
ექსპრემიერი გიორგი გახარია კვლავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, მისი გუნდის სადეპუტატო მომავალი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - 30 ივნისს საპროცედურო კომიტეტი პარტიის 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოჩენა ისევ გაურკვეველია. მისი გუნდის წევრები საზოგადოებას კონკრეტულ პასუხს არ აძლევენ, ოპოზიციის ნაწილი ექსპრემიერს დაბრუნებას არ ურჩევს, მმართველი გუნდს კი მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართული აქვს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტის მხრიდან გახარიას 12-ივე დეპუტატი შემოწმდება.
„დღემდე არსებული ინფორმაციით, მათი მხრიდან სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, თუმცა საკითხი კომიტეტის მიერ გადამოწმდება. კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირის შემოწმება მოხდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა. დასკვნა იმის მიხედვით მომზადდება, რა მოკვლევის შედეგებიც გვექნება",
ამ ყველაფერზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში მიიღებს.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" მე-9 მოწვევის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ხაზგასასმელია, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებს. გარდა ამისა, „საქართველოსთვის" დეპუტატებს, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერიათ და არც საარჩევნო სია გაუუქმებიათ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია 23 ივნისს, 12:00 საათზე, ჩორჩანას საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფება. 24 ივნისს კი ექსპრემიერმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მდივანთან გადაღებული ფოტო გაავრცელა.
საგამოძიებო კომისიამ გახარიას დასაკითხად გამოცხადების ვადა 2 ივლისამდე გადაავადა. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, ეს გახარიასთვის „ბოლო ვადაა".
დაბრუნდება თუ არა
გაიქცა თუ არა გიორგი გახარია - ეს კითხვა ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად განიხილება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარიამ საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს.
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გახარიას შესაძლოა 20-წლიანი პატიმრობაც კი მიუსაჯონ, ამიტომ ის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
„ხვალ შეიძლება გიორგი გახარია ბაჩიაშვილივით საიდანმე მოიპარონ, ჩამოიყვანონ, გვითხრან, მწვანე დერეფანში სეირნობდაო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მე ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა დაბრუნდეს. სრულად ცალსახაა, გახარია არის ბიძინას მიერ დანახული მთავარი მტერი. თუ ვინმეს გამწარება უნდა დღეს ბიძინას, ეს არის გიორგი გახარია. ამას თავისი მიზეზი აქვს - დღევანდელ ქართულ ოპოზიციაში მყოფთა შორის, გიორგი გახარია არის ერთადერთი, რომლის მიმართაც ბიძინას აქვს განცდა, რომ მან გააჩინა ის პოლიტიკურად და რომ ვალში უნდა იყოს გახარია მასთან თავიდან ბოლომდე, ამიტომ ასეთ რაღაცებს არ პატიობს. თუ ვინმე არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე (რუსულ ციხეებში რაც ემართებოდათ პუტინისგან, ისეთი საფრთხის წინაშე), ეს არის გიორგი გახარია", - აღნიშნა ხიდაშელმა.
გამოცხადდება თუ არა 2 ივლისს კომისიის სხდომაზე, ამ კითხვაზე მისი გუნდის წევრები პასუხისგან თავს იკავებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამაზე პასუხი უშიშროების სამსახურმა უნდა გასცეს.
„2 ივლისს გიორგი გახარია სავარაუდოდ თბილისში არ იქნება. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვამბობ, სავარაუდოდ. გიორგი გახარია ითხოვს, გამოკითხონ და კითხვები დისტანციურად დაუსვან. გიორგი გახარია ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზე თავი იმტვრიოს სუს-მა და პროკურატურამ - ეს არის ჩემი პასუხი. ამ რეჟიმს არავინ შეეგუება, ამ რეჟიმთან ყველა იბრძოლებს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ექსპრემიერის კიდევ ერთი თანაპარტიელის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, გახარიას ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და მინიმუმ 3 კვირას გასტანს. თუმცა, კითხვაზე, ჩამოვა თუ არა გახარია სამი კვირის შემდეგ, კონკრეტულ პასუხს არც ის იძლევა.
„გახარიას ვიზიტი ძალიან ადრე იყო დაგეგმილი, მინიმუმ 3-კვირიანი ვიზიტია. გახარიას გამოცდილებიდან გამომდინარე, მან იცოდა, რომ კომისიის დებულება მას დისტანციურად ჩართვის უფლებას აძლევდა, გეგმავდა დისტანციურად ჩართვას. გახარიას ამ საკითხში დასამალი არაფერი აქვს. თუ სხვა პოლიტიკოსებს აქვთ 7-8 თვიანი პატიმრობა, გახარიას უკერავენ საქმეს, რომელიც ითვალისწინებს 15-წლიანს. ყველა სასჯელი სასჯელია, თუმცა აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა შარაშიძემ ტვ "პირველის" ეთერში.
მმართველ გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ გახარია ქვეყანაში დაბრუნდება.
„ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე და გააკეთებს განმარტებებს. მისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი კითხვაა, ეჭვი, ბუნდოვანება და საჭიროა განმარტებები გააკეთოს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომდარემ.
რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე
თეა წულუკიანის თქმით, გახარიას არა მხოლოდ ჩორჩანას საქმის, არამედ 2012-2025 წლებში საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებაც დაუსვამენ კითხვებს.
„გახარიას მოსვლა ჩვენთვის საინტერესოა. ასევე, ჩვენ მასთან გვაქვს 2012-2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ, საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ 2 ივლისს გიორგი გახარია გამოცხადდება, იმიტომ, რომ რატომღაც მგონია, მას სხვებისგან განსხვავებით ესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია სამართლებრივთან ერთად და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა - ფაქტი, რომ არ ცხადდები საგამოძიებო კომისიის წინაშე - მოცემული პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. ისევე როგორც, აქ არ ჯდომა ნიშნავს პოლიტიკურ გარდაცვალებას", - განაცხადა წულუკიანმა.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ 25 ივნისს კომისიამ დაკავებულ ოპოზიციონერებს - ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს - ხელახლა გაუგზავნა მოწვევა დისტანციურად გამოსაკითხად.
„ჩვენ სამივე მათგანს - ბატონ ნიკა გვარამიას, ბატონ მამუკა ხაზარაძეს და ბატონ გიორგი ვაშაძეს - ხელახლა ვუგზავნით დღეს შეტყობინებებს. ხელახლა იმიტომ, რომ თავისუფლებაზე ყოფნისას მათთან მიმართებით შეტყობინების პროცედურა იყო. თუ მანამდე ვთავაზობდით ფიზიკურად გამოცხადებას, დღეს ჩართვას შევთავაზებთ.
არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათს უკვე ახალი საქმეები გადაიგზავნოს გამოუცხადებლობის შესახებ საქართველოს პროკურატურაში, თუმცა, აქ იცით, რომ შეკრებითობის პრინციპი არ მოქმედებს და სასჯელები შთანთქმის პრინციპით ითვლება, თუმცა არსებობს განმეორებითი დანაშაულის ცნება, რომელსაც მოსამართლე მხედველობაში იღებს", - განაცხადა წულუკიანმა.