ნატალია ჯვარიძე
25.06.2025

სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის უკანაც „კრიმინალურ ოლიგარქიული სასულიერო წრეები" იდგნენ. ერევანში ჩხრეკები და დაკავებები მიმდინარეობს. დაკავებულია არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ორგანიზაცია „წმინდა ბრძოლას" ედგა სათავეში. გამოძიების ცნობით, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვას.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს გავლენიანი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელსაც სომხურის გარდა რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სომხეთში მიმდინარე პროცესებს ფაშინიანის ხელისუფლების მიერ რუსეთისგან დისტანცირების პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.

„ის დაპირისპირება, რაც სომხურ საზოგადოებაშია, იმ პოლიტიკის გამოძახილია, რასაც ჰქვია რუსეთისგან დისტანცირება. საქართველოზე ეს ვერ აისახება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ფაშიანიანი ხელისუფლებას შეინარჩუნებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი პრესრელიზში წერს, რომ მოძრაობამ „წმინდა ბრძოლა" რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაკანონიერი გზით და მიზნად დაისახა ამის მიღწევა კონსტიტუციურად დაუშვებელი მეთოდებით.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაშალეს „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების" მასშტაბური და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას", - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.

25 ივნისს დილიდან უსაფრთხოების ძალები ჩხრეკენ მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" წევრებისა და მხარდამჭერების სახლებს. წინასწარი ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა 90-მდე ობიექტზე, რის შედეგადაც კიდევ 14 ადამიანი დააპატიმრეს. მათ შორის არიან ყოფილი პოლიციელები, თადარიგშ მყოფი მაღალი რანგის ოფიცრები და ოპოზიციური პარტია „დაშნაკცუტიუნის" წევრები.

„რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების თქმით, არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა „ჯგუფებისთვის შეიძინა ტერორისტული თავდასხმების ჩასატარებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები, ასევე განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითაც ემზადებოდა ძალაუფლების უზურპაციისთვის".

გუშინ სომხური გამოცემა „სივიკი" კი ირწმუნებოდა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ გადატრიალების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი ცნობით, ეს დოკუმენტი მათ „ოპოზიციიდან სანდო წყარომ მიაწოდა დამასში გაწერილია მოქმედებების ეტაპობრივი გეგმა, მონაწილეთა სია, შეთქმულების მონაწილეთა განკარგულებაში არსებული რესურსების ჩამონათვალი. ამ პუბლიკაციის ბმული ნიკოლ ფაშინიანმა მოგვიანებით თავის „ფეისბუქ" გვერდზეც გამოაქვეყნა.

გამოძიების ოფიციალური ცნობით, შეთქმულებს შექმნილი ჰქონდათ 200-დან 250-მდე დამრტყმელი ჯგუფი, თითო საშუალოდ 25 კაცის შემადგენლობით. ეს ჯგუფები ძირითადად ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროებისაგან შედგებოდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ამ ჯგუფებს უნდა მოწყოთ ხანძრები, ავტოკატასრტოფების ინსცენირება, აფეთქებები და ა.შ.

მანამდე, 17 ივნისს, ერევანში სომეხმა სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამრეწველო-საშენებელი ჰოლდინგ „ტაშირის" ხელმძღვანელის, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის სახლში. იგი ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას სომხეთის სამოციქულო ეკლესიისადმი და აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. კარაპეტიანს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებაში ედება ბრალი.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრსა და სომხური ეკლესიის მეთაურს შორის კონფლიქტი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.

მამუკა არეშიძის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი სომხეთში ხელისუფლების შეცვლას ცდილობს.

„საქართველოზე ეს ვერ აისახება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ფაშიანიანი ხელისუფლებას შეინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდება სომხეთში, შემიძლია გითხრათ, რომ იქ არის ასეთი ვერსია - რუსები ცდილობენ ფაშიანიანის ხელისუფლება შეცვალონ და დააბრუნონ მათთან ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ელიტა, რომელიც მანამდე იყო. ამას ეკლესიის ხელით აკეთებენ, თან მოსკოვიდან გავლენიან ბიზნესმენებს ახმარენ.

„კარაპეტიანი, რომელიც ახლა დააპატიმრეს, ერთ-ერთი ცნობილი სომეხი ბიზნესმენია. „ფორბსის" შეფასებით, მას დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ქონება აქვს და სომხეთში საკმაოდ დიდი გავლენიით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მისი ჩასვლა და აქტიურობა გარკვეულწილად შემთხვევითი არ იყო. ის დაპირისპირება, რაც სომხურ საზოგადოებაშია, იმ პოლიტიკის გამოძახილია, რასაც ჰქვია რუსეთისგან დისტანცირება", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×