„თუ ნებაყოფლობით არ წავა, სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს"
ნატალია ჯვარიძე
26.06.2025

სომხეთში დაძაბულობა გრძელდება. ტერაქტების და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 16 პირი. პრემიერ-მინისტრი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ „თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს".

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების გეგმა აღკვეთეს.

„სამართალდამცველებმა „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების" მასშტაბური გეგმა აღკვეთეს, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშიანინის თქმით: „რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც დაარღვია ღვთისმოსაობის აღთქმა და უღალატა იესო ქრისტეს, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, დედასაყდრის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს", - წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანისა და სომხეთის პატრიარქის, გარეგინის შეხვედრას და აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს დამანგრეველი ჭირი ეკლესიის დამანგრეველ ჭირს შეხვდა".

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა აღკვეთეს დანაშაული, რომელიც მიმართული იყო სომხეთის სახელმწიფოებრიობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

„აღკვეთილია ამ გეგმის შესრულება. მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინოს სამართალდამცავები, რომლებიც ამ საქმეზე აქტიურად მუშაობდნენ. მისივე თქმით, საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთანაც განიხილა.

სასამართლომ, საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობის საფუძველზე, 16 პირი დააპატიმრა ტერაქტების და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით. მათ შორის არიან ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" წევრები და სხვა ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც მოსკოვი ლოიალურადაა განწყობილი.

გამოძიების კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" და მისი ლიდერის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას (რომელიც 26 ივნისს დააკავეს ორი თვის ვადით, ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ბრალდებით), "აღმოჩენილია აალებადი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენებოდა ქუჩაში ელექტრომომარაგებისა და ინტერნეტის კაბელების დაზიანების მიზნით".

ოპოზიცია მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

ცნობისთვის, 25 ივნისს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ, არქიეპისკოპ ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „წმინდა ბრძოლის" ფარგლებში იგეგმებოდა ტერორისტული აქტები და მკვლელობა, რისი მიზანიც იყო ხელისუფლების უზურპაცია.

განცხადების თანახმად, მოძრაობის ფარგლებში ჩამოყალიბდა 250-მდე ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ძირითადად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. მათ მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მართვისა და სატრანსპორტო სისტემების დაბლოკვა დესტრუქციული ქმედებების საშუალებით.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კრიმინალური ჯგუფების გეგმაში შედიოდა: სატრანსპორტო კორიდორების ბლოკირება; ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გათიშვა; აფეთქებების გზით შიშის დანერგვა; კიბერთავდასხმები სახელმწიფო სისტემებზე; პოლიციის საქმიანობის შეფერხება და სახელმწიფო ხელისუფლების ჩამოშლა.

გალსტანიანის ადვოკატის სერგეი არუთინიანის შეფასებით, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დევნაა. სერგეი არუთინიანის თქმით, მთავარეპისკოპოს გალსტანიანის სახლის ჩხრეკის დროს იარაღი და საბრძოლო მასალა არ აღმოუჩენიათ.

„ვნახე საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტო, სადაც ჩანს იარაღი, გვერდით კი - მისი დოკუმენტი. აშკარაა, რომ ის ეკუთვნის ადამიანს, რომელსაც, მაგალითად, აქვს ამ იარაღის ნებართვა", - განაცხადა არუთინიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×