენიმე კვირის პრაქტიკიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არაა ისინიც პატიმრობაში აღმოჩდნენ. რამდენად შორს აპირებენ წასვლას ამ მიმართულებით კომისია და მისი ხელმძღვანელი თეა წულუკიანი, ამაზე ანალიტიკოსებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წულუკიანმა კიდევ ერთი თვით - 5 აგვისტომდე მოითხოვა კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება და პარლამენტი ამ საკითხს ახლო მომავალში განიხილავს.

25 ივნისს წულუკიანის კომისიაზე „ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ ის აქტიური ოპოზიციონერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ ეღიარებინა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ასამბლეის ამ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი ასევე ახსენა ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ვინ დაასახელეს წულუკიანის კომისიაზე

„ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე წულუკიანის კომისიაზე ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, სტრასბურგში ეკონტაქტებოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული.

გივი მიქანაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის კონტექსტში დაფიქსირება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის დელეგაციას მოუწია სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დელეგაციაში მონაწილეობის მისაღებად კი, როგორც მიქანაძე აცხადებს, „როგორც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების, კონკრეტული პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების" უპრეცედენტო მობილიზება იყო.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ასამბლეაზე მიწვეულები იყვნენ სტუმრის სტატუსით. ისინი, მიქანაძის ცნით, რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ და, როგორც ჩანს, მანამდე კომუნიკაცია ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის „ალდესთან" და „ევროპის სახალხო პარტიასთან".

„პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ (ევროპის) პოლიტიკურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ონიანი.

„ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ძირითადში ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა, რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.

„ამასთან, მათი მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და ეს დასტურდება იმითაც, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი", - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე ცნობით, ქართული დელეგაციის წევრებს კულუარულადაც და პირდაპირი კონტაქტის საფუძველზეც ეუბნებოდნენ, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იდგა განსახილველად - რომ არ ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი ახალი დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი.

„ჩვენ ვხედავდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დავასახელე, აქტიურობდნენ ამ კონტექსტში და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. განსაკუთრებით ეს პოზიციონირება გამოიკვეთა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომლის წევრიც არც მე და არც დელეგაციის ხელმძღვანელი არ ვიყავით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი საქართველოს ეხებოდა, დელეგაციამ მიიღო მოწვევა და დელეგაციის ხელმძღვანელი დაესწრო ამ კომიტეტის სხდომას.

„აღმოჩნდა, რომ რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, ამავე სხდომაზე მიწვეული იქნა თინა ბოკუჩავაც. დელეგაციის ხელმძღვანელს საშუალება ჰქონდა ჩვენი დელეგაციის პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა, ამავდროულად, მან მოისმინა ის სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც თინა ბოკუჩავამ გაჟღერა. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება და რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტოა ასამბელეისთვის უდიდესი შეურაცხყოფა იქნება, თუნდაც დათქმით რომ ცნოს საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის უფლებამოსილება", - განაცხადა გივი მიქაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოიყენეს, „როგორც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტი".

„არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორზე, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო მარტო ერთადერთი ლეგიტიმური.

„ყველა ეს კამპანია, რეალურად, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როდესაც შენ არ აღიარებ ცესკოს, სასამართლოს, პარლამენტს და მერე ამბობ, რომ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ, არალოგიკურია. თუ გინდა, ქართველმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ, პატივი უნდა სცე ამ ქართველი ხალხის არჩევანს და პატივი უნდა სცე იმ შედეგს, რაც არის ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აქ ხდება გაყოფა, ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი. ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა, მცდელობები ამისა არის ძალიან დიდი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რა მიზანი აქვს „ოცნებას"

ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნებოს" სავარაუდო მიზნებზე საუბრობს და ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს:

„მე ვფიქრობ, რომ აქ ორი მიზანი შეიძლება არსებობდეს- პირველი, რაღაცნაირად გამართლება მოუძებნონ იმას, რომ შესაძლოა საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება საბოლოოდ შეუწყვტონ და ეს ოპოზიციას და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალონ. მეორე - ეს არის ინფორმაციულ-პროპაგანდისტული, მოდით ამას დავაქრვათ კონტრპიარი, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ, საზოგადოების თვალში უცხოური გავლენის აგენტებად წარმოაჩინონ. შესაბამისად, მოხდეს ფართო საზოგადოებაში მათი სტიგმატიზაცია, როგორც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და მებრძოლი ადამიანებისა და ჯგუფების", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის გაშავებას ცდილობს, რადგან მოსალოდნელი შედეგები მათ გადააბრალონ.

„მათი დაკავება ამ მოტივით ნამდვილად არ იქნება. „ოცნების" განზრახვა ძალიან მარტივია - მას სურს პროპაგანდისტულად ეს ადამიანები დაადანაშაულოს მოსალოდნელ სანქციებში და ისრები გადაიტანოს „ოცნებიდან" ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს იმიტომ, რომ, თუ არ ვცდები ხვალ იქნება საქართველოს საკითხზე დებატები და გამორიცხული არ არის ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღონ „ოცნების" წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ წინასწარ გაანეიტრალონ მოსალოდნელი პროპაგანდისტული შედეგები.

