"ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში"
ნატალია ჯვარიძე
26.06.2025

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური პროცესისთვის ონლაინ პლატფორმა უნდა შეიქმნას, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას". იმედი აქვს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ამ პლატფორმაზე დარეგისტრირდება, ხოლო მათ, ვინც ამას არ იზამს, მონებად შერაცხავს.

მისი თქმით, ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - "დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში".

ფიქრობს, რომ, როცა რეჟიმში „ბზარზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება".

ამასთან, მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში: "როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია".

ჯაფარიძე ვრცელ წერილში საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზე, დაკავებულ ოპოზიციონერ კოლეგებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის აუცილებლობაზე.

„ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.

დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.

ნუ შვრებით მაგას. არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.

საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.

ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.

ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.

ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა...., ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.

რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.

ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.

ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.

როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.

ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.

თუ ამას არ შვები, მონა ხარ", - წერს ჯაფარიძე.

ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის აზრით, ამ პლატფორმის შექმნას ერთი დადებითი ის აქვს, რომ „გამოაშკარავდებიან, ვინ არიან ჯაფარიძის მემკვიდრეები".

„ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს სხვა ბევრ სიკეთეებთან ერთად უზნეო ადამიანია. კაცი, რომელიც იტყვის, სხეული მე მეკუთვნის და რასაც მინდა ვიზამო, მე მისი ლაპარაკი პოლიტიკაზე ამაზრზენად მიმაჩნია და ვისაც მასეთებს მხარს უჭერს, ზუსტად ისეთია, როგორიც გირჩი-ჯაფარიძე. ამ სიტყვების მერე სინდისი და ნამუსი რომ შერჩენილი ჰქონოდეს, საერთოდ პოლიტიკისკენ არ გაიხედავდა. თუმცა საქმე იმაშია, რომ მის უცხოელ პატრონებს ზუსტად ასეთი სჭირდებათ. ამიტომ რა პლატფორმაზეა საუბარი საერთოდ. თუმცა ეს კარგი იქნება იმ კუთხით, რომ გამოაშკარავდებიან, ვინ არიან ჯაფარიძეს მემკვიდრეები პირდაპირი ასპექტით, რომელზეც ახლა ლაპარაკი მქონდა",- უთხრა გვენეტაძემ „რეზონანსს".

პოლიტოლოგიის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ: „შესაძლოა ონალაინ პლატფორმა პერსპექტიული იყოს, მაგრამ ეს ერთ-ერთი გზაა ბრძოლისთვის. კი ბატონო, სოციალურ ქსელში აქტიურობა საჭიროა და ამას პლუს დემონსტრაციები. ასევე ის, რომ დასავლეთი საბოლოოდ მივიდეს სანქციების დაწესების აუცილებლობის აზრამდე. ზურაბ ჯაფარიძის იდეა კარგია და ეს ბრძოლას კიდევ უფრო დაეხმარება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×