
იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ერთ ნაწილს „ოცნების" ხელისუფლების დელეგიტიმაცია და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩაშლა აქვს მიზნად დასახული, მეორე ნაწილი არჩევნებისთვის ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარშემო დარაზმვას და თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად მის წარდგენას ფიქრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, იმის შანსი, რომ ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდეს, 50/50-ზეა. რაც შეეხება მის შანსებს მმართველი პარტიის სავარაუდო კანდიდატის, მოქმედი მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, მათივე შეფასებით, ის არც ისე მაღალია.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრისა და „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია უნდა დაირაზმოს სალომე ზურაბიშვილის გარშემო, რადგან ზურაბიშვილი „მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა".
„დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და დავირაზმოთ სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ნუ გვეშინია ამის თქმის, ამოვღერღოთ. მერობის ცუდი კანდიდატი არ იქნებოდა. დიდი ხანია არ მქონია კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილთან. იმედი მაქვს, მალე ოპოზიცია შევიკრიბებით და საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. არ მერიდება არაფრის თქმის, იმიტომ რომ საქართველო ძალიან მძიმე განსაცდელშია", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ აზრზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ის შერიგების ხელს უწვდის პოლიტიკურ ოპონენტებს.
„ყველას ვუწვდი შერიგების ხელს, ვინც პოლიტიკურად აქტიურია. მზად ვარ, რომ რაღაცები გვერდზე გადავდოთ. მე ვდგამ ამ ნაბიჯს თითოეული მათგანისკენ. მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია - ან ერთად უნდა შევიდეთ არჩევნებში, ან საერთოდ არ უნდა შევიდეთ. ვფიქრობდი, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლა სიბრიყვეა, თან ხალხი ციხეში ზის. ამ ყველაფერს ვფიქრობდი, მაგრამ ბადრისა და მამუკას დაკავება ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. მესამე დღეა რაც გადავწყვიტე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უფრო სწორია", - აღნიშნა ელისაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას ასევე ემხრობა პარტია „გახარია საქართველოსთვის". როგორც ექსპრემიერის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა, ზაზა თავაძემ განაცხადა, მისასალმებელია, თუ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახდება.
„ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმება აუცილებელია და სიცოცხლისუნარიანი ამ პროცესისთვის. თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. ეს იქნება ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი თბილისის კონტექსტში", - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ამ ეტაპზე, „ლელო - ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის" აგრძელებენ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, „ლელოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაშ არიან, ხოლო გიორგი გახარია საზღვარგარეთაა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგაც დაიწყოს.
კიდევ ორი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა კი საპირისპირო პოზიციაზეა. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარასკევს პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო და აცხადებს, რომ გადადის ბრძოლის ახალ ფორმაზე.
რადიკალური პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც". პარტიის წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ „ივანიშვილის რეჟიმის ტყუილსა და ფარსში".
„ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ცხადია - ტყუილსა და ფარსში მონაწილეობას არ ვიღებთ. ქვეყანაში დემოკრატია გაუქმებულია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები კლასიკური გაგებით აღარ არსებობენ, რადგან აღარ არსებობს რეალური არჩევნები.
„ვაგრძელებთ ბრძოლას და მათ შორის, რეგიონულ ლიდერებს ვუხსნით, რომ შემოდგომაზე დიდი საპროტესტო ტალღის ორგანიზებაა საჭირო, რაც რეალურ შედეგს მოიტანს და ქვეყანაში დემოკრატიას აღადგენს", - განაცხადა ფარულავამ.
დათანხმდება ექსპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კონკრეტული პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასეთ შეთავაზებას შეიძლება დათანხმდეს, ან არ დათანხმდეს:
„პროგნოზი ჩემთვის ძნელია. უფრო რეალისტურია ჩემთვის იმის თქმა, რომ თუ იყრის კენჭს - ვერ მოიგებს. არ არის პოპულარული მოსახლეობის ფართო წრეებში, რომ ასეთი სერიოზული არჩევნები მოიგოს. ამიტომ ოპოზიციონერების ფორმულა, რაც პრეზიდენტის გარშემო მობილიზაციას გულისხმობს მერობის არჩევნების მოგების სურვილით, ვფიქრობ, არარეალისტურია.
„შეიძლება დათანხმდეს, შეიძლება - არა. შეიძლება ამინდი ცუდი იყოს და დათანხმდეს, შეიძლება რაღაც ფაქტორი შემოვარდეს სივრცეში და დათანხმდეს. თუმცა, როგორც გითხარით, კონკრეტულ პროგნოზს ამ ეტაპზე ვერ ვაკეთებ."
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის აზრით, ზურაბიშვილი მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება თბილისის მერობის კანდიდატობას, თუ მას რამდენიმე ოპოზიციური პარტია წარადგენს.
„ოპოზიცია დაყოფილია. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ; მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ იგივე თბილისში რეიტინგი უფრო მაღალი აქვს ოპოზიციას (არა მარტო თბილისში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) და ამბობენ, რომ საჭიროა არჩევნების გზით „ოცნების" დამარცხება.
„მე მგონია, რომ ზურაბიშვილი იმ პირობით დათანხმდება მერობის კანდიდატობას, თუ, ვთქვათ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია წარადგენს მას. არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა, შესაძლებელია, მას გაუჭირდეს არჩევნებში გამარჯვება. თუ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ის ელექტორატი, რომელიც მხარს უჭერს იმ პარტიებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას - ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" - თუ ეს მხარდამჭერები არ მივლენ არჩევნებზე, ზურაბიშვილს გაუჭირდება გამარჯვება", -განაცხადა ჩიტაძემ.
რა შანსი აქვს ზურაბიშვილს კალაძის წინააღმდეგ
კითხვაზე, რამდენად შეძლებს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეალური კონკურენცია გაუწიოს მოქმედ მერს, კახა კალაძეს, საყვარელიძე ამბობს:
„ამის შანსები დაბალი აქვს ზურაბიშვილს. მე ვსაუბრობ ორნაირ შანსებზე, რომელიც განსასხვავებელია - მოსახლეობის პარტიული ნაწილი და მოსახლეობის უპარტიო ნაწილი.
„პარტიული ნაწილი მობილიზებული იქნება პარტიის მიერ, ეს ბუნებრივია. უპარტიო ნაწილი კი თავისი ნებით, გადაწყვეტილებით იმოქმედებს. ზურაბიშვილის მდგომარეობა ორივე მხრივ რთულია, იმიტომ, რომ პარტიული მხარდამჭერი უფრო დიდი ჰყავს „ოცნებას", რომლისთვისაც ზურაბიშვილი მიუღებელია. უპარტიო ნაწილში კი თავად ზურაბიშვილს აქვს ნაკლები რეიტინგი", - განაცხადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების მაღალი შანსი მაშინ ექნება, თუ ოპოზიციურად განწყობილი ელქტორატი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„კალაძესთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდება ზურაბიშვილს. იცით რა მხრივ? კი, (ზურაბიშვილს) უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ რეალობა ასეთია - თუ ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობის ნაწილმა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ გაუჭირდება. თუმცა, თუ ყველამ შეთანხმებით მოუწოდა, მოდით არჩევნებზე; თუნდაც „ნაცმოძრაობამ" რომ თქვას - არალეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე სჯობს მივიღოთ მონაწილეობა - ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს მეტი შანსი ექნება. თუ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა მონაწილეობაზე, ზურაბიშვილის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.
„მეორე მხრივ, კალაძეს უფრო მეტი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება შეუძლია.
„ასე რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ის ელექტორატი, რომელიც მხარს უჭერს იმ პარტიებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ზურაბიშვილის შანსები მაღალი იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.