„მოკლედ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გაშავება მიდის - რომ „ოცნება" კი არ იქცევა ცუდად, არამედ ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და გარეთ ჩვენი პარტნიორები მათ ებრძვიან. შესაბამისად, ამის შედეგი არის ის, რომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, სანქციები დაწესდეს და ა.შ.", - თქვა ვახტანგ ძაბირაძემ.

კიდევ ვის დაიბარებენ და დაიწყება თუ არა მათი სამართლებრივი დევნა

ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს.

„ვერ გეტყვით დაიბარებენ თუ არა გივი მიქანაძის მიერ დასახელებულ პირებს სხდომაზე, მაგრამ შესაძლოა არც „ოცნებას" აწყობდეს ამდენი ადამიანის ციხეში გაშვება. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რა ინფორმაციებიც მათ მიიღეს და რაც ისედაც არსებობდა, საკმაირისი იქნება იმისათვის, რომ რაღაც დასკვნები გამოიტანონ.

„თუმცა, არც მეორე ვარიანტს გამოვრიცხავ იქიდან გამომდინარე, თუ რა მწვავე ფაზაშია შესული პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოში. ფაქტობრივად, მხარეები ვა-ბანკზე მიდიან", - თქვა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოასწროს ყველაფერი მანამ, სანამ დასავლეთი სანქციებს დააწესებს და ხალხი მიხვდება, რომ ეს „ოცნების" პოლიტიკის შედეგია.

„ვერ გეტყვით, დაიბარებენ თუ არა დასახელებულ პირებს, მაგრამ ვიცი ერთი რამ - „ოცნება" გააგრძელებს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დევნას. ამიტომ უარესს შედეგებს ველოდები.

„ისინი ძალიან ჩქარობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ციხეში გამოამწყვდიოს, ან მათ წინააღმდეგ რაღაც სხვა მექანიზმები მოიგონოს. ეს უნდა გააკეთოს მანამ, სანამ ჩვენი პარტნიორები რაიმე სერიოზულ სანქციებს შემოიღებენ „ოცნების" წინააღმდეგ და სანამ ამ სანქციების სიმძიმეს იგრძნობს საქართველოს საზოგადოება, რის მერეც, როცა უკვე პერსონალურად შეეხებათ, ხალხი მიხვდება, რომ ეს არის „ოცნების" პოლიტიკის შედეგი და არა ის, ოპოზიციამ მოითხოვა თუ არა რაიმე ბრიუსელში, სტრასბურში და ა.შ. ამ ყველაფრის მოსწრება უნდათ", - განაცხადა ძაბირაძემ.

დაიბარებენ თუ არა კომისიაზე სალომე ზურაბიშვილს

ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილის კომისიაზე დაბარების ალბათობა 50/50-ზეა.

„ვერ გეტყვით იქნება თუ არა დაბარებული ზურაბიშვილი კომისიაზე, ალბათობა 50/50-ზეა. კომისიამ ისედაც მშვენივრად იცის, რომ თუ დაიბარებენ, ის კომისიაზე არ გამოცხადდება. თუ მათ სურთ ჯარიმა დააკისრონ და კიდევ ერთხელ გამოიყვანონ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, მაშინ ამას გააკეთებენ. თუმცა, ალბათ კომისიაში ფიქრობენ, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების ფონზე, რამდენად უღირთ ამდენი ოპოზიციონერის დაპატიმრება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს: „ალბათ „ოცნებას" ორივე ვარიანტი ექნება გათვლილი. თუ აწყობთ ზურაბიშვილის დაპატიმრება, დაიბარებენ, თუ არ აწყობთ არ დაიბარებენ. ვერ გეტყვით რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები".

რატომ მაინც და მაინც ადგილობრივი არჩევნების წინ

ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნულ პროცესს ადგილობრივ არჩევნებს არ უკავშირებს და აღნიშნავს, რომ წესით, „ოცნებას" უნდა აწყობდეს მასში ოპოზიციის მონაწილეობა.

„ადგილობრივი არჩევნები უბრალოდ ამ პროცესს დაემთხვა. თუმცა თუ რაღაც კონსპირაციულ თეორიას მივყვებით, შესაძლოა ეს იმისთვის კეთდება, რომ ოპოზიციას უფრო მეტი საფუძველი ჰქონდეს, რათა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს - ანუ, ჩვენი ლიდერები ციხეში არიან და როგორ შეიძლება ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთო.

„მე ბოლო დრომდე მაინც მეგონა, რომ, საერთაშორისო ასპექტის გათვალისწინებითა და არჩევნების მეტი ლეგიტიმაციის მინიჭების კუთხით, „ოცნება" დაინტერესებული იქნებოდა, რომ მინიმუმ ორ ბარიერგადალახულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა ბარიერგადალახული რომელიმე პარტიაო", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნება" ცდილობს ოპოზიცია აიძულოს ბოიკოტზე წავიდეს და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადგილობრივ არჩევნებთან არის კავშირში. ახლა ცდილობენ ლიდერები მოაშორონ და ოპოზიციას აიძულებენ ბოიკოტზე წავიდნენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×